თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია საკრებულოს წევრებს დასუფთავების ტარიფის დადგენისათვის კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა "დედაქალაქის შესახებ" და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონებში მიიღო ცვლილებები, რომელიც ძალაში პირველ ივნისს შედის. აღნიშნული ცვლილებებით გაუქმებულია ერთიანი ქვითარი და დასუფთავების მოსაკრებელი ცალკე დადგენას საჭიროებს.
გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია საკრებულოში დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით პირველ ივნისამდე არსებობდეს შეთანხმება და განისაზღვროს ტარიფის ოდენობა.
"საჭიროება გაჩნდა ცალკე განისაზღვროს დასუფთავების მოსაკრებელი. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაწესებულია ტარიფის ზედა ზღვარი 3 ლარი, თუმცა თბილისის საკრებულოს აქვს უფლებამოსილება ზედა ზღვარს ფარგლებში თავად დაადგინოს ტარიფი. ამას სჭირდება კონსულტაციები. ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამოთქვამს მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები, რომლის შედეგი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი ტარიფის დადგენა, ასევე სოციალურად დაუცველთათვის საშეღავათო პაკეტის შეთავაზება და იურიდიული პირებისათვის გადასახადის განსაზღვრა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს. თავად ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოსაზრებით კი, დასუფთავების ტარიფი 1 ლარითა და 50 თეთრით უნდა განისაზღვროს.
გაბუნიას შეფასებით, აღნიშნული ტარიფის დაწესების შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული სერვისისა და მომსახურების ხარისხი. ამასთან, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თამჯდომარე ეჭვობს, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 2 ლარი და 50 თეთრის ტარიფის დაწესებას ლობირებს.
გაბუნიას თქმით, არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სურს დასუფთავების ტარიფი 2 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვროს. მისი განმარტებით, თბილისის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლებლობა აქვს, რომ მიუღებელი ტარიფის დაწესების შემთხვევაში საკითხი ჩააგდოს. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფზე შეჯერება ვერ მოხერხდება, ზაზა გაბუნიას თქმით, შესაძლოა ძალაში შევიდეს პარლამენტის მიერ დაწესებული გადასახადი, ტარიფის ზედა ზღვარი 3 ლარი.