უმაღლესი საბჭოდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა

უმაღლესი საბჭოდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან გათავისუფლებული მირზა ოსანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მირზა ოსანაძე შიდა აუდიტის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მირზა ოსანაძემ განუცხადა, მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან შტატების შემცირების ნაცვლად, უმაღლეს საბჭოში შტატები გაიზარდა. ოსანაძის თქმით, უმაღლეს საბჭოს სურს ფინანსური ხარჯვის კონტროლი "მისი კადრების" ხელში იყოს, რის გამოც მოხდა მისი გათავისუფლება.

"2013 წლის 1 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თუმცა მისი ფუნქციები არ გაუქმებულა და გადაცემული იქნა თავმჯდომარის კაბინეტზე, რომელსაც დაემატი 2 საშტატო ერთეული, შიდა აუდიტორი და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის ძირითადი ამოცანები (ფუნქციები) გაიზარდა, რომელსაც 2013 წლის 1 თებერვლამდე ასრულებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი. საყურადღებო არის ის ფაქტი, რომ ჩემი განთავისუფლება განხორციელდა შტატების შემცირების საფუძველზე 2013 წლის 1 თებერვლიდან. მაშინ, როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2012 წლის 27 დეკემბრის #23 დადგენილებით მომუშავეთა რიცხოვნობა გაიზარდა 96 ერთეულიდან 100 ერთეულამდე, ხოლო 2013 წლის 29 იანვრის #28 დადგენილებით მომუშავეთა რიცხოვნობა დამატებით გაიზარდა 110 ერთეულამდე", - აღნიშნა მირზა ოსანაძემ.

ოსანაძეს მიაჩნია, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, რის გამოც სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ოსანაძე ითხოვს, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას და სამსახურში აღდგენას.

"არსებობს დიდი ეჭვი იმისთან დაკავშირებით, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო, უშუალოდ თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე გამოიყენებს ყველა ღონეს, რომ ჩემი გათავისუფლება მოიყვანოს კანონის ფარგლებში. კერძოდ, არ გამოვრიცხავ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვარის #18 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა გადაიხედოს. კერძოდ, შესაძლებელია, გაუქმდეს მათ მიერ 2013 წლის 31 იანვარს დამტკიცებული მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ჩემს წინააღმდეგ მიმართული", - აღნიშნა მირზა ოსანაძემ.

ოსანაძის სასამართლო 28 მარტს 10:00 საათზეა ჩანიშნული. უმაღლესი საბჭოს შიდა აუდიტის დეპარტამენტში მირზა ოსანაძე 2011 წლის აპრილიდან მუშაობდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლება 2013 წლის 1 თებერვლას შტატებს შემცირების გამო მოხდა.