დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი განიმტკიცოს თავისი როლი, როგორც საკვანძო სატრანზიტო ტერიტორია. ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გააქტიურებაც

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი განიმტკიცოს თავისი როლი, როგორც საკვანძო სატრანზიტო ტერიტორია. ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გააქტიურებაც

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"თბილისისთვის იქმნება  შესაძლებლობა გადაიტანოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისკენ, ამავდროულად კი შეინარჩუნოს ფრთხილი ბალანსი  ევროკავშირთან ურთიერთობებში"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის დაინტერესებას თან ახლავს რეალური ნაბიჯები და ინტერესი ფინანსური მონაწილეობის სახით. 

"ჩვენი ვარაუდი სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის სპეცსამსახურების, კერძოდ და ზოგადად ლონდონის გააქტიურების თაობაზე, იძენს საკმაოდ პრაგმატულ კონტურებს. ეს ინტერესი ეხება „შუა დერეფნის“ პროექტს. ჩინეთსა და ევროპას შორის, რუსეთის გვერდის ავლით გამავალი ალტერნატიული მარშრუტის გარშემო მზარდი გეოეკონომიკური კონკურენციის პირობებში, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი განიმტკიცოს თავისი როლი, როგორც საკვანძო სატრანზიტო ტერიტორია. ამას ადასტურებს დიდი ბრიტანეთის გააქტიურებაც. ლონდონმა დაიწყო მოლაპარაკებები პროექტში ჩართვის თაობაზე და გამოთქვა მზაობა, ჩადოს ინვესტიციები ამ პროექტის ინფრასტრუქტურაში.

2025 წლის 2 ივლისს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავაჭრო წარმომადგენელმა აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში - ლორდმა ჯონ ალდერდაისმა (John Alderdice), მკაფიოდ აღნიშნა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ UK Export Finance (UKEF) განიხილავს საქართველოს პორტებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტებს. ეს არის კონკრეტული სიგნალი ლონდონის ფინანსური და პოლიტიკური დაინტერესების შესახებ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ.

ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის აქტიურობას თან ახლავს რეალური ნაბიჯები და პრაქტიკული ინტერესი რეგიონში ფინანსური მონაწილეობის სახით მაშინ, როდესაც ბრიუსელმა ჯერ დააანონსა 12 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე, შემდგომ კი ეს დანაპირები გააჩერა და ამჟამად თბილისთან კონტრპროდუქტიული პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. ამ ფონზე, თბილისსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა იმის გათვალისწინებითაც იზრდება, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მარშრუტებს თურქეთის გვერდის ავლით, ხოლო ანკარა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

ამრიგად, ლორდ ალდერდაისის ფიგურა და ბრიტანეთის საექსპორტო სააგენტოს პოზიცია ადასტურებს დიდ ბრიტანეთის მზარდ ინტერესს საქართველოს ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური როლის მიმართ. ეს ქმნის შესაძლებლობას თბილისისათვის, გადაიტანოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისკენ, ამავდროულად კი შეინარჩუნოს ფრთხილი ბალანსი  ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ ეს უკანასკნელი თავად არ ააფეთქებს ოფიციალურ თბილისთან დამაკავშირებელ უკანასკნელ ხიდებს,"- წერს დავით ქართველიშვილი.

მარბიელი იქნებ საქმეში ჩახედულმა ნამუსიანმა ხალხს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ზანგეზურის დერეფანზე;
რა პირობებით თხოულობენ აზერები იქ გავლას?
სიგრძე რამდენია და როგორია ინფრასტრუქტურა?
ეს გზა ნახჭევანის გავლით უერთდება მაღალმთიან თურქეთს და ვანის ტბას; იქ რა ხდება? არის ტვირთის გადაზიდვის პირობები?
რომ შედარდეს ის გზა და ჩვენი შუა დერეფანი; მანძილით, ფასით, დროით...
როგორია ამ დერეფნისგახსნის მიმართ ირანის პოზიცია?
ეს ყველაფერი ბევრს აინტერესებს და მედიასივრცეში დილეტანტური ბუყბუყის მეტს ვერაფერს მოისმენ!!!
2 საათის უკან
კანუდოსელი ინტერესით მოვისმენდი, მარბიელის კითხვაზე პასუხს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს დღეებია სტეპანაკერტერში ალიევმა მოიწვია შუა აზიის, თურქეთის, ირანის და პაკისტანის ხელმძღვანელობა და იქ მართავს ფორუმს. რუსეთი გაბრაზებულია, ირანი რომ ჩავიდა და რუსეთის დამოკიდებულება არ გაითვალისწინა.. მხოლოდ აკლდათ სომხეთის ფაშიანიანი, მთლად სტეპანაკერტში ვერ ჩავიდოდა. თუმცა ევროპა და ბრიტანეთი დიდი ხანია დაპირდა, რომ სატრანსპორტო ჯაჭვში ის ჩაგდება, თუ დალაგდება თურქეთთან და აზერებთან. ამიტომაა ევროკავშირის ლიდერები ხან სომხეთში არიან, ხან აზერბაიჯანში, ორივე ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული მდგომარეობის მიუხედავად. ოპოზიციონრებს, ჟურნალისტებს იჭერენ ორივე ქვეყანაში, ხმას ევროპაში არ იღებენ. განსაკუთრებით აზერბაიჯანი ჩვეულებრივ აღმოსავლურ ტირანიას დაემსგავსა. ალიევმა საქართველოს უფროს ძმადაც კი წარმოიდგინა თავი, ზემოდან დაგვყურებს და ვინმე მიწაზე რომ დაუშვებდეს კარგი იქნება ჩვენთვის და რეგიონისთვისაც. ამას მხოლოდ რუსეთი თუ გააკეთებს.
12 წუთის უკან