თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი დასუფთავების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას პასუხობს.
როგორც კოკი იონათამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, მოსახლეობა ნებისმიერ ტარიფთან მიმართებაში დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება იაფი გადაიხადოს. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა არის, რომ ერთი მხრივ, ტარიფი იყოს რაც შეიძლება დაბალი და მეორე მხრივ, სერვისი იქნას შენარჩუნებული.
"ტარიფის გაიაფებით არ უნდა მივიღოთ იმ პრობლემების გამეორება, რომელიც ქალაქს ახსოვს 5-6 წლის წინ", - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა და თბილისის მერი გიგი უგულავა ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს. იონათამიშვილის განცხადებით, ტარიფის საკითხი განიხილება საკრებულოს სხდომაზე და კომისიებშიც.
"ყველაფერს სჭირდება კონკრეტული გათვლები. მას შემდეგ რაც ქალაქის მთავრობა წარმოგვიდგენს კონკრეტულ მოდელს, უფრო დეტალურად შეგვეძლება ჩვენი დამოკიდებულების განსაზღვრა. თუ იქნება შესაძლებელი, ჩვენ, შესაძლოა 1,5 ლარზე ქვემოთაც კი შევთანხმდეთ. კონკრეტული გათვლები წარმოდგენილი იქნება თვის ბოლოს", - აღნიშნა იონათამიშვილმა და დასძინა, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ტარიფის არც ერთი მოდელის ლობირება არ მიმდინარეობს.