Yahoo!-ს მყიდველები რიგში ჩადგნენ

Yahoo!-ს მყიდველები რიგში ჩადგნენ

ერთ დროს ძლიერ პოპულარული ინტერნეტ-კომპანია Yahoo! ბოლო დროს ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. განთქმულმა კომპანიამ პოპულარობაც დაკარგა და საბაზრო ღირებულებაც. ჰოდა, სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ Yahoo! დღე-დღეზე გაიყიდება. მის პოტენციურ მყიდველთა შორის ჩინურ კომპანია Alibaba-ს და განთქმულ Microsoft-ს ასახელებენ. ალბათ გახსოვთ, ეს უკანასკნელი Yahoo!-ს შეძენას სამი წლის წინაც ფიქრობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლა კი, ცხადია, გაცილებით მეტი შანსი აქვს, თანაც ბევრად ნაკლები დანახარჯით.

აღსანიშნავია, რომ Yahoo!-ს მონაცემები უკვე 5 წელია ნეგატიურ დინამიკას დემონსტრირებს. მართალია, ამერიკულ ბაზარზე კომპანიის მდგომარეობას ეს არ დატყობია, იგი კვლავ მეორეა და ბაზრის 15-16 პროცენტს აკონტროლებს, მაგრამ ფინანსური მაჩვენებლებით აშკარად ვერ დაიკვეხნის, რაც ძალიან აწუხებს როგორც მენეჯმენტს, ასევე აქციონერებს.

მაგალითად, მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში Yahoo!-ს შემოსავალმა 762 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 165 მილიონით ჩამოუვარდება. შედარებისათვის უნდა ითქვას, რომ Google-ის ცხრათვიანი შემოსავალი 33 პროცენტით, 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამ ფინანსური მონაცემების გამოქვეყნებამდე პოსტიდან გადააყენეს Yahoo!-ს გენერალური დირექტორი ქეროლ ბარტცი, თანაც კომპანიის მენეჯმენტმა ეს ისე გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნეგატიური გამოხმაურებები გამოეწვია. ამ დროისათვის გენერალური დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებას ფინანსური დირექტორი ტიმოთი მორზე და როდის იპოვნიან კომპანიის ახალ თავკაცს, უცნობია.

ასე რომ, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ Yahoo!-ს გაყიდვა გადაწყდეს. ანალიტიკოსთა აზრით, მისი ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტია ჩინური Alibaba, რომელიც კარგა ხანია ამერიკულ ბაზარზე გასვლითაა დაინტერესებული. თანაც, თუ ეს გარიგება შედგა, ჩინური კომპანიის მხრიდან ამბიციური ნაბიჯის გადადგმად შეფასდება, რაც მის პოპულარობას და საქმიან რეიტინგს გვარიანად გაზრდის. ანუ, ეს იქნება არა მარტო მომგებიანი, არამედ „ლამაზი“ შენაძენი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს უკვე აკავშირებს ერთობლივი პროექტი China Yahoo! ეს საძიებო სისტემა რადენიმე წლის წინ შეიქმნა, როცა Yahoo!-მ ახლადდაარსებული ჩინური კომპანიის აქციების 40 პროცენტი მილიარდ დოლარად შეიძინა. ახლა კი უფროსი ამერიკელი ძმის ჩასაყლაპად ჩინელები მზად არიან 20-ჯერ მეტი გადაიხადონ.

მეორე ყველაზე რეალური პრედენტი კი Microsoft გახლავთ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, სამი წლის წინ ცდილობდა Yahoo!-ს შეძენას და საბაზრო ღირებულებაზე 62 პროცენტით მეტს, 44,6 მილიარდ დოლარსაც იხდიდა. მაგრამ Yahoo!-ს მენეჯმენტმა ეს მშვენიერი წინადადება დაიწუნა. ასეთივე ბედი ეწია Microsoft-ის კიდევ რამდენიმე მცდელობას.

მაშინ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები თითქმის სამი თვე გაიწელა და ძლიერ დააზარალა Yahoo! არშემდგარი გარიგების გამო მნიშვნელოვნად დაეცა კომპანიის აქციების ღირებულება, ხოლო მისი თავკაცი, ჯერი იანგი, რომელსაც გარიგების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა, იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო. ახალმა გენერალურმა დირექტორმა ქეროლ ბარტცმა Microsoft-თან ურთიერთობა კი გააღრმავა, მაგრამ Yahoo!-ს გაყიდვაზე უკვე საუბარიც აღარ იყო.

მართალია, მას შემდეგ Microsoft-ს Yahoo!-ს შეძენით ოფიციალური დაინტერესება არ გამოუთქვამს, მაგრამ, როგორც ამერიკული პრესისათვის ცნობილი გახდა, ბილ გეითსის პირმშოში არსებულ ვითარებას გულმოდგინედ აკვირდებიან და ახალი შეთავაზებისათვის ემზადებიან, რომელიც, ცხადია, ადრინდელზე ბევრად მოკრძალებული, სადღაც ნახევარი იქნება. Microsoft-ის ამგვარი დაინტერესება სრულიად გასაგებია. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტიც კარგა ხანია აპირებს ინტერნეტ-ძიების ბაზარზე გასვლას, მაგრამ საკუთარი სერვისით Microsoft Bingი-თ ამას წარმატებით ვერ ახერხებს. Yahoo!-ს შეძენა კი მას საშუალებას მისცემს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი გააკონტროლოს.

ასე რომ, დღე-დღეზე ჩინელები და ამერიკელები Yahoo!-ს ხელში ჩასაგდებად ღია ბრძოლას გამართავენ. ძნელი წარმოსადგენია, Yahoo!-ს მენეჯმენტმა კომპანიის გაყიდვაზე კვლავ უარი თქვას, რადგან საქმე იქეთ მიდის, რომ მალე შეიძლება გასაყიდი არც არაფერი დარჩეს.