ჯიმშერ რეხვიაშვილი, "თავისუფლება"
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი გეგმების შეცვლას არ აპირებს. მოქალაქეობის დასაბრუნებლად ის ან სასამართლოს მიმართავს, ან - პრეზიდენტს, თუმცა პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ბიზნესმენს სხვა არაერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ჯიმშერ რეხვიაშვილი დეტალებით.
ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე პირველი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება, დაწეროს განცხადება პრეზიდენტის სახელზე და საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვოს. რაც შეეხება, მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერებას, ამასთან დაკავშირებით მანჯაგალაძემ თქვა, რომ ყველა საკითხი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
მანანა მანჯგალაძის ამ განცხადების პასუხად, ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა არგუმენტი ყალბია.
ადვოკატიის რჩევით ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, რის შესახებაც ყველაზე მდიდარმა ქართველმა ბიზნესმენმა „როიტერისათვის“ მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა:
„ილუზია არ მაქვს ჩვენს სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა: მივმართავ მას, თუმცა, ამავდროულად, არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი, რომელიც დავიწყე და აუცილებლად შევასრულებ იმ გეგმას, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად ვგეგმავდი“.
თუმცა, როგორც ჩანს, მიზნის მისაღწევად ბიძინა ივანიშვილს სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადს უკავშირდება. საუბარია პროეტზე, რომლის მიხედვით, დასჯადი ხდება საარჩევნო სუბიექტის – ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა.
ასევე, საარჩევნო სუბიექტი დაისჯება, თუ მან რაიმე მსგავსი შეთავაზება ან დაპირება მიიღო, რათა "განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან".
გია ცაგარეიშვილი: „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო დაიძაბება სიტუაცია ამ მიმართულებით, მით უფრო გართულდება პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში. და ეს ვნებები ხელისუფლებას გაუმძაფრა ბატონი ივანიშვილის გამოჩენამ და ამიტომ იზრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო სუბიექტებისა და იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული არიან პოლიტიკასთან... ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, თორემ ხელისუფლების მოხარკეები, პირიქით, წახალისებულები არიან“.
გია ცაგარეიშვილმა მაგალითად მოიტანა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევა, რომელიც ფონდმა ”ღია საზოგადოება - საქართველომ” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმდინარე წლის ზაფხულში წარმოადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის დირექტორმა ნინა ხატისკაცმა მაშინ რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მკვეთრად განსხვავებული რესურსები აქვთ:
„მაგალითად, მმართველი პარტია, ყველა სხვა პარტიასთან შედარებით, მინიმუმ 7-ჯერ და მაქსიმუმ 26-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს მარტო წინასაარჩევნოდ. გაცილებით მეტი რესურსია მობილიზებული ერთი პარტიის ხელში და ეს აფერხებს პოლიტიკურ კონკურენციას“.
თუმცა, დავუბრუნდეთ, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის ერთ-ერთი ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კუკავაა.
„მიზანი არის ის, რომ შენარჩუნებული იყოს წინასაარჩევნო კამპანიის სიჯანსაღე, მისი დემოკრატიულობა და სამართლიანობა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიც არის OECD და GRECO
(სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ), გვირჩიეს, საარჩევნო სუბიექტების გათანაბრება საჯარო მოხელეებთან და, შესაბამისად, როგორც საჯარო მოხელეები იმ დოზით დაისჯებიან კორუფციული დანაშაულისათვის“.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც, რომლის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, ცვლილება მართლაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით განხორციელდა და ის უთუოდ წაადგება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ, რა თქმა უნდა, სამართლიანად მოხდება ამ მუხლის გამოყენება.
თუმცა, ანგარიშგასაწევი უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ბიზნესმენთა დიდი ნაწილი ვერ ბედავს ღიად ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მართლაც საშური საქმეა, მაგრამ პარალელურად უნდა შეიქმნას პარტიების ღია დაფინანსებისთვის ხელსაყრელი გარემო.
„სხვა საკითხია ის, რომ ჩვენთან ისეთი ვითარებაა, რომ თითქმის ყველას ეშინია ღიად დაფინანსება. ეს ცალკე პოლიტიკური თემაა. სხვა მხრივ კი, არალეგალური დაფინანსება და შავი ფული პოლიტიკიდან უნდა გავიდეს. მე ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები“, – უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო „თავისუფლებას“.
„შავი ფულის“ გარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაა, თუმცა, მისი თქმით, უახლოესი არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, კანონი სულ სხვა კუთხით უნდა გამკაცრებულიყო:
„ჩვენი აზრით, უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასააჩევნო პერიოდში უშუალოდ ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა ტიპის უკანონო დაპირებების მიცემას, საჩუქრების გადაცემას და ა.შ. ეს საკითხი უფრო მეტად პრობლემატური იყო წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე სუბიექტების მიერ ქრთამის აღება. ასეთ ფაქტებს ვერ ვიხსენებ“.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, თუ საარჩევნო სუბიექტმა 10 ათას ლარამდე ოდენობის ქრთამი აიღო – შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა დაემუქრება, ხოლო თუ ეს ქმედება მან არაერთგზის ჩაიდინა ან დიდი ოდენობით ქრთამი – 30 ათას ლარზე მეტი აიღო, თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
866
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85