ბიზნესმენ ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ პარტნიორებზე, რუსეთისა და პუტინის შესახებ მის განცხადებებზე, ასევე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მოქალაქეობის აღდგენის პერსპექტივებზე, "ინტერპრესნიუსი" საზოგადოებრვი საქმეთა ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ბიზნესმენ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ "ეროვნული ფორუმის" ლიდერებმა განაცხადეს, ნოდარ ჯავახიშვილის "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელად დანიშვნის გარდა, მხარეები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ "რესპუბლიკელები" და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" მსოფლმხედველობით "ფორუმისაგან" მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, თქვენი აზრით, რა შეიძლება ვიფიქროთ ივანიშვილის "ფორუმულ" არჩევანთან დაკავშირებით? ყოველ შემთხვევაში, პირველ განცხადებაში იგი "ფორუმს" მის სავარაუდო პარტნიორებად არ ასახელებდა . . .
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ცდილობს, შექმნას არა კონკრეტული პოლიტიკური ოდეოლოგიის მატარებელი ჯგუფი, არამედ ფართო ფრონტი, რომლის იდეოლოგიურ ვექტორებს და სახეს მომავალში დავინახავთ.
ბატონ ივანიშვილს "რესპუბლიკელებთან", "თავისუფალ დემოკრატებთან" და "ფორუმთან" ერთად მოუწევს საზოგადოების წინაშე იმ ერთიანი პროგრამით წარდგენა, რომლის ფარგლებშიც ისინი გაერთიანდნენ. არსებულ ვითარებაში არა მგონია, ეს ძალიან რთული იყოს, რადგანაც საქართველოში ბოლო დროს არ დაობენ გადასახადების ფორმებზე, ლიბერალიზმისა თუ კონსერვატორული შეხედულებების შეხამების საკითხებზე, არ დაობენ აბორტებზე, ქალთა უფლებებზე და ასე შემდეგ. საქართველოში ძირითადად დავა მიდის იმაზე, რამდენად დასაშვებია დემოკრატია, თუ დიქტატურა და რა ფორმით უნდა გაიმართოს არჩევნები. ასე რომ, ამ გაერთიანებას ბუნებრივად ექნება ზოგადი მისწრაფება დემოკრატიული ღირებულებების ხელახალი დეკლარაციის. ჩემი აზრით რასაც ივანიშვილი ქმნის, უფრო დემოკრატიული ფრონტის ფორმა ექნება, ვიდრე - იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანების. ამავე დროს, ამ პარტიების წინაშე დგება საკითხი, თავის იდეოლოგიაზე საუბარი დროებით შეაჩერონ და ერთიან პოზიციაზე ისაუბრონ.
- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის გუნდში ბურჯანაძე და ნოღაიდელიც და სხვებიც ვიხილოთ?
- ალბათ შეიძლება, ყველა ვიხილოთ. ჩემთვის ძნელია ამის თქმა. ვხედავ, რომ ერთიანდებიან საკმაოდ განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. ვიმეორებ, ივანიშვილის გაერთიანება დემოკრატიული ფრონტის სახეს იღებს და ასეთ ვითარებაში გამოროცხული არაფერია.
- გავრცელდა ივანიშვილის "რეიტერისათვის" მიცემული ინტერვიუ. ამ ინტერვიუში მან მეტად საინტერესო განცხადებები გააკეთა. ძალიან ოპტიმისტურად კი ჟღერს, მაგრამ მაინც - "თუ ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით, რუსეთთან შეგვიძლია მივაღწიოთ ინტერესების თანხვედრას", კიდევ – "90%-იანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით გავალთ" და კიდევ სხვა. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ამ განცხადებებს?
- ნებისმიერი პოლიტიკოსი მხოლოდ ასეთ ოპტიმისტურ განცხადებებს გააკეთებდა. ეს ჩვეულებრივი და ნორმალურია. აბსოლუტურად ნორმალურია, რომ პოლიტიკოსები დაპირებებს იძლევიან. ბოლომდე რომ არ ასრულებენ, ესეც, პრინციპში, ნორმალურია.
- თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინთან დაკავშირებულ განცხადება – "რუს ხალხს მოსწონს პუტინი. ეს მათი არჩევანია და აუცილებელია მასთან მოლაპარაკებების დაწყება"?
- მე მომეწონა ამ განცხადების ფორმა. ამ განცხადებაში იყო რამდენიმე საინტერესო რამ. ეს ზრდასრული პოლიტიკოსის განცხადებაა. იგი არ აკეთებს აქცენტენს პუტინის დადებით მხარეზე, არამედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პუტინი რუსეთის არჩევანია პატივს სცემს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს. ამიტომ ვამბობ, რომ განცხადების ეს ნაწილი საკმაოდ ნორმალური იყო და პირადად მე მომეწონა. ძნელია იმის თქმა, თუ როგორ შეხვდებიან რუსეთში ივანიშვილის მსგავს განცხადებებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რო ივანიშვილის განცხადება პუტინის მიმართ, მთლად დადებითი ტიპის განცხადება არ იყო.
- ხელისუფლების მხარდამჭერებიც კი აღიარებენ, რომ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ხელისუფლების დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და იმას, რომ ხელისუფლებამ კანონში ცვლილებებიც კი მიიღო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან პოლიტიკური საქმიანობის მიზნით ფინანსების მიღებისთვის პოლიტიკური სუბიეტი დაისჯება კიდეც?
- მე მაინც ამას ერთიან კონტექსტში აღვიქვამდი. პასპორტების თემა და ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უსუსურ შთაბეჭდილებას ტოვებს და ხელოვნურია. თუ ამას კანონში განხორციელებულ ცვლილებას მივაბამთ, უსუსურობასთან ერთად, ეს ყველაფერი ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ კი ვართ მიჩვეული, რომ კონსტიტუცია პოლიტიკურ ფიგურებზე მორგებით უნდა შეიცვალოს, მაგრამ პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატზე ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა გარდა იმისა, რომ უსუსური და კომიკურია, იმავდროულად ამაზზრენიცაა.
პრაქტიკულად ხელისუფლება თავის მოქმედებით ამბობს _ ამ ქვეყნის პოლიტიკაში ჩვენ არავის არ მოვუშვებთ. აქ უკვე საუბარი აღარ არის დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობის თემაზე და სახელმწიფოებრიობის თემას სცდება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ვინმე სოფელს რომ დაეპატრონება და სოფელს ღობეს აკრავდეს. გარკვეულწილად, ეს სასირცხვილოც კია, ვინაიდან საერთაშორისო ასპარეზზე ამას ვერავინ გაიგებს. თბილისში ვიზიტისას სარკოზი საბჭოთა კავშირის აღდგენის საფრთხეზე საუბრობდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა სისტემა არსებობს, დიახ, თუ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა აქვს განსაზღრული, სააკაშვილმა საქართველოში საბჭოთა სისტემა უკვე კარგა ხანია, აღადგინა.
ისეთი პარანოია, შიში და რკინის ფარდების მშენებლობა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოვლად გაიგებარია. სააკაშვილი ხელებ დაკაპიწებული ისეთი ტემპებით აშენებს საქართველოში საბჭოთა საქართველოს, რომ პუტინს ამ თვალსაზრისით აჯობა კიდეც. შეიქმნა ვითარება, როცა ყველაფერი ცდება ივანიშვილის მოქალაქეობა-არმოქალაქეობის პრობლემას. როცა ხელისუფლებას ნებისმიერი შესაძლო ოპონეტნის მიმართ ამ დონის ფობია ეწყება, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების თემაა. ფაქტია, რომ ჩვენ ვხდებით ჩაკეტილი საზოგადოება, რომლისთვისაც უცხოელი საშიშია. ეს ხომ თავისთავად ძალიან ცუდი ტენდენციაა.
- თქვენი აზრით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? რამდენად სავარაუდოა, რომ ბატონ ივანიშვილსა და მის მეუღლეს ხელისუფლებამ თავად აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა?
- ვთქვი და გავიმეორებ, ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების თემაა. პრინციპში, ჩვენ ახლა ლაითტირანიის რეჟიმში ვცხოვრობთ. ახლა ეს ლაითტირანია შეშინებულია. ლაითტირანია ქვეყანას ისე მართავდა, როცა საზოგადოება ცალკე იყო და თავად - ცალკე, ატარებდა დროს და ჩვენ მხოლოდ არსებობის საშუალებას გვაძლევდა. ახლა, როცა ხელისუფლებას გაუჭირდა, ის ჩვენზე ძალადობს, მას სხვა რესურსი არ გააჩნია. ის ჩვენ უფლებებს კიდევ უფრო შეზღუდავს.
ხელისუფლება ივანიშვილს ვერანაირად ვერ დააბალანსებს, თუ კიდევ უფრო მეტად არ დაჩაგრა საზოგადოება. იგი ივანიშვილს ვერ დაჩაგარავს, მაგრამ მას უნდა ივანიშვილის გაჩენით უფრო მეტად უნდა ჩვენ დაგვჩაგროს. უფრო მეტად კონტროლირებადი გაგვხადოს, შეგვაშინოს და ქვეყანაში უფრო მეტად პარანოიული ვითარება შექმნას. ხელისუფლება მთლად რკინის ფარდას ვერა, მაგრამ რკინის ხუხულის აგებას რომ ცდილობს, ფაქტია.
ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქართული სახელმწიფოსგან საბჭოთა საქართველოს შექმნაზე. ეს მალე გამოჩნდება. თავისთავად, ეს იმდენად ხელოვნური კონსტრუქციაა, რომ თვითონ ხელისუფლების გუნდში უნდა გაჩნდეს მიუღებლობა იმის მიმართ, რაც ხდება. ჩვენ რომ სასირცხვილო მდგომარეობაში ვართ, ფაქტია, მაგრამ ეს გარედანაც ხომ სამარცხივინდ ჩანს. ანუ ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც ეშინია ყველასი - რუსეთის, ევროპის, ამერიკის, "რესპუბლიკილებისაც", "თავისუფალი დემოკრატებისაც" და "ფორუმისაც". და ამის გამო ამკაცრებს კანონებს და ამბობს, რომ ქვეყანაში არავის ფინანსებს არ შემოუშვებს.
იმის მაგივრად, რომ სააკაშვილმა ივანიშვილი ბრძოლაში გამოიწვიოს და პოლიტიკური ხერხებით დაუპირისპირდეს პრინციპში გამოუცდელ პოლიტიკოსს, მას ბრძოლა ქართველ ხალხზე გადააქვს. ის ცდილობს დაჩაგროს ქართველი ხალხი. აქამდე გვეგონა, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ბრძოლის წესები იცოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ პოლიტიკური თვალსაზრისით გამოუცდელმა ივანიშვილმა გამოცდილი პოლიტიკოსი აშკარად შეაშინა. ვერ ვხდები, რატომ უნდა ურტყან ქართველს თავში იმისთვის, რომ შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწონონ. ძალიან უცნაური და სამარცხვინო კონსტრუქციაა არა მარტო ქვეყნაში მცხოვრებთათვის, არამედ მათთვის, ვინც ჩვენ დასავლეთიდან ჯერ კიდევ ინტერესით გვადევნებს თვალს.