"ჩვენ გვსურს, ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისათვის ჩვენს ქვეყანაში"

"სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვახდენთ და გვსურს, ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ქვეყანა ცდილობს, მყარად დაიმკვიდროს ეს ადგილი.

"საქართველოს სურვილი შეუერთდეს ნატო-ს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილი არაა - ეს არის ჩვენი ეროვნული კონსენსუსის ცენტრალური ასპექტი. საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას, დასავლეთთან ურთიერთობისას ტრადიციულად აქვს იმის განცდა, რომ ის საკუთარ სახლში იმყოფება. ჩვენი ენა და კულტურა სრულიად უნიკალურია.

საქართველო ცხოვრობს ძალიან საშიშ რეგიონში, საითკენაც მომართულია ათასობით სტრატეგიული ვექტორი, ისინი ერთმანეთს კვეთენ, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, ქმნიან სხვადასხვა სახის სინერგიებსა და სტრატეგიებს. ჩვენ თანაცხოვრება ძალაუფლების მქონე მეზობლებთან გვიხდება, ჩვენ მართლაც რომ ვცხოვრობთ "განსაკუთრებულ გეოგრაფიულ" მოცემულობაში და ჩვენ მას ვერ შევცვლით.

არ არსებობს ჩვენი დილემის სამხედრო გადაწყვეტა. წინა ხელისუფლების ძალისხმევა, დაპირისპირებოდა რუსეთს, თავიდანვე განწირული იყო. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენს სამეზობლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიყოთ ძლიერნი სახლში. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დავიცვათ ღირებულებები და ჩვენი მეგობრული ურთიერთობები.

საუკუნეების მანძილზე ქართული ეკლესია იყო ის შემაკავშირებელი, რომელიც ჩვენ ერთობას უზრუნველყოფდა. ეს ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე გლობალურად ინტეგრირებულ მსოფლიოში, ჩვენი უნარი, ვისწრაფვოთ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისკენ, ჩვენი მომავალის გასაღებია. სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დასავლეთის შემადგენელი ნაწილია, ჩვენ ამ ცხოვრების წესის იდენტიფიცირებას ახლა ვხდენთ და გვსურს, ავაშენოთ მყარი საძირკველი თავისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ნატო და ევროკავშირი. არა რაიმე ტაქტიკური სვლის მოგებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს ორი ორგანიზაცია არის ჩვენი სტრატეგიული ხედვის ნაწილი.

მე წარსულზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. საქართველოს გამოცდილება, დაწყებული 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ყოველთვის წარმატებით აღსავსე არ ყოფილა, მაგრამ წარსული ბრძოლების გაგრძელებით ჩვენ ვერაფერს მოვიგებთ. 2012 წლის ოქტომბერში საქართველომ პირველად მიაღწია იმას, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა. ჩვენი ხელისუფლება უფრო და უფრო მეტს აკეთებს ოპოზიციასთან ერთად იმისათვის, რომ ეს მიღწევა შენარჩუნდეს. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის კოჰაბიტაცია, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა. რაც შეეხება ნატო-ს, აქ მხარეებს შორის ერთი აზრია. ჩვენ გვსურს, დავიმსახუროთ და გავხდეთ ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი და წევრობა ნიშნავს ვალდებულებასაც და სარგებელის მიღებასაც.

სწორედ ამიტომ ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუტორად ვრჩებით, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო შემართებით ვიმუშავებთ საერთო ინტერესების სასარგებლოდ, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობას ჩვენს რეგიონში.

ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ არ შეიძლება, შევქმნათ მყარი მომავალი იმაზე გათვლით, რომ ჩვენს სამხედრო ძალას მივმართავთ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. საქართველო ეს არის პატარა რეგიონული ძალა მეტად სახიფათო სამეზობლოში. ჩვენი თავისუფლების შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან სოლიდარობით.

და ყველაზე მთავარია: ჩვენ ვიქნებით მტკიცენი და ჩამოყალიბებულები. ჩვენ ჩამოყალიბებულნი ვართ იმ საკითხში, რომ უნდა გავათავისუფლოთ ოკუპირებული ტერიტორიები. და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად ძლიერი ქართული სამხედრო ძალების ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებული იქნება ჩვენს დემოკრატიაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობაზე", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.