გლდანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბოჭორიშვილის ქუჩაზე შუახნის კაცის ცხედარი საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც 112-ში, სავარაუდოდ, მკვლელმა დარეკა და დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 50 წლამდე მამაკაცი მე-12 სართულზე მეგობართან ერთად ცხოვრობდა. როგორც გამოძიებით დგინდება, გულსა და ყელში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დავით თედეშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მას ჭრილობები ამავე ბინაში მცხოვრებმა აზამატ გატიევმა მიაყენა. სწორედ მან დარეკა პოლიციაში და მკვლელობის შესახებ განაცხადა.
როგორც მათი მეზობლები for.ge-თან ჰყვებიან, მამაკაცები აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ. ისინი წელიწადნახევარია რაც ამ ბინაში იმყოფებიან. თუმცა მათ დიდად არ იცნობენ და არც რაიმე კომუნიკაცია ჰქონიათ. მათაც მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.
„არც ჩხუბის და არც სხვა კამათის ხმა არ გაგვიგია. ჩვეულებრივად ნაქირავებები ჰქონდათ ეს ბინა. ვხედავდით ხოლმე სახლიდან რომ გამოდიოდნენ. როგორც ვიცით, თბილისში მუშაობდნენ. რას საქმიანობდნენ ზუსტად არ ვიცით. სადღაც წელიწადნახევარია ამ ბინაში ვხედავდით. არც მანამდე ჩხუბი და კამათი არ გაგვიგია. თავად დაურეკია პოლიციაში და უთქვამს მეგობარი მოვკალიო. რომ მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, კარიც თვითონ გააღო. მაგის მერე გავიგეთ რომ ეს საშინელი მკვლელობა მომხდარა. სახლის პატრონიც გამოიძახეს და ისიც მოვიდა. მძინარე მოკლა თუ რა გააკეთა, ალბათ, გამოძიება დაადგენს. რამდენიმე ჭრილობა აქვს სხეულზე მიყენებული. როცა დარწმუნდა, რომ მოკვდა, მას შემდეგ გამოიძახა პოლიცია“, - ჰყვება მოკლულის მეზობელი.
საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ აზამატ გატიევმა მეზობელს, რომელთან ერთადაც წელიწადნახევარი ცხოვრობდა, დანით 10 ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი დანაშაულის იარაღი - დანა გარეცხა, 112-ში ზარი განახორციელა და სახლში ელოდებოდა პოლიციელების მისვლას.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა როგორც პროკურორმა თქვა, გატიევმა ადგილზე მისულ პოლიციელებს უთხრა, რომ მეგობარი პირადი უთანხმოების გამო მოკლა. სხვა დეტალებზე კი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
„მკვლელობა მოხდა ნაქირავებ ბინაში, სადაც როგორც გარდაცვლილი ისევე ბრალდებული, მესაკუთრის ჩვენებით დადგენილი არის რომ დაახლოებით წელიწადნახევარი ცხოვრობდნენ. მკვლელობა განხორციელდა დანის გამოყენებით, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გარეცხა და გარეცხილი დანა დადო შემთხვევის ადგილას და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მისვლისას მიუთითა, რომ ის დანა იყო ის იარაღი რომლითაც განახორციელა მკვლელობა.
112-ში შეტყობინება თავად გააკეთა თავისი მობილურით და შემთხვევის ადგილასაც ელოდებოდა სამართალდამცველებს. გამოძიების ეტაპზე ის ოფიციალურად დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, მათ განუმარტა, რომ პირადი უთანხმოების გამო მოკლა მისი ნაცნობი და მეგობარი. ერთად მივიდნენ ბინის მესაკუთრესთან და ბინის მესაკუთრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ რამდენიმეჯერ უნახავს ისინი ერთად ბინაში“. - განაცხადა პროკურორმა.