შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იძულებით შრომისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ჯიბეებიდან, “დამსაქმებლები”, ყოველწლიურად, 20 მილიარდ დოლარს ითვისებენ.
მოხსენება სახელწოდებით “იძულების ფასი”, რომელშიც ამაზეა საუბარი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხუან სომავიამ 2009 წლის გაზაფხულზე გააკეთა. როგორც საქართველოს პროფესიულ კავშირებში ამბობენ, ამ 20 მილიარდში ქართველების წილიცაა. პროფკავშირების მიერ 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარებული კვლევით, საქართველოში 157 000 სამუშაო ადგილი იყო, დასაქმებულად კი, გაცილებით ნაკლები ითვლებოდა, რადგან ადამიანების უმრავლესობა დღეში 8 საათზე მეტს ამუშავებდნენ, თანაც – შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.
თანხმობა მონობაზე - მიზეზები
საქართველოში, მოსახლეობის ბოლო, საყოველთაო აღწერის მიხედვით, 4,371,535 ადამიანი - 1,174,275 ოჯახია. აქედან 1,798,135 ადამიანი - 548,907 ოჯახი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ივლისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებას ითხოვდა (შესაბამისი ოფიციალური რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი). შემწეობის მიმღები, იმავე მონაცემებით, 442,776 ადამიანი - 153,295 ოჯახი იყო. ეს, რეგისტრერებული ადამიანების 24,6 და ოჯახების 27,9 პროცენტია; საერთო მოსახლეობის - 10,1 და ოჯახების - 13,1 პროცენტი.
იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველთა შემწეობა დაგენიშნოს, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, ამასთან, შენი შემოსავალი (თუკი გაქვს ასეთი), ფაქტობრივად, მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უნდა გყოფნიდეს; არ უნდა ფლობდე ქონებას, რომლის რეალიზებაც შენ მატერიალურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლიდა და ა.შ. თავად შემწეობაც არ არის იმდენი, რომ პრობლემები მოგიგვაროს (დახმარებების ოდენობა 30 ლარიდან იწყება - ერთწევრიანი ოჯახისთვის, ორწევრიანი – ოჯახი 54 ლარს იღებს, სამწევრიანი – 78-ს, ოთხწევრიანი – 102-ს, ხუთწევრიანი – 126-ს, ექვსწევრიანი – 150-ს, შვიდ და მეტწევრიანი – 174 ლარს და მეტს), თანაც, საკმარისია რაიმე დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეს, რომ შემწეობას გიხსნიან.
ერთი სიტყვით, ნამდვილად რომ არ უჭირდეს, ადამიანი არც ამ ბაზაში დარეგისტრირდება და არც მომქანცველი პროცედურების გავლას დათანხმდება, საკუთარი ოჯახის შემოწმებისა და პერმანენტული გადამოწმებების ჩათვლით. გამონაკლისი, ბუნებრივია, აქაც იქნება, მაგრამ თანაფარდობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიმღებთა მსურველებს შორის შთამბეჭდავია - ჩვენი მოქალაქეების 41,1 პროცენტი დახმარებას ითხოვს (1,798,135 რეგისტრირებული 4,371,535 მცხოვრებიდან).
შემწეობის მთხოვნელთა შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ივლისის მონაცემებით, 1,070,835 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანია. “საქსტატის” ბოლო, 2009 წლის მონაცემებით კი, საქართველოში ეკონომიურად აქტიური, სულ, 1.991,8 ადამიანია.
საქართველოს, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – 2009 წლის მონაცემებით, 16,9 პროცენტი (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონემ დსთ-სა და ცენტრალურ ევროპაში, ამ პერიოდში, 10 პროცენტი შეადგინა). პარალელურად, საქართველო მაღალი ფასების ერთგვარი ლიდერია ძირითადი მოხმარების საგნებზე - ენერგომატარებლებზე (რაც ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი შემადგენელია), საწვავსა და კვების პროდუქტებზე.
ბოლო კომპონენტი, დასკვნისთვის, ხელფასიებია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე დაბალი, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში (დაქირავებით, სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა შორის) განათლების სფეროს მუშაკებს ჰქონდათ - 296,7 ლარი, ყველაზე მაღალი - საფინანსო სფეროს მუშაკებს - 1315,7 ლარი. დავამატოთ ამას სამუშაო ადგილების სიმცირე (და შემცირებები), მზარდი ფასები და ნათელი გახდება, როგორ იკვრება წრე იძულებით შრომის რგვლივ.
თანხმობა მონობაზე - შედეგები
გზების მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სფეროა იმ სფეროთა, სამწუხაროდ, მოკლე ჩამონათვლიდან, რომელიც საქართველოში სიცოცხლე რეალურად იგრძნობა. მასზე დიდი ფულიც იხარჯება. დაფინანსების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ფინანსური პრობლემები არც გზების მშენებელ კომპანიებს და არც მშენებლობებზე დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ასეც არ არის.
გასული წლის ოქტომბერში, 6,8 და 10 თვის მიუღებელი ხელფასის მოთხოვნით, ქუჩაში გზამშენი11“-ის 73 თანამშრომელი გამოვიდა. მოლაპარაკებებს ორგანიზაციის მენეჯმენტთან დამსაქმებელთან პროფკავშირი აწარმოებდა. დამსაქმებელი დათანხმდა, ეტაპობრივად დაეფარა სახელფასო დავალიანება, თუმცა პირობა არ შეასრულა. შედეგად, მეგზევეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის მეორე დღეს დამსაქმებელმა ერთი თვის ხელფასი გასცა და დანარჩენი თვეების დავალიანების გასაცემად ორი კვირა მოითხოვა.
წელს, 23 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე “გზამშენი 11”-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ზაზა ჭოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაციას მუშაობა ახალი წლის დღეებშიც არ შეუწყვეტია (მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება გასტუმრებული არ იყო). “31 დეკემბერს ღამე მივედით სახლებში და პურის ფულიც არ გვქონდა,” – თქვა მან, - “თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შიმშილობას დავიწყებთ. სხვა გზა არა გვაქვს, ისედაც საშიმშილოდ ვართ გაწირულები.” პრობლემა, სრულად, დღემდე არ არის მოგვარებული.
ეს იძულებითი შრომის ტიპული მაგალითია. იძულებითი შრომაა ზეგანაკვეთური შრომა, რომელსაც არ ანაზღაურებენ. ზეგანაკვეთური შრომა მთელ მსოფლიოში განსხვავებული, სახელფასოზე მეტი ტარიფით იხდება, საქართველოში კი მას არავინ ანაზღაურებს. მეტიც, დღეს საქართველოში არ მოქმედებს შრომის ინსპექცია, ან მსგავსი ტიპის სხვა ორგანო, რომელიც ისევე, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, ამ შრომის პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებით დაკავდებოდა.
შედეგად, ისინი, ვინც სამსახურის შოვნა მოახერხა, დაბალი ხელფასისა თუ ჯანმრთელობისთვის საშიში პირობების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობენ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა კვნევამ - “პროფესიული დაავადებების პრევენცია და მონიტორინგი”, აჩვენა, რომ დასაქმებულები მუშაობენ მაშინაც კი, როცა ავად არიან.
ინსტიტუტმა ეპიდემიოლოგიური კვლევები ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, კასპის ცემენტის ქარხანასა და “საქართველოს თამბაქოს” წარმოებაში ჩაატარა. სპეციალური კითხვარების საშუალებით, შესწავლილ იქნა საწარმოთა ჰიგიენური მდგომარეობა, დასაქმებულების ჯანმრთელობა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ქიმიური უსაფრთხოება. აღმოჩნდა, რომ ავადობა სუბიექტური ჩივილებით და დოკუმენტაციით, ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე რეალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, - ადამიანები მალავდნენ, რომ ავად იყვნენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ.
ნოყიერ ნიადაგს ამგვარი რეალობისთვის ქმნის მოქმედი შრომის კოდექსი, რომელიც არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკის ობიექტი. მოუხედავად ბევრი დაპირებისა, საქართველოს ხელისუფლება მასში ცვლილებების შეტანას არ ჩქარობს. კამათი შრომითი ურთიერთობების მომწყობი მთავარი დოკუმენტის ირგვლივ გრძელდება.
ქვეყანა თუ კოლონია
მოკამათეების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქმედი შრომის კოდექსი ბიზნესს გამართავს წელში, მისი მოწინააღმდეგეები კი, კერძო საკუთრების მოწინააღმდეგეები არიან. მთლად სწორი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. ფაქტია - რაც მეტი საწარმო იქნება საქართველოში, რაც მეტი ბიზნესი განვითარდება, მით მეტ ადამიანს ექნება სამსახური, მეტი შეძლებს ცხოვრება უკეთესი გახადოს. მაგრამ, როგორც კი ერთი, საკუთრების შექმნას ან გაძლიერებას სხვების ექსპლუატაციის ხარჯზე იწყებს, იწყება უკმაყოფილებაც.
ბიზნემენს უნდა ახსოვდეს, რომ უსამართლობით განრისხებული ხალხისგან ვერაფერი დაიცავს - ამას ისტორია გულუხვად ადასტურებს. ამის გამო, სახელმწიფოში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, ხელისუფლება სოციალური თანასწორობის ფარგლებიდან არ უნდა გამოვიდეს. დღეს კი, სხვაგვარადაა.
ცუდად გაგებულმა საბაზრო ურთიერთობებმა ბევრს გაუჩინა აზრი, რომ ბიზნესმენი არ არის ვალდებული “არჩინოს” ვინმე, შესაბამისად, ვალდებულებებითაც არ უნდა იზღუდებოდეს. რჩენა სჭირდება მას, ვისაც საკუთარი შრომით თავის შენახვა ჯერ არ, ან აღარ შეუძლია, დანარჩენები შრომობენ იმისთვის, რომ თავი ირჩინონ და ცხოვრება გაიმჯობესონ. ბიზნესმენი, მარტო, იმ ადამიანების გარეშე, ვინც მასთან მუშაობს, ვერაფერს გააკეთებს. შესაბამისად, ეს თანამშრომლობაა და არ ვისიმე რჩენა.
ცუდად გაგებული საბაზრო ურთიერთობებისა და ცალმხრივი შრომის კოდექსის გამო, ბევრი დამსაქმებელი საჭიროდ არ თვლის, გააუმჯობესოს დასაქმებულთა შრომითი პირობები. „ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს“, - ასეთია მათი დამოკიდებულება. ჩვენი კანონმდებლობა დამსაქმებელს, ფაქტობრივად, ყველაფრის უფლებას აძლევს და ადამიანებიც იძულებულნი არიან, შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმდნენ, ხშირად კაბალურ ხელშეკრულებასაც მოაწერონ ხელი, რადგან სამუშო ადგილი ცოტაა, სამუშოს მსურველი – ბევრი.
დღეს, საქართველოში, დამსაქმებელს დიდი არჩევანი აქვს, დასაქმების მსურველს – ფაქტობრივად, ნულოვანი. ასეთი პირობებში, არ შეიძლება, სახელმწიფომ ნებაზე მიუშვას ერთი მხარე და, ფაქტობრივად, უუფლებოდ დატოვოს მეორე. ასეთი რამის დაშვება არც ერთ შემთხვევაში შეიძლება. სხვაგვარად ისმის კითხვა: რისთვის გვჭირდება სახელმწიფო სტრუქტურები? რა არის მათი ძირითადი მოვალეობა? პასუხი დიდი ხანია ცნობილია: სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვა, დამსაქმებლებისაც და დასაქმებულებისაც, მათიც, ვინც არ მუშაობს - ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების. ყველასი.
რა უნდა გააკეთოს კანონმა იმაზე უკეთესი და იმაზე მთავარი, ვიდრე ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვაა? საქართველოში, რატომღაც მიეჩვივნენ ადამიანების ცალკე დაყენებას, – პოლიტიკა ასე მოითხოვს, ეკონომიკა – ასე, საერთაშორისო ურთიერთობებს ასე სჭირდება... ყველაფერი ეს კი – პოლიტიკაც, ეკონომიკაც, საერთაშოროსო ურთიერთობებიც, ნორმალურ ქვეყნებში, იმისთვის ვითარდება, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ დაკმაყოფილებულები. სხვაგვარად სახელმწიფოები არ შენდება. სხვაგვარად კოლონიებს აშენებენ.