"ეროვნულმა ფრონტმა" "რესპუბლიკური პარტიის" ოფისთან აქცია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულმა ფრონტმა" საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეებმა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება –რესპუბლიკელების" ინიციატივას დაგმეს, რომელიც რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეროვნული ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე ევგენი მიქელაძემ აღნიშნა, ევროპული ქარტიის რატიფიცირება საფრთხეს უქმნის ქართული ენის უზენაესობას და ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამასთან. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ასევე ეწინააღმდგებიან აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ცალმხრივი დათმობის პირობებში, გმობენ ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას და მათთვის მიუღებელია ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლებას საქართველოში.

"გამოვდივართ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ რომელიც ერთიან ქართულ ორგანიზმს უქმნის დაშლის საფრთხეს", - განმარტა "ეროვნული ფრონტის" დამკვირვებელმა გეგა ხვედელიძემ. მისივე თქმით, საჭიროა ისეთი პოლიტიკის გატარება რომელიც გამოიწვევს საზოგადოების კონსოლიდაციას და ხელს შეუწყობს უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ამასთან, მომიტინგეებმა მიმართეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", რომ გაემიჯნონ "ანტიეროვნული ძალას.

"ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობა" გადაირჩია და პოლიტიკურ მოუსავლელში გაისტუმრა, იმიტომ, რომ ის წლების განმავლობაში ატარებდა ანტიქართულ და ანტიეროვნულ პოლიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ "რესპუბლიკური პარტია" და მისი სახით "ქართული ოცნება" ანტიეროვნულ პოლიტიკას გაატარებს, ქართველი ხალხი გამოუტანს მათ იგივე განაჩენს. თუ "ქართული ოცნება" მოექცევა "რესპუბლიკური პარტიის" გავლენის ქვეშ და გაატარებს "რესპუბლიკური პარტიის" ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკასა და კურსს, მაშინ ისეთივე შედეგს მიიღებს რა შედეგიც მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", - დასძინა ევგენი მიქელაძემ.