ევროს წვიმა საბერძნეთისათვის ევროპის გადასარჩენად

ევროს წვიმა საბერძნეთისათვის ევროპის გადასარჩენად

ევროკავშირის სამიტზე ბოლოს და ბოლოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შეათანხმეს. კავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ევროპული ბანკების რეკაპიტალიზაცია განახორციელონა, კერძო ინვესტორებთან საბერძნეთის ვალების ნახევრის ჩამოწერა შეათანხმეს და ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდსაც ტრილიონ ევრომდე გაზრდიან. ანუ, ერთობ სერიოზული და მნიშვნელოვანი კომპლექსური ზომების მიღება გადაწყდა, რისიც ბევრ პესიმისტს უკვე აღარც სჯეროდა.

პირველ რიგში ბანკების რეკაპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, გადაწყდა, რომ 2012 წლის 30 ივნისამდე ბანკების კაპიტალის საკმარისობა (ბანკის საქმიანობის მაჩვენებელი, რაც გამოიხატება საკუთარი სახსრებისა და აქტიველის საერთო მოცულობის შეფარდებაში რისკების გათვალისწინებით) 9 პროცენტამდე გაიზრდება. მაგვარად საბანკო სისტემა უფრო მყარი გახდება. როგორც აღინიშნა, ფინანსური მხარდაჭერა 70 ბანკს სჭირდება, თუმცა, ჯერ არ განსაზღვრულა, საიდან გამოინახება ამისათვის საჭირო 106,4 მილიარდი ევრო.

როგორც ცნობილია, არსებულმა სიტუაციამ გაბანკროტების ზღვრამდე მიიყვანა საბანკო გჯუფი Dexia, რომელსაც საფრანგეთის და ბელგიის მთავრობებმა დახმარება გაუწიეს. ახლა რიგში დგანან იტალიური ბანკები, რომლებშიც ქვეყნის დავალიანებიდან 164 მილიარდი ევროა კონსოლიდირებული. ცუდ მდგომარეობაშია ესპანური, პორტუგალიური და, ცხადია, ბერძნული ბანკები.

სამიტის მიმდინარეობისას ევროკავშირის თავკაცები კერძო ბანკებისაგან ბერძნული ვალების 60 პროცენტზე მეტის ჩამოწერას მოითხოვდნენ, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ქვეყნის დეფოლტის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში ინვესტიციების მთელი 100 პროცენტი დაიკარგებოდა. მაგრამ კერძო სექტორის წარმომადგენლები ამას არ თანხმდებოდნენ, რადგან საუბარი დიდძალ თანხაზე მიდიოდა და თანაც მოდელის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საშიშროებასაც უფრთხოდნენ. მოგეხსენებათ, 350 მილიარდ ევროიანი ბერძნული ვალიდან 210 მილიარდი კერძო ინვესტორებს ეკუთვნით. საბოლოოდ კონსენსუსი შედგა და კერძო სექტორი ვალების 50 პროცენტის ჩამოწერას დათანხმდა.

გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ევროპული ფინანსური სტაბილურობის ფონდიდან და საერთაშორისო სავალურო ფონდის მიერ საბერძნეთის დასახმარებლად 100 მილიარდი ევრო გამოიყოფა. პასუხად, საბერძნეთმა უკვე მერამდენედ პირობა დადო, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ყველაფერს გააკეთებს.

ევროპული ფინანსური სტაბილურობის ფონდი საბერძნეთის გარდა იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას და ირლანდიას დაეხმარება. ამისათვის ფონდის მოცულობა ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. თუმცა, დაფინანსების წყარო მაინც გაურკვეველია, ევროკავშირის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ არაევროპელი კრედიტორების იმედი აქვთ. მათი აზრით, საფრანგეთის და გერმანიის მიერ მასშტაბული კაპიტალდაბანდებების განხორციელებას, შეიძლება, მათი რეიტინგის შემცირება მოჰყვეს. ამიტომაც იმედიანი მზერა ბებერი კონტინენტის მიღმა იქნა მიპყრობილი.

ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის დაფინანსებაში შეიძლება აქტიურად ჩაერთოს ჩინეთი, რომლის ოქროსა და სავალუტო რეზერვები 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ჩინელები ევროპაში მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებული არიან, ევროპა ხომ მათი ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმსხვილესი სექსპორტო ბაზარია. სავარაუდოდ, მალე შედგება ნიკოლა სარკოზის ვიზიტი ჩინეთში, როცა მთავარი განსახილველი თემა სწორედ ეს საკითხი იქნება.

ჩინეთის გარდა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის პოტენციურ ინვესტორებს შორის სახელდებიან ნორვეგია, სამხრეთ კორეა, რუსეთი და ავსტრალია. თუმცა, ოფიციალური მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე ჯერ არავინ საუბრობს. ასე რომ, არჩევანი არსებობს და ევროპა ალბათ დაფინანსებას იშოვნის, მაგრამ, ამგვარად, ევროკავშირი განვითარებული ქვეყნების ვალებზე დამოკიდებული აღმოჩნდება.

ეს ამბავი პესიმისტურად განწყობილი ანალიტიკოსების სასაუბრო თემად იქცა. მათი აზრით, ამა თუ იმ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ევროპას ხეირს არ მოუტანს. თანაც, ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ევროკავშირი დასახული მიზნების შესრულებას შეძლებს. ასეა თუ ისე, საკმაოდ მალე გამოჩნდება, სახელმწიფოები, სადაც პირველი თანამედროვე ბანკები და ბირჟები შეიქმნა, მსოფლიო ფინანსური სისტემის მძევალი გახდება თუ არა.