მშენებლებმა სესხების გაძვირებაში საფრთხეს დაინახეს

მშენებლებმა სესხების გაძვირებაში საფრთხეს დაინახეს

სამშენებლო სექტორის ექსპერტები იპოთეკური სესხების გაძვირებას ელოდებიან. ეს კი სამშენებლო სამკუთხედის - ბანკი, კლიენტი, მშენებელი - ყველას შეუქმნის პრობლემას.

უძრავი ქონების სააგენტო „გორო ჯგუფის“ დამფუძნებელი იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით იპოთეკურ სესხებზე განაკვეთები იგივეა და კარგი ისტორიის და შემოსავლების მქონე მოქალაქეს სესხის 11%–ში აღებაც შეუძლია. თუმცა ბარვენაშვილი არ გამორიცხავს, რომ სესხებზე განაკვეთების ზოგადი ზრდის ფონზე იპოთეკაც გაძვირდეს.

ეს ფაქტი მოსახლეობის იმ  30%–ზე, რომელიც ბინებს განვადებით ყიდულობდა, უარყოფითად აისახება. ბარვენაშვილის შეფასებით, იპოთეკაზე განაკვეთების გაზრდით თავად ბანკები დაზარალდებიან, რადგან დეველოპერს შეუძლია ბინები განვადებით თავად გაყიდოს.

შედარებით ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი. მისი თქმით, ბოლო დროს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია და იპოთეკური სესხების გაძვირება ვითარებას ვერ დაამძიმებს. რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას მოახდენს, მაგრამ საერთო ვითარებას ვერ შეცვლის.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ძვირი იპოთეკით“ ყველაზე მეტად მაინც მშენებლები დაზარალდებიან. განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებსაც დაუსრულებელი პროექტები აქვთ და ინვესტორების შემოყვანას ვერ ახერხებენ. ასეთი კომპანიები თავიდან ბოლომდე თითო-ოროლა კლიენტების ხარჯზე შეტანილი თანხებით სულდგმულობენ და რის ვაივაგლახით ახერხებენ სამშენებლო პროცესის გაგრძელებას. თუკი მათ კლიენტებს ბანკებიდან ფინანსური რესურსის მიღება გაუძვირდათ და გაუძნელდათ, ეს რასაკვირველია ძალიან ცუდად იმოქმებს სამშენებლო სექტორზე.

შეჭირვებული კომპანიების ნაკლებობა კი ნამდვილად არ იგრძნობა. 10-დან 7-8 დეველოპერი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება და ზოგიერთი დაუფარავად აღიარებს პრობლემებს. მაგალითად, „ოლიმპიური ვარსკვლავში“ აცხადებენ, რომ ინვესტორებთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამიტომ უცნობია, როდის განახლდება მშენებლობები, რომლებსაც კომპანიის კლიენტები სამი წელია ელოდებიან.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“კლიენტები იტყობინებია, რომ სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კომპანიამ მათი ბინები შეისყიდა, მშენებლობა ამ დრომდე არ განახლებულა. „ოლიმპიელები“  წელიწადნახევარზე მეტია, მათ ბინის ქირასაც ვერ უხდიან. ამიტომ კლიენტების ნაწილი აპირებს, კომპანიისგან საკუთარი ნაკვეთების გამოსყიდვა და იქ კორპუსის ნაცვლად, სახლების აშენება მოითხოვოს. თუმცა, „ოლიმპიურ ვარსკვლავში“ ინვესტორის მოძიებამდე ასეთ შესაძლებლობასაც გამორიცხავენ.

კომპანიის წარმომადგენელი ლელა რაზიკაშვილი აღიარებს, რომ  ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე 4 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, მაგრამ რეალური ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა. რაზიკაშვილი ამბობს, რომ ყოველდღიურად ინვესტიციის რამდენიმე ვარიანტი ჩნდება, თუმცა შედარებით რეალური მოლაპარაკებები თურქულ „აჭარა ინვესტთან“ და რამდენიმე ქართულ ბანკთან აქვთ. „თურქული კომპანია უკვე დიდი ხანია გვპირდება, რომ შემოვა და ჩადებს ინვესტიციას, თუმცა უკვე საკმაო დრო გავიდა და მათგან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, – ამბობს „კომესანტ.ჯი“-სთან საუბარში ლელა რაზიკაშვილი.

მისი თქმით, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ მოქალაქეებისთვის ქირის გადახდასაც ვეღარ ახერხებს, რადგან კომპანიაში ამ პროექტისთვის თანხები აღარ არსებობს. „ინვესტიციის ჩადება ასეთ ფართომასშტაბიან პროექტში არავის უნდა, რადგან მსგავსი შემთხვევები კომპანიებს სარისკოდ ეჩვენებათ,“ – ამბობს რაზიკაშვილი.