კაკაბაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა მართლა გააღრმავა, ხოლო მოსალოდნელი პერსპექტივის მიხედვით კი ყველა შემთხვევაში დღეს არსებული და არჩევნების შემდეგ ჩარეცხილი პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს სხვა პოლიტიკური ძალები დაიკავებენ

კაკაბაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა მართლა გააღრმავა, ხოლო მოსალოდნელი პერსპექტივის მიხედვით კი ყველა შემთხვევაში დღეს არსებული და არჩევნების შემდეგ ჩარეცხილი პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს სხვა პოლიტიკური ძალები დაიკავებენ

ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებულ გაუგებრობებს და შეუთავსებლობებს გუშინ კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა,- ასე ეხმიანება  “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი” ნანა კაკაბაძე, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივას, იმ პოლიტიკოსების შეწყალებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევენბში იღებენ მონაწილეობას.

კაკაბაძის განცხადებით, დილემის წინაშე დგას ოპოზიციური სპექტრი, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისა თუ მასში მონაწილეობის მიღებით შუაზე გახლეჩილ ოპოზიციას ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს.

მისი თქმით,  “რამდენიმე კვირაში გაირკვევა, რომ ასეულობით პოლიტიკური პარტიიდან მთლიანობაში რამდენიმე ათეული მაინც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და “ნაცების” გარდა ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ყველა მათგანი „ოცნების“ სატელიტია? მანამდე კი ოპოზიცია ალბათ იმის გარკვევაში იქნება, რა უფრო შედის ხელისუფლების ინტერესებში - ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში თუ მათი ბოიკოტი”.

მისივე თქმით, ფაქტი ის არის, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივამ ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა მართლა გააღრმავა, ხოლო მოსალოდნელი პერსპექტივის მიხედვით კი ყველა შემთხვევაში დღეს არსებული და არჩევნების შემდეგ ჩარეცხილი პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს სხვა პოლიტიკური ძალები დაიკავებენ.

“დაბნეულობა ოპოზიციაში

ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებულ გაუგებრობებს და შეუთავსებლობებს გუშინ კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გამოაცხადა, ყველა იმ  პოლიტიკოსს შევიწყალებ, ვინც გამოაცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობასო.

ამაზე მთელი ოპოზიცია („მადამ პომპადურის“ თამადობით) აიჯაგრა, ვის უბედავთ, ეგღა გვაკლია, მორალურ კომპრომისზე წავიდეთ და არალეგიტიმურ ყაველაშვილს რაიმე განცხადებით მივმართოთო და პრეზიდენტის შეთავაზებაზე მსჯელობის მთელი შინაარსი მორალურ კატეგორიაში გადაიყვანეს - ნახეთ, რა შეუვალები და მაგრები ვართო.

მართალი გითხრათ, ასეთი შეთავაზება ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი და ალოგიკური იყო, რადგან თავიდანვე მომეჩვენა, რომ ამით ხდება პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების ერთმანეთში აღრევა. მე ახლაც ასე მიმაჩნია, თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლებსაც აქვთ არსებობის უფლება. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების მიხედვით, პრეზიდენტის ეს შეთავაზება კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. კერძოდ: 

პრეზიდენტის შეთავაზებაზე ოპოზიციის მოსალოდნელი რეაქცია რა თქმა უნდა, წინასწარ იყო ცნობილი და არც არავინ მოელოდა, რომ მას ვინმე დათანხმდებოდა. ამ შეთავაზებაში მთავარი იყო კიდევ უფრო მეტი დაბნეულობის და დაპირისპირების შეტანა ოპოზიციაში, რაც მიღწეული იქნა. საქმე ისაა, რომ დიდი ხანია ოპო-პარტიები და მათი მხარდამჭერები მწვავედ კამათობენ და ინტერნეტ სივრცეში ლამის ერთმანეთს ხოცავენ იმ საკითხის გასარკვევად, ოცნებას სურს თუ არა, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. 

ძველი და ახალი ნაცები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მონაწილეობას, რადგან მტკიცედ სჯერათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაღიარებულია, არჩევნების ბოიკოტი კი მას ამ არაღიარებას შეუნარჩუნებს და მასზე ზეწოლას გააძლიერებს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა „ოცნებას“ ლეგიტიმაციას შესძენს. მათი კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გააყალბებს არჩევნებს და რა შედეგსაც უნდა, იმას დაწერსო. ამ პოზიციაზე შეჯერების და საერთო-ოპოზიციური ერთობის მისაღწევად „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობაც კი დაიწყო. მართალია, ძველი და ახალი 7 მიშისტური პარტიის გარდა ელენეს სხვამ არავინ გამოუცხადა სოლიდარობა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა შიმშილობის შესაწყვეტად.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ოპოზიციონერთა არგუმენტები ის არის, რომ ბოიკოტის შემთხვევაში საქართველოში არსებული ასამდე პარტიიდან რამდენიმე ათეული მაინც მიიღებს მონაწილეობას, რის გამოც არც არჩევნები ჩაითვლება ერთპარტიულად და არც არჩეული მუნიციპალიტეტები, თანაც ადგილობრივი არჩევნების მრავალპარტიულობა ვერავის მიანიჭებს ლეგიტიმაციას. გარდა ამისა, ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლებას არავითარი გაყალბება არ დასჭირდება და ჩაატარებს სუფთა არჩევნებს, რასაც ნებისმიერი დამკვირვებელიც დაადასტურებს. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციამ ერთობლიობაში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს თბილისი მოიგო და სხვა დიდ ქალაქებშიც წარმატებას მიაღწია, მერების ერთობლივი ოპოზიციური კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში არსებობს მათი გამარჯვების რეალური პერსპექტივაო.

აი, ასეთი დილემის წინაშე დგას ოპოზიციური სპექტრი და ერთმანეთს ამუნათებენ, თქვენ ბიძინას თამაშს თამაშობთო. პრეზიდენტის წინადადებამ ხომ მთლად აურიათ გზა-კვალი. ერთნი ამბობენ, ხედავთ, როგორ უნდათ, რომ ოპოზიცია საარჩევნო მარათონში ჩაებას, მის ლიდერებს სთავაზობენ, ოღონდ ეგრე მოიქეცით და ციხიდან გათავისუფლებთო, მეორენი პასუხობენ, ეგ შემოთავაზება იმიტომ არის მზაკვრული, რათა ჩვენ სწორედ ეგრე ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას თითქოს ჩვენი მონაწილეობა უნდა, ამის საწინააღმდეგოდ მოვიქცეთ და ბოიკოტი გამოვაცხადოთ, სინამდვილეში კი ამ ბოიკოტით საარჩევნო ველის ჩვენგან გათავისულებას და ყოველგვარი გაყალბების გარეშე არჩევნების სუფთად მოგებას აპირებენო.

უდავო ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ ძალიან დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ერთპარტიულად, რადგან საქართველოში დაფიქსირებული ასამდე პარტიიდან დღეისათვის ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ძველი და ახალი მიშისტების მხოლოდ 8 პარტია, რომელთაგან „ფედერალისტების“ გარდა ყველა დღესაც სააკაშვილის სატელიტია. 

გავიხსენოთ, რომ დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ან უარი არ განუცხადებიათ შემდეგ პარტიებს: „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“, „ხალხის პარტია“ (ანა დოლიძე), „გირჩი“ (იაგო ხვიჩია), „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი), „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი), ლეიბორისტული პარტია „შალვა ნათელაშვილი), კონსერვატიულ (ზურაბ მახარაძე), მწვანეთა (გია გაჩეჩილაძე), სოციალდემოკრატიულ (გია ჟორჟოლიანი) და რეალურად არსებულ სხვა პარტიებს. 

რამდენიმე კვირაში გაირკვევა, რომ ასეულობით პოლიტიკური პარტიიდან მთლიანობაში რამდენიმე ათეული მაინც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და ნაცების გარდა ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ყველა მათგანი „ოცნების“ სატელიტია? მანამდე კი ოპოზიცია ალბათ იმის გარკვევაში იქნება, რა უფრო შედის ხელისუფლების ინტერესებში - ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში თუ მათი ბოიკოტი. თუმცა, ამ თემაზე კამათი სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება და მუდმივად იქნება მარცხის ერთმანეთზე გადაბრალება.

რითიც დავიწყე, იმით დავამთავრებ: დიდი მნიშვნელობა არა აქვს, პრეზიდენტის ამ შეთავაზებასთან დაკვშირებული ჩემი სკეპტიციზმი უფრო სწორია თუ ზემოთ მოტანილი ის ვერსია, რომ ეს კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ფაქტი ის არის, რომ ამ შეთავაზებამ ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა მართლა გააღრმავა, ხოლო მოსალოდნელი პერსპექტივის მიხედვით კი ყველა შემთხვევაში დღეს არსებული და არჩევნების შემდეგ ჩარეცხილი პოლიტიკური ოპოზიციის ადგილს სხვა პოლიტიკური ძალები დაიკავებენ”,-წერს ნანა კაკაბაძე

Gami ხაზარაძე, ჯაფარიძე - პირველი მთხოვნელები შეწყალების! "არჩევნებზე ჩვენს ამომრჩეველთან უნდა ვიყოთ ლიდერები" აი, არგუმენტიც. მერე ალბათ ვაშაძე იქნება..
5 საათის უკან
მარბიელი "იმის ადგილს სხვა დაიკავებს" სისულელეა; სხვა - ალტინფო, პ/ალიანსი ისედაც აიღებენ თავის ხმებს; მეცოცხეთა მხარდამჭერი არც გახარიას მისცემს ხმას, არც ლელოს ... ის სახლში დარჩება
ხაზარაძე და ჯაფარიძე შეწყალებაზე არ წავლენ, განა იმიტომ, რომ ზნეობრივები არიან - შეწყალება მათი პოლიტიკური ქელეხი იქნება!
5 საათის უკან