საბერძნეთის მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ გეორგიუს პაპანდრეუს წინადადება ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, პაპანდრეუს გადაწყვეტილება მთავარი თემა იქნება დღეს კანში მიმდინარე ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც დიდი ოცეულის შეხვედრას უსწრებს წინ. რეფერენდუმი ამ დიდი ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების ბედს გადაწყვეტს.
სამშაბათს პაპანდრეუმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რეფერენდუმის გამართვა „მკაფიო მანდატს“ მოგვცემს ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარების გზაზეო. ამ ზომების გატარებას საბერძნეთისგან ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნები მოითხოვენ, დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ.
პარასკევს, 4 ნოემბერს, საბერძნეთის პარლამენტში მოქმედი მთავრობის ნდობის საკითხზე გაიმართება კენჭისყრა. ასეთ ფონზე, პაპანდრეუ თვლის, რომ ვადამდელი არჩევნების შესაძლო ალტერნატივა ათენს დავალიანების გამო დეფოლტის საფრთხეს გაუზრდის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის პრეს-სპიკერმა, ალიას მოსიალოსმა, განაცხადა, რეფერენდუმი ფინანსური დახმარების მთავარი დეტალების გარკვევისთანავე გაიმართებაო.
პაპანდრეუს გადაწყვეტილება ევროკავშირისა და საფინანსო ბაზრებისთვის შოკისმომგვრელია. ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ლიდერებმა ერთი კვირის წინ გადაწყვიტეს ათენისთვის მეორე, 130 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ნაწილის გამოყოფა, ისევე როგორც მის მიერ დაგროვილი უზარმაზარი ვალის განახევრება.
ამ ზომების სანაცვლოდ, საბერძნეთს ეკისრება ვალდებულება შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, რაც პენსიების და ხელფასების შეკვეცას და ათასობით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნას იწვევს.
ამ ზომების წინააღმდეგ საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები აცხადებენ, რომ საბერძნეთის დახმარების გეგმა სისრულეში რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეს.
ერთობლივ განცხადებაში მერკელი და სარკოზი წერენ, გასულ კვირაში ევროკავშირის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება „ახლა ყველაზე მეტად აუცილებელია“ და ის საბერძნეთს საშუალებას მისცემს ეკონომიკის მდგრად ზრდას დაუბრუნდესო.
ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების დედაქალაქებში რეფერენდუმის თაობაზე პაპანდრეუს გადაწყვეტილებით გამოწვეული შოკის ფონზე, სამშაბათს სარკოზიმ საბერძნეთს შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდა: „ხალხისთვის მოსაზრების გამოთქმის საშუალების მიცემა ყოველთვის ლეგიტიმური რამაა, მაგრამ ევროს მოქმედების ზონის ყველა ქვეყნის სოლიდარობა არ იმუშავებს, თუკი ყოველი მათგანი არ დათანხმდება აუცილებელ ზომებზე.“
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი,17 წევრისგან შემდგარი ევროს მოქმედების ზონის ლიდერი, აცხადებს, რომ თუ რეფერენდუმზე საბერძნეთისთვის გამოყოფილ დახმარებას უარყოფენ, ამას, შესაძლოა, ამ ქვეყნის ბანკროტად ქცევა მოჰყვეს.
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85