„საქართველოს კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ“

„საქართველოს კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ“

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ხელისუფლება საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციებს იწყებს“.

ეს შეფასება ცაგარეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.

ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმად, როდესაც მოვალის საგადასახადო გირავნობით – იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა – იპოთეკის უფლება. 

გია ცაგარეიშვილი ამ ცვლილებას მოქალაქეებისთვის სახიფათოდ მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით „ცვლილება პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის რაიმე სახის ქონება, მასზე გავრცელებული მესამე პირების ყველა სანივთო უფლება გაუქმებას ექვემდებარება“. 

„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის და სხვა ავაზაკების სახით, ემზადება განახორციელოს საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციები ბიძინა ივანიშვილის, ან მისი რომელიმე კერძო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში არსებული რაიმე ქონების, ან სამოქალაქო უფლების მიმართ“, - შიშობს ცაგარეიშვილი.

ამასთან, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა ორშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოითხოვა და შიშობს, რომ „ხელისუფლებას რაღაც მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებული და მისი კანონად ქცევა ეჩქარება“. 

ცაგარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტით, ყველა ნოვაცია მომავალი წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ხოლო სანივთო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული ნოვაცია კი, კანონის გამოქვეყნებისთანავე. 

„მე ვკითხულობ, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთ მუხლი, რომ ის დაჩქარებულად უნდა მიიღონ და თან, გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს ძალაში“, - კითხულობს ცაგარეიშვილი. 

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ცვლილებას, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვით ხსნიან. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კანონპროექტის მიზანია, რომ თუ პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა მოვალეთა დაკმაყოფილების რიგი და უპირატესობა ისევ სახელმწიფოს ენიჭება.

კონკრეტულად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი რაიმე ქონების მიმართ რამდენიმე ვალდებულება არსებობს და ეს ქონება აუქციონზე გაიყიდება, პირველი უნდა დაკმაყოფილდეს პირველად წარმოშობილი ვალდებულება. სხვათა შორის, ეს ნორმა სულ რამდენიმე თვეა, რაც მოქმედებს. მანამდე უპირატესობა საგადასახადო დავალიანების დაფარვას ენიჭებოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კი ისიც ითქვა, რომ ხელისუფლება ბანკების გულის მოგებას ცდილობდა.

ახლა კი, ეს რიგითობა ისევ იცვლება და მნიშვნელობა პირველად წარმოშობილ ვალდებულებას კი არ ექნება, არამედ გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით მიიღება.

ამასთან, ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და ხელისუფლებას ივანიშვილთან დაკავშირებული კანონების მიღებაში ადანაშაულებს. 

„ჩვენ ხომ არ ვიცით, მას რა ქონება აქვს და ამ ქონებასთან დაკავშირებით რა ვალდებულებები გააჩნია. ხელისუფლების ასეთი სიჩქარე კი იმ ეჭვს აჩენს, რომ სწორედ მის წინააღმდეგ ხლართავენ კანონებს“, - მიაჩნია ცაგარეიშვილს.

მან აღნიშნა, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო სხვადახვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების მიღება, რომელიც ეხება საბანკო საქმიანობას, სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობის დარეგულირებას, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებების განუზომლად გაფართოებას საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის თვალსაზრისით და ა.შ. 

მისი თქმით, ყველა ამგვარი ცვლილება პარლამენტში შეტანილი, ან მიღებულია ოქტომბერში და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას. ამიტომაც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შემოტანილ კანონპროექტებს პირდაპირ ივანიშვილის სახელი დაარქვან.  

„პარლამენტში ამ ბოლო დროს შემოტანილი ინიციატივები პირდაპირ და ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობამ პირდაპირ დაიწყო სახელდებული კანონების მიღება და მე მათ ვთავაზობ, ნაცვლად სხვადასხვა კანონების დასახელებისა, როდესაც პარლამენტში შეიტანენ ახალ ინციატივებს, პირდაპირ ჩაწერონ - „საქართველოს კანონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ“. ეს მათაც გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და საზოგადოებასაც ეცოდინება, რასთან აქვს საქმე“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.