დაიწყო...

დაიწყო...

ივანიშვილის შეჩერებას ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. ჯერ მოქალაქეობაზე უთხრეს უარი, შემდეგ მის წინააღმდეგ რუსული იარლიყის მიკვრა სცადეს, მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორის სიმამრიც დააკავეს, მოგვიანებით კი, უფრო დრამატული სცენარი აამოქმედეს და ელვის სისწრაფით, ჯერ, ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძე, იგივე „დიჯეი რემბო“ დააკავეს, შემდეგ კი „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები აიყვანეს.

ხელისუფლება ცდილობდა, „ქართუ ბანკის“ თანამშრომელთა აყვანის საქმე სუფთად წარმოეჩინა. 18 ოქტომბრის საღამოს ინფორმაცია გაჩნდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების გამო რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა მათი ვინაობა არ კონკრეტდებოდა. ნაციონალური არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი ივანიშვილთან იყო დაკავშირებული.  

გავრცელდა კადრები, სადაც ფულის კუპიურებიც გამოჩნდა, მათი ნაწილი ევრო იყო, ნაწილი კი აშშ დოლარები. სახელისუფლო ტელევიზიების ინფორმაციით, თანხა მილიონ დოლარსა და მილიონ ევროს აღემატებოდა. მოვლენათა შეფასებისას უფრო შორს წავიდა „ქრონიკის“ ჟურნალისტი და მომხდართან დაკავშირებით დაასკვნა: არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ვარაუდი, რომ აღკვეთილია ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულის დაბანდების პირველი მცდელობა.

თავისუფლების მოედანზე საპატრულო მანქანების ხშირი მოძრაობა შეიმჩნეოდა და აქვე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ოფისში უშიშროების მანქანები შედიოდნენ. შსს თანამშრომლებმა კი ბანკიდან ერთი მამაკაცი გაიყვანეს და საინკასაციო მანქანაში ჩასვეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანაში 6 პირი იმყოფებოდა, მათგან ოთხი ქალბატონი - მოლარე ოპერატორები და ორი ინკასატორი.

მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავაც გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას გულისხმობს.  შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაკითხა ივანიშვილის დაცვის წევრები, რომლებიც ფულს აცილებდნენ და ეს ფული იყო ბიძინა ივანიშვილის. დაცვის წევრების დაკითხვის შემდეგ გამოძიებამ მათი დაკავება საჭიროდ არ ჩათვალა და ისინი გაათავისუფლეს.

განცხადება უკვე გაავრცელა ივანიშვილის პრესსამდივნომ. განცხადების თანახმად, საქართველოს ბანკის სათაო ოფისიდან გამოსულ „ბანკი ქართუს“ საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ პოლიციელები და იარაღის მუქარით დააკავეს ბანკის თანამშრომლები. მათზე დიდი ოდენობით საქმის გათეთრებაზე საქმის აღძრვას ივანიშვილის პრესსამდივნომ პოლიტიკური დევნა უწოდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, დღის 17 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ „ქართუზე“, რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის. სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისიდან გამოსული ბანკ „ქართუს“ ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეც-დანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები. იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკი „ქართუს“ 6 თანამშრომელი, წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი „ქართუს“ საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა. ხელისუფლების წარმომდგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს, ქმედება განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვით. დაკავებულები არიან ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები: მოლარეები - ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი. ინკასატორები - არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკანონოდ დაკავებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებასთან ერთად, ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია ბანკი „ქართუს“ მიტაცებული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. ბესელიას თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს წარმოადგენს, ამიტომაც დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის მიმართავს საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ადვოკატების გარეშე დაკითხეს ეს ადამიანები და ადვოკატები არ შეუშვეს რამდენიმესაათიან დაკითხვაზე. ამდენად, ბესელიას თქმით, ადვოკატების გარეშე მათ მიერ გაცემული ჩვენების დაუშვებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. 

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ივანიშვილის დაცვის წევრებს იარაღის ჩაბარება უკვე მოსთხოვა. ბესელიას თქმით, მათ მიმართ ზარი განხორციელდა და ივანიშვილის დაცვის სამსახურისგან (მისი ბიზნესცენტრის დაცვისგან, ანუ ივანიშვილის შენობის უშუალო დამცველებისგან და მისი პირადი დაცვის წევრებისგან, რომლებიც საკონტრაქტო წესით იცავენ ივანიშვილს) დაცვის პოლიციის დეპარტამენტში იარაღის ჩასაბარებლად გამოცხადება მოითხოვეს. ბესელიამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ადგილზე მისვლა მოსთხოვა, რათა კანონის სრული დაცვით მომხდარიყო ამ პროცედურის განხორციელება და მიეღოთ სრული ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მიიღო ხელისუფლებამ ასეთი გადაწვეტილება.

„წინააღმდეგობის გაწევას არავინ აპირებს. ჩვენ ვითხოვთ, დასაბუთებას და სამართლებრივად ყველა პროცედურის დაცვას, რადგან შესაძლებელია, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციის განხორციელება. როგორც ჩანს, ხელისუფლება აგონიაშია და დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მისი ქმედება  დანაშაულებრივ ქმედებას ემსგავსება,“ - აღნიშნავს ბესელია.

ივანიშვილის მრჩეველთა საკონსულტაციო საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობს, როგორც სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მისი დაცვის წევრების სრული განიარაღების მოთხოვნა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა და დიპლომატიური იმუნიტეტის შეურაცხყოფაა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს მშვიდად ხვდება. „პირიქით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რასაც ხელისუფლება მისგან ითხოვს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში, ცივილიზებულად, შესაბამისი აქტებით უნდა განხორციელდეს“. სესიაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან პროვოკაციები კვლავაც მოსალოდნელია.    

დააკავეს ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძე, იგივე „დიჯეი რემბო“. იგი „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა, რომელიც ბერას კლიპში ახალგაზრდებს ეცვათ. დიჯეი გუშინ საღამოს თავისი სახლიდან აიყვანეს. მისი და, იზი მდინარაძე „ფეისბუქში“ აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მათი ბინა გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ. ამდენად, ძმის დაკავების მიზეზი მისთვისაც უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ ლევან მდინარაძეს ბრალად ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედება. თუმცა უპასუხო შეკითხვები ამ დაკავებასაც მოჰყვა: რატომ დააკავეს მდინარაძე მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გააქტიურდა?!  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ლევან მდინარაძეს ჩაუტარდა ტესტი და მას სისხლში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა. ამდენად, სამხედრო ექსპერტის თქმით, მარიხუანაზე საუბარი ზედმეტია. ადვოკატებმა მდინარაძისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა. მოვლენათა ასეთი განვითარება სესიაშვილს აფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის პოლიტიკური დაშინების მიზნით კეთდება.   

მეგობრის დაჭერას უკვე გამოეხმაურა თავად ბიძინა ივანიშვილის ვაჟი- ბერა ივანიშვილი. იგი facebook-ზე საკუთარ გვერდზე წერს: „ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს!“.

„გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების" მაისურებს არიგებდა... ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!“ - წერს ბერა.