აშშ-ს ეკონომიკური კვლევების ნაციონალური ბიუროს (NBER) განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი რეცესია დასრულებულია. ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 18 თვე გაგრძელდა და 2009 წლის ივლისში დასრულდა. თუმცა, რეცესიის შემდგომი აღდგენა უპრეცედენტოდ სუსტი აღმოჩნდა. ასე რომ, რეცესიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს ამერიკა კარგა ხანს ვერ დაუბრუნდება.
მართალია, ტექნიკურ რეცესიას ეკონომისტები ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობის ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირებას უწოდებენ, მაგრამ ამერიკაში ცოტათი განსხვავებული წესები აქვთ. აქ რეცესიის დაწყებისა და დასრულების შესახებ განცხადებას ეკონომიკური კვლევების ნაციონალური ბიურო აკეთებს, რომელიც სხვადასხვა პარამეტრებით ხელმძღვანელობს. მათ შორის, ეკონომიკური აქტიურობით, შიდა პროდუქტის მოცულობის დინამიკით, უძრავი ქონების ფასების ცვლილებით, შრომის ბაზარზე არსებული ვითარებით და ა.შ.
ბიუროს ანალიზის მიხედვით, აშშ-ში რეცესია 2007 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პერიოდში გლობალური კრიზისი უკვე ბობოქრობდა, თუმცა, რეალურ ეკონომიკაზე არცთუ მძაფრად აისახებოდა. მართალია, ზრდა შენელდა, მაგრამ კლებაც არ დაფიქსირებულა. მხოლოდ უმუშევრობამ დაიწყო ნელი ზრდა. შიდა პროდუქტის მოცულობის სრულფასოვანი შემცირება მხოლოდ 2008 წლის მესამე კვარტალში, საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებულ კრახამდე ოდნავ ადრე დაიწყო. სამაგიეროდ, ვარდნის დასასრული ზუსტად დაემთხვა ეკონომიკის ტექნიკურ შემცირების ბოლოს. უკანასკნელად შიდა პროდუქტის უარყოფითი ცვლილება 2009 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა.
2007-2009 წლების რეცესია სარეკორდო გახლდათ როგორც მასშტაბების, ასევე ხანგრძლივობის მიხედვით. შიდა პროდუქტის მოცულობის ვარდნამ 4 პროცენტი შეადგინა. 1973-1975 წლების რეცესიის დროს კი 3 პროცენტს ოდნავ ასცდა. ამჟამინდელი ვარდნა 18 თვე გაგრძელდა, რაც დეპრესიის ტოლფასია. 1973-1975 და 1981-1982 წლების რეცესიამ მხოლოდ 16 თვე გასტანა.
ეგზომ მნიშვნელოვანი ვარდნის მიზეზი იპოთეკურ ბაზარზე, რაც აშშ-ს ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, შექმნილი სიტუაცია გახლდათ. ახალი ათასწლეულის დასაწყისში უძრავი კაპიტალის ფასებმა ყველა რეკორდი მოხსნა. ქონება რომ შეეძინათ, ამერიკელები სულ უფრო და უფრო მეტ კრედიტს იღებდნენ. ერთხელაც იანკებმა ვალების გადახდა ვეღარ შეძლეს. შედეგად, კრიზისი დაიწყო, ბანკების აქტივები გაუფასურდა და ისინი კრახის პირას აღმოჩნდა. ხოლო ლიკვიდურობის არარსებობამ ყველა სექტორში აქტიურობის შემცირება გამოიწვია.
ეკონომიკური კვლევების ნაციონალურმა ბიურომ კი განაცხადა, რომ რეცესია ერთი წლის წინ დასრულდა, მაგრამ ამერიკის ეკონომიკა გაჯანსაღებისაგან ჯერ შორსაა. როგორც წესი, დიდ ვარდნას აღმასვლა მოჰყვება ხოლმე, მით უმეტეს, როცა ფედერალური სარეზერვო ფონდი ძირითად საპროცენტო განაკვეთს მინიმუმამდე ამცირებს. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. 2009 წლის მესამე კვარტლის შემდეგ აშშ-ს ეკონომიკა სულ რაღაც 3 პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, შიდა პროდუქტის კრიზისამდელ პერიოდამდე აღდგენაც არ მოხერხდა.
კვლავინდებურად დაბალია უძრავი ქონების ფასი, უმუშევრობა კი 9,6 პროცენტს აღწევს. კრიზისამდე ეს მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო. მთლიანობაში, ამერიკამ 8 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. პრეზიდენტ ობამას ხშირად აკრიტიკებენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ კრიზისი დაძლევისთვის გაწეული დიდძალი დანახარჯებისა, რეალური ეფექტი არ ჩანს.
რაც შეეხება დანახარჯებს. უკანასკნელად ამგვარი მასშტაბის დეფიტი აშშ-ს ბიუჯეტში მეორე მსოფლიო ომისას დაფიქსირდა. 2008 წელს ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტმა 455 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შიდა პროდუქტის მოცულობის თითქმის 3 პროცენტია. 2009 წელს კი დეფიციტმა ყველა რეკორდი მოხსნა – 1,4 ტრილიონი დოლარი, რაც შიდა პროდუქტის 10 პროცენტი გახლავთ. ამგვარი მძიმე მაჩვენებელი მხოლოდ დეფოლტის პირას მყოფ საბერძნეთს თუ აქვს.
ამერიკის სახელმწიფო ვალი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში 9-დან 13 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. თანხები ძირითადად ფინანსური და რეალური სექტორის მხარდასაჭერ პროგრამებში და უმუშევართა დახმარების ფონდების დაფინანსებაში დაიხარჯა.
ბევრი ექსპერტი ირწმუნება, რომ რეცესიის განმეორება გამორიცხული არ არის, რადგან უმუშევრობა კვლავ ძალიან მაღალ დონეზეა. კრიზისის შემდეგ შრომის ბაზარი სტაგნაციაში შევიდა და ამერიკელთა შემოსავალი არა და არ იზრდება. ყველაფერი ეს 2002-2007 წლების ეფემერული ზრდის შემდეგ ერთობ დამთრგუნველია.