ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი სასამართლო განხილვა 22 მარტამდე გადაიდო

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი სასამართლო განხილვა 22 მარტამდე გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი სასამართლო განხილვა 22 მარტამდე გადაიდო. 

პროცესის რამდენიმე დღით გადადების შუამდგომლობით მოსამართლე გიორგი დარახველიძეს ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს. მათ მოითხოვეს, რომ დაცვის მხარის შესავალი სიტყვისთვის რამდენიმე დღე განისაზღვროს, რათა სიტყვის ჩამოყალიებბა ბრალდებულთან ერთად შეძლონ.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულებს, მათი ადვოკატები მზად იყვნენ შესავალი სიტყვისთვის, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის მხარის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს.

ამას შეეწინააღმდეგა ბრალდების მხარე, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის არსებითი განხილვა 22 მარტისთვის გადაიდო.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სასამართლო პროცესის დაწყებისას დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ არსებითი განხილვისას მოხდეს პროცესის აუდიო ჩაწერა. აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა შეეწინააღმდეგა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ასევე, დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.

ამასთან, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე დააყენა შუამდგომლობა, რომ პროკურატურამ აცნობოს მათ, არსებითი განხილვისას პირველად რომელი ეპიზოდის განხილვა მოხდება. ამაზე პროკურატურის პასუხი, სავარაუდოდ, 22 მარტს ჩანიშნული პროცესისთვის გახდება ცნობილი.

ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - ზურამ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებულები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

სისხლის სამართლის საქმეში ორი ეპიზოდია გაერთიანებული. ერთ-ერთი მათგანი ზვიად აბესაძის უკანონო თავისუფლების აღკვეთაა, მეორე კი - ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.