ოქტომბრის ბოლოს ევროს ზონის მომავლის შესახებ ნაკლებად ნერვიულობდნენ. ევროკავშირის ქვეყნებმა ხომ ანტიკრიზისული ზომები შეათანხმეს და გასაჭირში მყოფ ქვეყნებს, მათ შორის, საბერძნეთს, სერიოზულ დახმარებას დაპირდნენ. მაგრამ მოულოდნელად გაიჟღერა სიტყვამ “რეფერენდუმი”, რომლითაც ბერძნებმა უნდა გადაწყვიტონ მიიღონ თუ არა ეს დახმარება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გეორგიუს პაპანდრეუს ამ მოულოდნელმა ინიციატივამ ევროპელ პოლიტიკოსთა რისხვა და ბირჟებზე სერიოზული რყევა გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ უბრალო ბერძნები პროტესტს არა და არ წყვეტდნენ, თავად საბერძნეთის მთავრობაშიც გადაწყვიტეს, რომ დახმარების პროექტი მათი ქვეყნისათვის არცთუ ისე მომგებიანია და ამიტომაც მოიფიქრეს რეფერენდუმის იდეა წამოეყენებინათ. ვალების ნახევრის ჩამოწერას რა სჯობია, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარდება, რადგან ათენს მაინც შიდა პროდუქტის მოცულობაზე ორჯერ მეტი საგარეო ვალი დარჩება. ამგვარად სერიოზულად დაზარალდება საპენსიო ფონდები და ბანკები, რამაც, შეიძლება, საბერძნეთის ფინანსური სისტემა დაანგრიოს. გასათვალისწინებელია საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების ახალი ეტაპიც, რაც საზოგადოებრივ მღელვარებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ჰოდა, პაპანდრეუმ და სხვა ბერძენმა ჩინოსნებმა, ბრიუსელში რომ მადლობები იხადეს, უეცრად ამგვარი დემარში მოაწყვეს. როგორც პოლიტიკოსებს სჩვევიათ, ხალხის ზურგს ამოეფარნენ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებისაკენ თითი გაიშვირეს და განაცხადეს, რომ დახმარების მიღება-არმიღების საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სავარაუდოდ, რეფერენდუმი მალე, დეკემბერში ჩატარდება.
სხვათა შორის, ამგვარი რამ ევროპაში პირველად როდი ხდება. 2010 წელს ისლანდიის მთავრობამაც უკანასკნელი იმედის სახით ხალხი მოიშველია და მათაც რეფერენდუმზე უარყვეს იდეა იმის შესახებ, რომ ადგილობრივი ბანკების უცხოელი მეანაბრეები სახელმწიფოს უნდა გაესტუმრებინა. ასე რომ, დიდი შანსია, ბერძნები ისლანდიელებზე პატიოსნად არ მოიქცნენ. გაჭირვება ხომ უმადურობას შობს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბერძნების საქციელმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ გაოცება ვერ დამალა, თუმცა ამჯერად აღარ შეუხსენებია, რომ ევროს ზონაში საბერძნეთის მიღება თავის დროზე შეცდომა იყო. სარკოზის ჰოლანდიელმა კოლეგამ რუტემ კი ბერძნების გადაწყვეტილებას “საოცარი შეცდომა” უწოდა.
უკმაყოფილების ტალღამ იაპონიამდეც კი მიაღწია. ამომავალი მზის ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება ასეთი უმადური იყო და ეგზომ რთულ ვითარებაში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდე. იაპონელთა განწყობა გასაგებია – თუ ევროპა რეცესიაში ჩაეშვება, იაპონიის ისედაც არამყარი, ანემიური და ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა უდავოდ კრიზისის შემდეგი მსხვერპლი იქნება.
მოკლედ, უნდა ითქვას, რომ ევროს ზონის გადასარჩენად პაკეტის შეთანხმების შემდეგ საერთო აჟიოტაჟი და მხიარულება აშკარად გადაჭარბებული იყო. ეს კარგად გამოჩნდა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე, სადაც ბერძნულმა უმადურობამ საერთო ვარდნა გამოიწვია.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამგვარი მკვეთრი რყევა ევროპის ფინანსური ბაზრებისათვის ბოლო დროს უჩვეულო ნამდვილად არ არის და ამგვარი სიტუაცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. საქმე იმაშია, რომ რყევათა შეჩერებისათვის აუცილებელი ბერკეტები ევროკავშირს ამ ეტაპზე უბრალოდ არ გააჩნია.
მართალია, საბოლოოდ პაპანდრეუმ უკან დაიხია და რეფერენდუმის იდეა უარყო, მაგრამ ეს უფრო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისით იყო ნაკარნახევი, ვიდრე საღი გონებით და საერთოევროპული ღირებულებებისადმი მოწიწებით. თუმცა, საბერძნეთის ხელისუფლებაში მაინც მსჯელობა მიდის და ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ანუ, გაურკვეველი ვითარება გრძელდება, რასაც კარგი არაფერი მოჰყვება. თუ საბერძნეთმა დახმარება არ მიიღო, მისი ევროს ზონიდან გასვლის საკითხი დადგება, რაც ზონის რღვევის დაწყებას მოასწავებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ევროს ზონის შიგნით ურთიერთნდობა და საერთო ინტერესებისათვის ერთობლივი ზრუნვის შეგრძნება აღარ არსებობს. კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს შემდეგი ქვეყანა, რომელსაც შველა დასჭირდება.
დღეს ევროპის ეკონომიკა ისეთ რთულ მდგომარეობაშია, რომ მისთვის უაზროდ დაკარგული თითოეული დღე ძალიან ბევრს ნიშნავს. ბერძნები კი ეგზომ ძვირფას დროს მთელ კონტინენტს აკარგვინებენ. ჭკვიანურად გაანალიზებული ანტიკრიზისული გეგმის შესრულების გარეშე კატასტროფა თითქმის გარდაუვალი გახდება.
946
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85