ხელისუფლების საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციების დაწყება აქვს გამიზნული, უმთავრესი სამიზნე კი ბიძინა ივანიშვილი იქნება. ასეთი აზრი უჩნდებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, როცა “სააღსრულებო წარმოებათა” კანონში შესატან ცვლილებებს ეცნობიან.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილებები შედის და თანაც იგი ელვის სისწრაფით უნდა განხორციელდეს. ამიტომაც ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილს საფუძვლიანი ეჭვები დაებადა.
კანონპროექტის მიხედვით, როდესაც მოვალის საგადასახადო გირავნობით_იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა_იპოთეკის უფლება.
როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ცვლილება პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის რაიმე სახის ქონება, მასზე გავრცელებული მესამე პირების ყველა სანივთო უფლება გაუქმებას ექვემდებარება. “როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის და სხვა ავაზაკების სახით, ემზადება განახორციელოს საგადასახადო სადამსჯელო ოპერაციები ბიძინა ივანიშვილის ან მისი რომელიმე კერძო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში არსებული რაიმე ქონების ან სამოქალაქო უფლების მიმართ”, - დასძინა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოითხოვა. ცაგარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტით, ყველა ნოვაცია 2012 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ხოლო სანივთო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული ნოვაცია კი, კანონის გამოქვეყნებისთანავე.
“მე ვკითხულობ, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონში ცვლილებების ერთი მუხლი, რომ ის დაჩქარებულად უნდა მიიღონ და თან, გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს ძალაში”, - ამბობს ცაგარეიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ცვლილებას, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვით ხსნიან. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კანონპროექტის მიზანია, რომ თუ პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდეს.
ასეა თუ ისე, ბოლო პერიოდში ხელისუფლების ყველა ქმედებებში ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი ილანდება ან ოპოზიციას ელანდება. თუმცა, მოლანდება-მოჩვენება არ არის საჭირო, როდესაც ყველაფერი ზედაპირზე დევს. კვირა არ გავა, რომ მილიარდერის საკუთრებას რაღაც ფორმით თავს არ დაესხან. ოღონდ ეს არის, რომ ივანიშვილის საქართველოში ბევრიც არაფერი გააჩნია და მთავრობის მიერ დაგეშილი ადამიანები, ძირითადად, წრეზე ტრიალებენ.
მაგალითად, ახალი ბრალდებები გაისმა “ქართუ ბანკის” წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნული ბანკის მტკიცებით, მისი თანამშრომელების მუშაობის პროცესი “ქართუ ბანკში” “მიზანმიმართულად ფერხდება”.
“საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, 19 ოქტომბრიდან სს “ბანკი ქართუს” შემოწმებას ადგილზე ახორციელებს. შემოწმების დაწყების დღესვე გაკეთდა განცხადება, რომ სს “ქართუ ბანკის” სტაბილურ ფუნქციონირებას საფრთხე არ დაემუქრებოდა და ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფის მუშაობა””ქართუს” საქმიანობის რაიმე ფორმით შეფერხებას არ გამოიწვევდა.
პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში “ქართუს” კომპლექსური მხარდაჭერის საკითხი განეხილა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს კონკრეტული ფინანსური დახმარების წინადადებებიც შესთავაზა.
სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პოზიციას “ქართუმ” თანამშრომლობის ნაცვლად, კვლავ უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებებით უპასუხა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობის პროცესი მიზანმიმართულად ფერხდება.
მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭომ შემოწმების ჯგუფისათვის შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ამ დრომდე არ უზრუნველყო. ეს ფაქტი კი შემოწმების პროცესს კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი “ქართუში” 19 ოქტომბერიდან იმყოფება და ჯერჯერობით ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ აღმოაჩინა.
771
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85