ბოტასების გამო მაღაზიის მფლობელებს შორის დაწყებული დავა სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა - „ჯერ შვილი მოუკლა თვალწინ, შემდეგ კი გამწარებულ მამას თავში ესროლა“

ბოტასების გამო მაღაზიის მფლობელებს შორის დაწყებული დავა სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა - „ჯერ შვილი მოუკლა თვალწინ, შემდეგ კი გამწარებულ მამას თავში ესროლა“

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, რა გახდა გორში სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი და რატომ გაიმეტა 50 წლის სერგო ახალკაცმა მამა-შვილი სასიკვდილოდ. უმძიმესი დანაშაულის შესახებ for.ge-თან ადგილობრივები საუბრობენ და მომხდარის შემზარავ დეტალებს ჰყვებიან.

გიორგი და დავით ცაციაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წლებია მამა-შვილთან ერთად მაღაზიებს ფლობს და ისინი ერთადაც მუშაობდნენ. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, დაპირისპირება, სავარაუდოდ, ერთნაირი სავაჭრო პროდუქტის გამო მოუვიდათ. მათ ლილოდან ერთნაირი ბოტასები წამოიღეს, რის გამოც მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მამა-შვილს წაეკიდა, რის შემდეგაც კონფლიქტი უმძიმესი ანგარიშსწორებით დასრულდა.

სისხლიანი დაპირისპირება 28 აპრილს დღის პირველ ნახევარში სწორედ გორში, სავაჭრო ცენტრთან მოხდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, დაახლოებით 5-მდე გასროლის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ქალის განწირული კივილის ხმა, რომელიც მოკლული მამა-შვილის თანამშრომელია. ქალი დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებს კი საზარელი სურათი დახვდათ.

პირველი ნასროლი ტყვია შვილს, გიორგი ცაციაშვილს მოხვდა, ხოლო გამწარებული მამა, რომელმაც შვილის სიკვდილი საკუთარი თვალით იხილა, დამნაშავეს გამოედევნა, ის კი მობრუნდა და ახლა ტყვია მამას, დავით ცაციაშვილს თავის არეში ესროლა. ადგილზე მისულმა ხალხმა მამა-შვილი რამდენიმე დისტანციით დაშორებულები სისხლში ამოსვრილები იპოვეს. მამა დავით ცაციაშვილი მძიმედ დაჭრილი კლინიკა „გორმედში“ შეიყვანეს, თუმცა კლინიკაში განაცხადეს, რომ მამაკაცს თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა. რაც შეეხება 32 წლის გიორგი ცაციაშვილს, ის ადგილზევე დაიღუპა.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ საზარელი ამბის შემსწრენი გავხდებოდით და საერთოდ, ასე გაიმეტებდა მათთვის კარგად ნაცნობი ადამიანი მამა-შვილს. შუადღის საათებში ჯერ 5-მდე გასროლის ხმა გავიგეთ, მერე ქალის განწირული ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ მიშველეთ დახოცაო. ქალი კაცთან იყო დაჩოქილი და შველას ითხოვდა. კაცი გადმოვატრიალეთ, თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი და სახით იყო წაქცეული. საზარელი სურათი თავიდან არ ამომდის. სუნთქავდა, თვალებიც გახელილი ჰქონდა, ჯერ ცოცხალი იყო. თავადაც დაგვეხმარა, რომ გადმოტრიალებულიყო, მაგრამ ძალიან მძიმედ სუნთქავდა.

მერე ვიღაცის ხმა გავიგონე, რომ აქ კიდევ ერთი ბიჭიაო. სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ და ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. მამა დაჭრილი წაიყვანეს, მაგრამ გული გაუჩერდა ოპერაციის დროს. ვერ მოახერხეს ვერც მისი გადარჩენა. რის გამო მოკლა, რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. თანამშრომლები ამბობენ, რომ ერთნაირი ბოტასების გამო დაწყებულა კონფლიქტი. ლილოდან წამოუღიათ გასაყიდი ჩასაცმელები, ფეხსაცმელები და ამაზე მოხდა შელაპარაკება. ამ არაკაცმა კი, წავიდა და იარაღი მოიტანა. ჯერ შვილს ესროლა, შემდეგ კი მამა რომ გამოედევნა, შემობრუნდა და მასაც ესროლა“, - უყვება თვითმხილველი for.ge-ს

კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემასთან მამა-შვილს დადებით პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელი სერგო ახალკაცი მათთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა და ორი ადამიანი ბოტასების გამო გაიმეტა.

„მთელმა გორმა იცის ვინ ვინ არის. ეს არაკაცი საერთოდ მოურიგებელი პიროვნებაა. ყველამ იცის რა ნაგავიც არის. წარმოიდგინეთ, კაცს ჯერ თვალწინ შვილი მოუკლა ფეხსაცმლის გამო და მერე მას დაუნდობლად თავში ესროლა. ასე როგორ უნდა გაბოროტდე, რომ შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები წამებში სიცოცხლეს გამოასალმო. როგორც ვიცით, არსად წასულა და პოლიციას ელოდებოდა. ცხელ კვალზე დააკავეს. ასეთი კაცისთვის არ ვიცი რა განაჩენი უნდა იყოს. გვეგონა მამა მაინც გადარჩებოდა, მაგრამ ოპერაციის დროს დაიღუპა, ვერაფერი ვეღარ მოასწრეს, გული გაუჩერდა“, - ჰყვება ადგილობრივი.