სააკაშვილი მეღვინეებზე შეტევას გეგმავს

სააკაშვილი მეღვინეებზე შეტევას გეგმავს

ბოლოდროინდელი შიდაპოლიტიკური ვითარების გამო წონასწორობა დაკარგულმა სააკაშვილმა ჯავრი მეღვინეებზე იყარა. ჯერჯერობით კერძო კომპანიებზე შტურმი არ დაწყებულა, მაგრამ “სამტრესტის” ხელმძღვანელი კი ემსხვერპლა რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივებს. საინტერესოა, ხელისუფლება ღვინის კომპანიებზეც ხომ არ გეგმავს შეტევას და ტრადიციული, “ჩუმი ზეწოლის” მეთოდის გამოყენებას?

ქვენყნის პრეზიდენტმა “სამტრესტის” თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ “სამტრესტის” მუშაობით უკმაყოფილოა.

“ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე კუს ნაბიჯებით გავდივართ. ამ კაცს ამდენი წელი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა. რამდენიმე სასამართლო პროცესი მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს ჩვენი ღვინისთვის და აღარ უნდა ისმებოდეს საერთოდ კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე.  ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე, როცა როცა ქართულ ღვინოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს?” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან დაავალა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა გოროზიას, აიღოს მაგალითი ვერა ქობალიასაგან ტურიზმის დეპარტამენტის ფუნქციონირების კუთხით, გამოაცხადოს კონკურსი და შეარჩიოს საუკეთესო მენეჯერი, რათა “სამტრესტი” ეფექტურად ამუშავდეს.

სააკაშვილის გულის გასახეთქად კერძო კომპანიები სწოერდ რომ რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მიილტვიან. კომპანია “სარაჯიშვილის” გენერალური დირექტორი გუჯა გუგუტეიშვილი ადასტურებს, რომ “როსპოტრებნადზორს” ქართული კონიაკის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით არა ბოლო პერიოდში, არამედ ჯერ კიდევ 2006 წელს მიმართეს, პასუხი კი მხოლოდ ახლა მიიღეს.

“ჩვენი წერილი ახლა განიხილეს და მოგვწერეს, რომ აინტერესებთ თუ რა პროდუქციას ვაწარმოებთ, როდიდან და ა.შ.  სტავროპოლის მხარიდან მათი ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ და კონიაკის სინჯები შეისწავლონ. ველოდებით პასუხს”, - განაცხადა გუგუტეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე დაბრუნებას არაერთი კომპანია ითხოვს, თუმცა რეალურად მოხდება ეს თუ არა, უცნობია.  “არა მგონია, დაბრუნების ნება დაგვრთონ, ვფიქრობ, მხოლოდ ხმაურს ტეხენ. თუ ასე არ არის და ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდა, ძალიან კარგი იქნება”, - განაცხადა გუგუტეიშვილმა.

რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ქართული კონიაკი “სარაჯიშვილი” შესაძლოა, მალე რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს”. “ერთ-ერთი იმ კომპანიებიდან, რომელმაც ოფიციალურად მოგვმართა, “სარაჯიშვილია”. ეს კომპანია მზადაა, რუსულ ბაზარზე თავისი პროდუქცია შემოიტანოს. თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება, კომპანია რუსულ ბაზარზე დაშვების შესახებ საკითხის განხილვას გვთხოვს. ამ თხოვნას ჩვენ ყველაზე სერიოზული ყურადღებით მოვეკიდებით”, - განაცხადა ონიშჩენკომ. 

რუსეთში დაბრუნებაზე უარს არც “თელავის ღვინის მარანი” ამბობს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ რამაზაშვილის თქმით, თუკი რუსეთის მხრიდან რამე სახის შემოთავაზება იქნება, “თელავის ღვინის მარანი” მასზე უარის თქმას არ აპირებს. “სხვა შემთხვევაში კი, ჩვენ არ ვიცით ვის უნდა მივმართოთ, რომ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გავიტანოთ”, - ამბობს რამაზაშვილი.

მისი აზრით, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის რისკები ძალიან დიდია. “როდესაც ქვეყანას ერთხელ უკვე აქვს აკრძალული ქართული ღვინის ექსპორტი საკუთარ ბაზარზე, მისგან მსგავსი საქციელი მეორედაც მოსალოდნელია”, - ამბობს რამაზაშვილი.

“თბილღვინოს” პრეზიდენტის გაგა მარგველაშვილის თქმით კი, რუსეთის ბაზარზე შესვლის მცდელობა მის კომპანიას 2006 წლის შემდეგ აღარ ჰქონია და, შესაბამისად, ბოლო პერიოდში არავითარი მოთხოვნა არ გაუგზავნია “როსპოტრებნადზორში”. თუმცა, თუკი რუსეთის ბაზრის კარი გაიხსნება, კომპანია ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

“რუსეთის ბაზრის გახსნა და იქ ქართული ღვინის დაბრუნება დამატებითი შესაძლებლობა იქნება არა მხოლოდ “თბილღვინოსთვის”, არამედ მთელი ქართული მეღვინეობისთვის”, - ამბობს გაგა მარგველაშვილი.