ძველი კორუფცია ახლებურად

ძველი კორუფცია ახლებურად

კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება. ოფიციალურად ამის შესახებ არაერთი განცხადება კეთდება და მაგალითისთვის გუშინ სააკაშვილის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადებაც კმარა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დეკლარირებული პრინციპია და ამ სფეროში რეალურად არაფერი იცვლება.

მიხეილ სააკაშვილმა გაეროში საკმაოდ ბევრი ილაპარაკა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. ამ კონტექსტში კი ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა. იქვე მან ისიც აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესის განვითარების უმთავრესი ხელისშემშლელი პირობა კორუფციაა.

 

პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება კორუფციის წინააღმდეგ. თუმცა, მას არ დაუსახელებია ის კონკრეტული მექანიზმები, რისი მეშვეობითაც კორუფციას ვებრძვით. შესაძლოა, ეს არც იყოს გასაკვირი, ვინაიდან გაეროს ტრიბუნიდან ამ თემაზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებდა, მაგრამ საინტერესოა რეალურად რა კეთდება.

 

ოფიციალურად საქართველოში არსებობს ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ მაისში, პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა. ამ სტრატეგიაში კი ისიც იყო აღნიშნული, რომ სექტემბრამდე მთავრობას პრეზიდენტისთვის დასამტკიცებლად ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის ამოქმდების გეგმა უნდა წარედგინა. აგვისტოს ბოლოს მთავრობას ეს გეგმა ჯერ შემუშავებული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გილაურმა დავალება „დროულად“ შეასრულა და პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე ეს გეგმაც დამტკიცებულია. პრობლემა კი ის არის, რომ ამ გეგმაში ახალი არაფერი წერია, შესაბამასად, უცნობი რჩება, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას როგორ აპირებს.

 

აღსანიშნავია, რომ პირველი ანტიკორუფციული სტრატეგია 2005 წელს არის მიღებული და როგორც ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი, მასზე დაყრდნობით მრავალი რეფორმა გატარდა და შედეგად, ინსტიტუციური კორუფცია ქვეყანაში არსებითად დამარცხებულია. 

 

ამჟამად კი საქართველოში, ანტიკორუფციული თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა და პრეზიდენტის შეხედულებით რეორიენტირება უფრო მეტად პრევენციის ღონისძიებებზე უნდა მოხდეს. შესაბამისად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საჭიროა, განისაზღვროს კორუფციისადმი მგრძნობიარე სფეროები და ამ სფეროებში გავრცელებული კორუფციული ქმედებების ტიპოლოგია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქრთამის, მისაკუთრების, თაღლითობის, გამოძალვის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, ინტერესთა კონფლიქტის, ზეგავლენით ვაჭრობის, ინფორმაციის კომერციული მიზნით გამოყენების, ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის შემთხვევები.

 

ამ ბრძანებაში ასეთი ექვსი სფეროა განსაზღვრული და, ცხადია, ყველა სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ექვსი სფეროდიდან ხუთი პირდაპირ არის ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. განსხვავებული ხასიათი კი მეექვსე სფეროს გააჩნია, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების საკითხს შეეხება.

ეს სფეროებია:

1. საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდა და კორუფციის აღმოფხვრა (1.1 - საჯარო სამსახურის შემდგომი მოდერნიზაცია, 1.2 - სახელმწიფო და ადმინისტრაციული მომსახურების გაწევა, 1.3 - სახელმწიფო შესყიდვების პროცესის დახვეწა და კონტროლი, 1.4 - საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება, 1.5 - საბაჟო დასაგადასახადო სისტემების დახვეწა);

2. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და კორუფციისაგან გათავისუფლება;

3. მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის დახვეწა;

4. კანონმდებლობის სრულყოფა ანტიკორუფციული თვალსაზრისით;

5. კორუფციის პრევენცია;

6. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;

 

საინტერესო ის არის, რომ მთავრობის უკვე დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ, მითითებულია კანონთა ჩამონათვალი, რომელიც თავისთავში ანტიკორუფციულ ქმედებებს შეიცავს და ანტიკორუფციულ ღონისძიებად კი სხვადასხვა უწყებაში სემინარებისა და ტრენინგების გამართვა სახელდება.

სწორედ ამიტომ ექსპერტები ამ გეგმას არასერიოზულად მიიჩნევენ. თავად სტრატეგიის არსებობას კი „ხელისუფლების მიერ ქვეყანაში კორუფციის აღიარებად“ აფასებენ.

 

მივესალმები იმას, რომ ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი რამ გაკეთდეს. ეს სურვილი ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებული, ეს უკვე ძალიან ცუდია. თავისთავად იმის აღიარება, რომ გასაკეთებელი ბევრია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აღიარებ ქვეყანაში კორუფციის არსებობას, - აცხადებს მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

 

მისი თქმით, აუცილებელია რომ აღნიშნული პრობლემა სათანადოდ იქნას შეფასებული, რათა მოგვარება შესაძლებელი გახდეს და ეს ბრძანება არ დარჩეს მხოლოდ ვიღაცის დასანახად გამოცემული.

 

ის, რომ ანტიკორუფციული ბრძოლის მორიგი ეტაპი „ვიღაცისთვის თვალის ასახვევად იწყება“, პოლიტიკოსებში ბევრ ეჭვს აჩენს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ აღნიშნული ინიციატივა სწორედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება.

 

„როგორც იცით, პრეზიდენტი მუდმივად იმაზე საუბრობს, რომ ახალი წელთაღრიცხვის, ანუ ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში კორუფცია დაამარცხა. თუმცა, როდესაც დასჭირდება, ეს კორუფცია ისევ არსებობს და სამაგალითო დაჭერები არაერთი გვინახავს. ამ ბოლო დროს კი ისიც გაახსენდა, რომ კორუფციას მუდმივი ბრძოლა სჭირდება. მე არ ვიცი, რას და როგორ აპირებენ და იმედია, ვნახავთ და, თუკი რეალურად ანტიკორუფციული ღონისძიებები გატარდება, ამას არ სჯობს, მაგრამ მე ამის იმედი არ მაქვს. მით უმეტეს, რომ აქ ყველაზე მჭერმეტყველური განცხადებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არის გაკეთებული. ეს თემა ყოველთვის ხდება ხელისუფლების ხელში პოლიტიკური პარტიების ზეწოლის ბერკეტი და გაიხსენეთ, ამ წლების განმავლობაში როგორ აქცევდნენ პარტიებს ფინანსურ მარწუხებში. ამიტომაც მგონია, რომ ყველაფერი ახლაც სწორედ ამ მიზნით ხდება და კიდევ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაანახონ, თითქოს ანტიკორუფციული თვალსაზრისით რაღაცას აკეთებენ, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.