„ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, გეგონება, ხელისუფლებას პრივატიზებული აქვს საქართველო თავისი მოსახლეობით“

„ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, გეგონება, ხელისუფლებას პრივატიზებული აქვს საქართველო თავისი მოსახლეობით“

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა მის მრჩეველთა საბჭოს წევრად დანიშნვის ფაქტს არ ადასტურებს. ივანიშვილითან შეხვედრის დეტალებზე მარგველაშვილი იმ მოტივით არ საუბრობს, რომ თვლის, ეს ჭორიკნობა იქნება, მაგრამ ერთს კი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა იგი სადილად მიიწვია და ეს ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა. Presage.tv ესაუბრა გიორგი მარგველაშვილს.
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი უკვე გააკეთა.  ნიშნავს თუ არა კარგი ბიზნესმენობა კარგ პოლიტიკოსობას? მით უფრო, როცა გვაქვს ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი?

- მე არ მინდა ბადრი პატარკაციშვილთან ანალოგიის გატარება. რატომ უნდა გავატარო?

თქვენი ნებაა. მაშინ გვითხარით, ნიშნავს კარგი ბიზნესმენობა კარგ პოლიტიკოსობას?

- არც კი, არც არა. არა, არ ნიშნავს.

როგორ შეაფასებთ მის მიმართვას საზოგადოებისადმი? რამდენად შემტევი იყო მისი ტონი მედიის ან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ? ოგიერთები ბიძინა ივანიშვილის სტილმა გაანაწყენა კიდეც.

- რა ვიცი, ვინც განაწყენდა, იმას ჰკითხეთ, ჩემი რა შეფასება გაინტერესებთ? ჰკითხეთ, რატომ ეწყინათ.

ზოგადად, როგორ შეაფასებთ მის წერილებს?

- ეს არის პოლიტიკური ანალიზი, დაფუძნებული მის გამოცდილებაზე და ბევრი თვალსაზრისით, აკურატული. პოლიტიკური ანალიზი იყო ადექვატური, 15 გვერდიან წერილს ახლა ვერ გავარჩევ, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით, ადექვატური იყო.

მან განაცხადა, რომ ევროპას გავაოცებთ დემოკრატიით. აქვს ივანიშვილს ამის თქმის საფუძველი და საამისო რესურსი?
- როდესაც უკვე თავის გეგმას ჩამოაყალიბებს, თუ როგორ აპირებს ევროპის გაოცებას დემოკრატიით, მაშინ შეგვეძლება მისი განსჯა. მაგრამ საქართველოში ისეთ დაბალ დონეზეა დემოკრატია, ტირანიიდან ცოტა მაინც თუ ამოსწევს და ტირანიის იმ აბსურდულ ფორმასა და იმ აბსურდს, რომელიც ტრიალებს საქართველოში, ცოტა მაინც რაციონალური პოლიტიკით თუ შეცვლის, ბევრ ადამიანს გააოცებს, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოს გარეთ. საერთოდ, ასეთი ჩავარდნილი, აბსურდული და აწეწილი პროცესების დალაგებისას წარმატების დიდი პირობა გაქვს, ცოტა მაინც რაციონალურად თუ იმოქმედებ. ამიტომ დემოკრატიითაც, ეკონომიკითაც, საზოგადოებრივი ურთიერთობებითაც და ბევრი თვალსაზრისით, ადამიანი საქართველოში აბსურდსა და საგიჟეთს თუ არ მოაწყობს, ბევრი გაოცდება და გახარებული იქნება. თუ არ გააგრძელებს იმას, რაც ხორციელდებოდა ამდენი ხნის მანძილზე, მაშინ საქართველოში წარმატების ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს, როგორც ივანიშვილს, ისე - სხვას.

აზოგადოებრივი განწყობა მას მესიად ხომ არ გადააქცევს და წარმოაჩენს?

- მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანების ტვინზე, რომლებიც ფიქრობენ და ლაპარაკობენ ივანიშვილზე. ადამიანის ტვინი, რომელსაც მესიის დანახვა სურს, დაინახავს მესიას, რომელსაც უნდა კარგი მენეჯერი, დაინახავს კარგ მენეჯერს, რომელსაც უნდა დაბალანსებული მმართველი, მას ასეთად დაინახავს. ყველა თავის შინაარსს სდებს ამ ადამიანში. მე ვერ ვილაპარაკებ მთელი საზოგადოების სახელით.

ის წერილები, რომლებიც მან საზოგადოების მიმართ გამოაქვეყნა, ერთგვარად შოკური თერაპიის მსგავსი ხომ არ იყო?

- შოკური თერაპიის? შოკურ თერაპიაში რა შინაარსს დებთ?

მისი ტონი შედარებით უფრო აგრესიული იყო, შესაძლოა, საზოგადოების გამოსაფხიზლებლადაც?

- აგრესიაზეა ლაპარაკი ამ ქვეყანაში, სადაც ხუთი თვის წინ მთავარ პროსპექტზე ხალხი დახოცეს და მეორე დღეს ტაშ-ფანდური ჩაატარეს, ასი ათასი ადამიანი რომ გამოვიდა ქუჩაში, თქვეს, თქვენი აზრი არ გვაინტერესებსო. ამ ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში ლაპარაკია აგრესიაზე, როცა ადამიანი გამოხატავს თავის შეხედულებებს პოლიტიკაზე?!

მან დაყო პოლიტიკური პარტიები. ზოგიერთები თავისიანებად წარმოაჩინა, ზოგიერთები კი - ფსევდოოპოზიციად.

- მეტს რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები? რაც მე მახსოვს, 2009 წლის პროცესების მერე ხან ერთმანეთს ურტყამენ, ხან ერთმანეთს ბრალს სდებენ ქრთამის აღებაში, გარიგებაში. ამიტომ ჩემთვის ეს ნათქვამი, რომ ერთი პოლიტიკური პარტია ამ ორიენტაციისაა, ხოლო მეორე იმ ორიენტაციის, არანაირად არ ტოვებს აგრესიის შთაბეჭდილებას. არავინ უცემია. ქართული პოლიტიკური კულტურის კონტექსტში  ეს აგრესიულ ტონად მიგაჩნიათ? პოლიტიკური პარტიები მეტს არაფერს აკეთებენ, დედას აგინებენ ერთმანეთს. მე არ გამკვირვებია უბრალო შეფასებები.

ხელისუფლების რეაქცია როგორია? ამბობენ, რომ ხელისუფლება დაბნეულია, თავიდან კი ხელისუფლება ცდილობდა ივანიშვილისთვის სრული იგნორირებით ეპასუხა და მის ფაქტორს არ იმჩნევდა.

- თავიდან რას აპირებდნენ არ ვიცი. არ ვიცი ხელისუფლების გეგმები.

რაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება?

- ამის გათვლა ძალიან ძნელია, მაგრამ ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჯერ მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, შემდეგ კიდევ უფრო სასაცილო და ოდიოზური - მის მეუღლესთან დაკავშირებით, ახლა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონთან მიმართებით, ეს ყველაფერი ტოვებს უსუსურობის და, აგრეთვე, ისეთ შთაბეჭდილებას, გეგონება, ხელისუფლებას პრივატიზებული აქვს საქართველო თავისი მოსახლეობით. უნდათ, რაღაცნაირად ნოტარიალურად გაიფორმონ ეს ქვეყანა და სრულიად უარი თქვან დემოკრატიაზე. ამას შევაფასებდი საბჭოთა კავშირისდროინდელი საქართველოს სსრ-ს აღდგენის უსუსურ მცდელობად.

ხელისუფლების ასეთი რეაქცია მოვლენების განვითარებას რადიკალიზმისკენ ხომ არ უბიძგებს?

- ამის თქმა ჩემთვის ძნელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, ცდილობს, რაღაცნაირი რკინის ხუხულა ააგოს, რკინის ფარდა ჩამოაფაროს და  საქართველოს რესპუბლიკისგან საქართველოს სსრ გააკეთოს, ამაზე რეაქცია უნდა მისცეს სამოქალაქო საზოგადოებამ. სამოქალაქო საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა უთხრას ხელისუფლებას, თუ მათ აქვთ პოლიტიკური დავა ივანიშვილთან და ივანიშვილი მათი პოლიტიკური კონკურენტია, ებრძოლონ მას პოლიტიკური მეთოდებით და ნუ ზღუდავენ ადამიანების, ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. რეალურად, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვაა, იმიტომ, რომ, ეშინიათ ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილი ცუდი პოლიტიკოსია, თუ კარგი პოლიტიკოსია, წარმატების შანსი აქვს თუ არ აქვს, ამის გამო არ უნდა შეიზღუდოს საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მათი თავისუფლება. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ამიტომ თუ გამოცდილ პოლიტიკოსს - სააკაშვილს ეშინია ახალბედა პოლიტიკოსის - ივანიშვილის, მე არაფერ შუაში ვარ ამაში და ნუ მიზღუდავს ჩემს მოქალაქეობრივ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებას.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ივანიშვილის კართან რიგები დადგებოდა, თუნდაც მისი ფინანსების მომლოდინე ადამიანების მხრიდან. თქვენი აზრით, იმ გუნდში, რომელიც შეიქმნა და, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება და იმ ადამიანებს შორის, ვინც მასთან კონსულტაციებს მართავს, რამდენია ფინანსებისთვის მისული და რამდენი - მართლაც ეროვნული გრძნობით გამსჭვალული? რა თქმა უნდა, რაოდენობის დაზუსტებას არ მოგთხოვთ, მაგრამ ზოგადად ამის თაობაზე რას გვეტყვით?

- თქვენ მთხოვთ, ადამიანის ფსიქიკა გავაანალიზო და მის სიღრმისეულ სიმებს შევეხო სატელეფინო ინტერვიუში, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. არ მინდა, ვინმეს დავწამო, რომ ისინი ივანიშვილთან ფულის გულისთვის არიან. არ ვიცი, კონკრეტულად ვის გულისხმობთ, მაგრამ მარტივად გეტყვით, ივანიშვილმა მთელ ქვეყანაში გააჩინა გარკვეული იმედი, რომ ეს აბსურდი და ჭაობი შეიძლება დამთავრდეს და ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოს, თუნდაც პოლიტიკური დინამიკის თვალსაზრისით. არა მგონია, ადამიანები ფულის გულისთვის აკეთებდნენ ამას.

თუმცა, ალბათ, ზოგიერთები მერკანტილური ინტერესებისთვისაც იქნებიან.

- დიახ, ბუნებრივია, ახლა სახარება და ბიბლია ადამიანის ცოდვათა შორის თავიდანვე პირველ აქცენტს აკეთებს მამონასა და ფულის სიყვარულზე. ეს ბუნებრივია, ადამიანის არსში არის, მაგრამ, მე არც მოძღვარი ვარ, არც მორალისტი, არც ვინმეზე უკეთესი, რომ დავიწყო ადამიანების დიფერენციაცია. უბრალოდ, ვიცი, რომ ყველა ადამიანში ეს ცოდვა არსებობს.

ამას წინათ გია ნოდიამ განაცხადა, ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა სურს, პირველი ინტერვიუ „როიტერისთვის“, ანუ უცხოური მედიისთვის არ უნდა მიეცა. მედიასთან დამოკიდებულების მხრივ ივანიშვილმა  სწორი გეზი აირჩია?

- ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, ალბათ, გარკვეულ არგუმენტებზე დაფუძნებული. არ ვიცი, რატომ მისცა პირველი ინტერვიუ „როიტერს“ და არა ქართველ ჟურნალისტებს. ეს ალბათ ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანს უნდა ჰკითხოთ. ალბათ, გარკვეული არგუმენტი ჰქონდა ამ ნაბიჯის გადადგმისას. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამით ივანიშვილთან მიმართებით არაფერი იცვლება. მან ბევრად უფრო მეტად ისაუბრა მედიაზე თავის წერილში და ეს უფრო მეტი არის, ვიდრე კონკრეტულად ეს ნაბიჯი.

ქართულ პოლიტიკაში მისი პირველი გამოჩენა სარკოზის ვიზიტს დაემთხვა. მედიაში უკვე საუბრობენ საფრანგეთისა და ივანიშვილის გარკვეულ კავშირზე. თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი მეგობრობდა და ალბათ ახლაც განაგრძობს ურთიერთობას საფრანგეთის ყოფილ ელჩთან, ერიკ ფურნიესთან. რაიმე კავშირი თუ არსებობს მათ შორის და, საინტერესოა, სარკოზიმ რა მოთხოვნები ჩამოუტანა სააკაშვილს, მით უფრო, რომ ცნობილია, სარკოზი არც კი გააცილა სამთავრობო დელეგაციამ აეროპორტში?

- ძალიან სერიოზული დაფინანსება და სერიოზული დაზვერვის სამსახური რომც მქონდეს, ალბათ მოვიპოვებდი ამ ინფორმაციას, მაგრამ მაშინ უფლება არ მექნებოდა, ამ კითხვაზე მეპასუხა. წარმოდგენა არ მაქვს სარკოზის, ფურნიესა და ივანიშვილს შორის და სააკაშვილთან მათი ურთიერთობისთაობაზე.