ირაკლი ალასანია: „ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“

ირაკლი ალასანია: „ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“

ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ ხმები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა, რაზეც presage.tv წერდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მაშინ კატეგორიულად უარყო „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურმა, თუმცა, ნათელი იყო, რომ ეს დაპირისპირება ასე მარტივად არ დასრულდებოდა. ეს ეჭვი ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვეში ივანიშვილის წინააღმდეგ ლეიბორისტების გამოხტომამ კიდევ უფრო გაამძაფრა. შალვა ნათელაშვილი, რომელიც არჩევნების დროს ივანიშვილს პრემიერობას სთავაზობდა, რატომღაც მტრად მოეკიდა ამ უკანასკნელს. ნათელაშვილის ზედმეტი აქტიურობა კიდევ ერთი ნიშანი იყო, რომ სააკაშვილი ივანიშვილში საფრთხეს ხედავდა.

ამის პარალელურად, ქართულ პოლიტიკაში გამეფებული ჩვეული ქაოსი სრულ სტაგნაციაში გადადიოდა. ხელისუფლება სასატიკად გაუსწორდა ე.წ. ქუჩის ოპოზიციას, „რვიანი“ დაიშალა... სააკაშვილის დისკრედიტებული იმიჯი, 26 მაისის შემდეგ, დასავლეთში კიდევ უფრო დისკრედიტირებული გახდა... პუტინმა პრეზიდენტობაზე ოფიციალურად განაცხადა პრეტენზია და ამას მოჰყვა მისი ახალი ინიციატივა ევრაზიური კავშირის შესახებ... ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლაზე განაცხადი გააკეთა... „ექვსიანი“ დაიშალა... სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, სააკაშვილმა დახვედრა მოუწყო, მაგრამ ბოლოს, აეროპორტშიც აღარ გააცილა... და ზუსტად იმ დღეს, 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცნობილი პირველი განცხადება გააკეთა.

ამ მოკლე დროში შემთხვევითობისთვის ბევრ დამთხვევას ჰქონდა ადგილი და ამიტომ, პირველი კითხვა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას დავუსვით სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება?

არსებობს თუ არა ამ მოვლენებს შორის კავშირი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა სულაც არ არის ახლადმიღებული გადაწყვეტილება?

- არა. პირდაპირ გეტყვით - თუ დავიწყებთ თქვენი ბოლო შენიშვნიდან, პუტინთან დაკავშირებული განცხადებით, შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი თავის წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია და ალბათ, მას ჰგონია, რომ ევრაზიული ახალი კავშირის თემა,  უსაფრთხოების ახალი მექანიზმები მოხიბლავს მის ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ წამოწევს რუსეთის, როგორც გლობალური ძალის როლს. ამ შემთხვევაში დამთხვევასთან გვაქვს საქმე და არა პირდაპირ კავშირთან.

რაც შეეხება მოვლენების ასეთ განვითარებას, ივანიშვილთან დაკავშირებით, ისევე როგორც თქვენ, მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში იგი იყო ძალიან კრიტიკული სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მე არ მეგონა თუ იგი ასეთ გაბედულ ნაბიჯს გადადგამდა. ეს მართლაც გაბედული ნაბიჯია ბიზნესმენის მხრიდან, რადგან ასეთი ბიზნესმენები, როგორც წესი, გარკვეულ შეთანხმებას აღწევენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არ მეგონა, თუ ის პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ტექტონიკური ძვრა ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი რამ, აამაღლა საგრძნობლად შანსი იმისა, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებზე.

ივანიშვილს აქვს ის, რაც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის, რაც მას არ აქვს. ერთმანეთის შევსება  და ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება გახდა ჩვენი პარტნიორობის საფუძველი, რაზეც შევთანხმდით. მე არასდროს არ მყავდა ნანახი ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე პირველად ერთი კვირის წინ არ შევხვდი, თუმცა, მის მიმართ ძალიან დიდი სიმპათია მქონდა იმის გამო, რასაც იგი აკეთებდა ქველმოქმედებით.

და კიდევ, აძლიერებდა სააკაშვილის ხელისუფლებას მთელი ამ წლების განმავლობაში...

- მაგ გაგებით სააკაშვილის ხელისუფლებას ყველა ვაძლიერებდით, რადგან თავიდან გვწამდა სააკაშვილის. მე მქონდა ნდობა, რომ ის მოვიდა ხელისუფლებაში სწორი განზრახვით, ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანის სურვილით, კორუფციასთან ბრძოლით და გავხდი მისი თანამონაწილე საგარეო და კონფლიქტების დარეგულირების ხაზით. შემდეგ, ჩვენ ყველას გვეწვია იმედგაცრუება, ზოგს - ადრე, ზოგს - გვიან. ჩემ შემთხვევაში ეს იყო 2006 წელს, როდესაც დავინახე, რომ მას არ სურდა რეალურად წაეყვანა ქვეყანა მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ აფხაზებთან და ოსებთან. რამდენადაც მესმის, ივანიშვილს იმედგაცრუება ომამდე ნახევარი წლით ადრე დაეწყო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო.

ივანიშვილისგან გამოსული ყველა ადამიანი, თითქოს, მისით მონუსხულია და თითქმის ყველა ერთი და იგივე ტექსტით საუბრობს. რას უკავშირდება ეს საოცარი შთაბეჭდილებები - ივანიშვილის პიროვნულ თვისებებს თუ მოულოდნელობის ეფექტთან გვაქვს საქმე? მაინტერესებს პირადად თქვენი შთაბეჭდილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრძოლა გამოდის პოლიტიკური ჩარჩოებიდან და აშკარად, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. და კიდევ, გავიხსენოთ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შემდეგ - პრეზიდენტობის კანდიდატი, გაურკვეველ ვითარებაში არიან დაღუპულნი.

- გეთანხმებით, რომ ეს იქნება მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და, პოლიტიკური გაგებითაც, ეს არის ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მათ ეს ძალიან კარგად ესმით და უკვე მთლიანად აამოქმედეს პროპაგანდისტული მანქანა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ფანტაზია უფრო შორსაც წავა, როცა ნათლად დაინახავს საფრთხეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოში სააკაშვილმა მთლიანად ჩაკეტა სივრცე, როგორც პოლიტიკური აქტიურობისთვის, ისე - ბიზნეს-აქტიურობისთვისაც და, მათ შორის, ამ რანგის ბიზნესმენისთვის, რომელიც იძულებული იყო, ან ქვეყნიდან წასულიყო, ან პოლიტიკაში შემოსულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, მთლიანად გადაფარულია ყველაფერი, ანუ მონოპოლია არის ყველაფერში - მედიაშიც, პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც.

მე მინდა ამის გარღვევა და ამაში პარტნიორობას მიწევს ივანიშვილიც, რათა ესარჩევნების გზით მოხდეს. ჩვენ ამაში გვაქვს თანხმობა. არ გვინდა გამოვიწვიოთ ხელოვნური აფეთქებები რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების ვადამდელი ცვლილება.

მაგრამ ჯერ იმის გარანტიაც არ გვაქვს, რომ ივანიშვილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

- იქნება ის საქართველოს მოქალაქე თუ არ იქნება, ის არის ქართველი, საქართველოშია დაბადებული, აქვს გაკეთებული უამრავი სიკეთე. თუ მას პოლიტიკაში ყოფნა აუკრძალეს,  ბუნებრივია, მას აქვს სხვა ხერხები - დადგეს ისეთ საზოგადოებრივ სარბიელზე, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ცვლილებას.

ივანიშვილის შემოსვლა ყველაზე ეფექტური იყო იმით, რომ იგი ფლობს საკმაოდ ძლიერ ფინანსურ  რესურსებს.  ჩვენ კი ვხედავთ, რომ ხელისუფლება რეაქტიული სისწრაფით იღებს  ისეთ კანონებს, რომლებიც ივანიშვილს ხელ-ფეხს უკრავს. თუ ივანიშვილი ვერ იქნება საქართველოს მოქალაქე, თუ მას აეკრძალება ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის დაფინანსება და .. სხვა რა გზები არსებობს?

- ვერ აეკრძალება - ეს ერთი. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობაშიც იმხელა იმედი და მოლოდინი გაჩნდა, რომ მას ვერც პროპაგანდა, ვერც კანონები ვერ ჩააქრობს. მცდელობა, რომელიც სააკაშვილის მხრიდან მოდის, ეს არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ შიშით, მან იცის, რომ მოახლოვდა მისი ხელისუფლების დასასრული და მისგან ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმას ველი. ამიტომ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ მორალურადაც და ფიზიკურადაც.

თუ ხართ მობილიზებული, რომ რადიკალური ნაბიჯები გადადგათ ივანიშვილის პოზიციების დასაცავად?

- აუცილებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. აქტიურად იქნება მობილიზებული ყველა რესურსი იმისთვის, რომ სააკაშვილს ჩვენი ერთად დგომით   დავანახოთ, რომ მის გადაწყვეტილება, ივანიშვილთან დაკავშირებით, არის მცდარი და  ზეწოლით მოვახერხებთ შევაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება. ისინი უარს ვერ ეტყვიან ივანიშვილს, როგორც საქართველოში დაბადებულს, საქართველოში გაზრდილ ადამიანს,  როდესაც ის ჩააბარებს რუსეთის პასპორტს, თუ ეს იყო მიზეზი.

თუ კანონებით ვისაუბრებთ,  კანონის საფუძველზეც არ ჰქონდა სააკაშვილს უფლება შეეჩერებინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა, მაგრამ - შეუჩერა. მე მაინტერესებს სადამდე ხართ წამსვლელები თქვენ. და, რას ფიქრობთ, სადამდეა წამსვლელი სააკაშვილი?

- საერთოდ, სააკაშვილის შესახებ რაც ვიცით, მისი ნაბიჯების გათვლა შეუძლებელია, იმდენად არაორდინალურ ნაბიჯებს დგამს. მხდალი ადამიანი ბევრად უფრო დიდ სისასტიკეზეა წამსვლელი და სააკაშვილის მხრიდან ეს არაერთხელ იყო დემონსტრირებული. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა დემორალიზებულია და, ამდენად, მე ვიტყოდი, რომ უკვე, ამ რეჟიმში ყოფნით ბოლო წლების განმავლობაში, იმდენად მოწყვლადია მათი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენგან წინააღმდეგობის რეალური გაწევის შემთხვევაში, რაზეც ჩვენ შეთანხმებულები ვართ, ნაციონალური მოძრაობა გატყდება. საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე მზად არის, გვერდში დაუდგეს ივანიშვილს. ხალხში გაჩნდა ენთუზიაზმი, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რაც არ იყო, თუნდაც, ერთი თვის წინ. ამიტომაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმის მიხედვით, რა ნაბიჯს გადმოდგამს სააკაშვილი. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

საქართველო, მითუმეტეს, გლობალიზაციის პირობებში ვერ იქნება  ქვეყანა, რომელიც კარჩაკეტილად გადაწყვეტს თავის ბედს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია  და იგივე, რუსეთის პოზიციაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, თქვენი თურქეთში ვიზიტი უკავშირდებოდა თუ არა ივანიშვილის ფაქტორს?

- არა, ეს ვიზიტი არანაირად არ უკავშირდებოდა ივანიშვილს, ეს დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეხვედრა იყო. გეტყვით ერთ რამეს - ჩემი ხედვა და ღრმა რწმენაა, და იგივე გაიზიარა ივანიშვილმა, რომ საქართველო უნდა გახდეს შეთანხმებების ქვეყანა დიდ გეოპოლიტიკურ ძალებს შორის. სააკაშვილმა წინააღმდეგობაზე, დაპირისპირებაზე ითამაშა და წააგო ქვეყანამ. ჩვენ ვთვლით, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს შეთანხმებების ადგილი რუსეთსა და ევროპას შორის. ამის საფუძველს მაძლევს რუსეთ-ევროპის ურთიეთობები, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები და ჩემი პირადი დამოკიდებულებები და კავშირები, როგორც თეთრ სახლთან, ასევე - ევროპულ ქვეყნებთან. პირველ რიგში, ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ქართული სახელმწიფოს მყარი გადაწყვეტილება. ამის რეალიზაციისთვის აუცილებელია ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან. ევროპაში არავის არ ჭირდება საქართველო ამხელა პრობლემით რუსეთთან, ეს არის ფაქტი. ამას გვეუბნებიან და ეს სარკოზის გამოსვლაში ხაზგასმით იყო ნათქვამი.

მეორე - ჩვენ თუ გვინდა, რომ რეალურად, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა განვავითაროთ, - გვჭირდება რუსული ბაზარი. მესამე - თუ გვინდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, ამის ხელშემწყობი მთავარი პირობა არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის სასიცოცხლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, მისი იგნორირება, რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის უდიდესი შეცდომა

თუ გაქვთ ინფორმაცია რა განწყობებია ამ ქვეყნებში ივანიშვილის მიმართ?

- სიმართლე გითხრათ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილის ფიგურა ვინმესთვის იყოს მიუღებელი. ეგ აზრი არსად არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, მის მიმართ არის ინტერესი, რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს, ვისთან ერთად და ამის მერე, ბუნებრივია, ჩამოუყალიბდებათ დამოკიდებულება.

ივანიშვილმა მკვეთრი სადერმაკაციო ხაზი გაავლო მასსა და ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის. თუმცა არ დაუსახელებია, მაგრამ მიანიშნა, რომ ფორუმის დაფინანსების საკითხი ეჭვს იწვევს. არ უხსენებია ბურჯანაძის პარტია, მაგრამ შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამის მიუხედავად  მოსალოდნელია თქვენი წრე გაფართოვდეს?

- მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, რაზეც ივანიშვილთან გვაქვს შეთანხმება. კონსულტაციები გაგრძელდება დეტალების დაზუსტების შემდეგ. ბუნებრივია, პოლიტიკურ ძალებზე მოსაზრებების ურთიერთგაცვლაც გვქონდა, მაგრამ ჯერ, ალბათ, არ უნდა ვიჩქაროთ. მე მინდა პირადად უკეთესი წარმოდგენა შეექმნას ყველა პოლიტიკურ ძალაზე და ამიტომ, მეც ვურჩიე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს, რომ თავისი აზრი ჩამოიყალიბოს და შემდეგ, ალბათ, მოხდება სწორი პარტნიორების არჩევა. დაველოდოთ ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.

როგორ გავიგოთ თქვენი გუშინდელი ფრაზა - „რესპუბლიკელებთან ვითანამშრომლებ თუ არა, მომავალი გვაჩვენებს“?

- ჩემს პარტნიორებს თვითონ ვირჩევ. მე მომეწონა, შევთანხმდი, რომ ივანიშვილი იქნება ჩემი პარტნიორი და გვაქვს ურთიერთგაგება. დანარჩენს მე თვითონ გადავწყვეტ იქიდან გამომდინარე, რამდენად მომგებიანი იქნება საქმისთვის. ჩვენ ისევ თავისუფლები, დამოუკიდებლები, ვიქნებით. უბრალოდ, გავერკვიეთ იმაში, რომ პარტნიორი იქნება ივანიშვილი, ხოლო დანარჩენს გვიჩვენებს მომავალი. ეს არის ჩემი პოზიცია დღესაც.

ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად თქვენს პარტიაზე რომ ვილაპარაკოთ, ხომ არ გექმნებათ საშიშროება, რომ ამომრჩეველი დაკარგოთ?

- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება. ეს შანსი გააჩინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, არც ერთს - არც პოლიტიკურ, არც საზოგადოებრივ მოღვაწეს არ აქვს უფლება, რომ ეს შანსი სწორედ არ გამოიყენოს. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, მთავარია, ქვეყანას გავუჩინოთ შანსი, განვითარების შანსი, რაც მთლიანად ჩაკეტა სააკაშვილმა ისე, რომ ის სიახლე, რაც გაჩნდა, რეალურად გამოვიყენთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

ხომ არ იქმნება საფრთხე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ?

- არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ამაზე. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავამარცხოთ მონოპოლია პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, მედიაშიც და მივცეთ გასაქანი კონკურენციას ყველა ამ სფეროში. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის შანსი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის გადაწყვეტას ჩვენ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში შევძლებთ.

და, ბოლოს - ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რამდენად ძლიერი ჩანს და რამდენად შორს არის წამსვლელი?

- ის ძლიერი პიროვნება ჩანს და, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში ის იქნება ძლიერი მოთამაშე. ბოლომდე წამსვლელი - არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო... ეს არის პიროვნება, ვისი სიტყვაც ფასობს და მისი სიტყვა სიტყვაა. დარწმუნებული ვარ დაწყებულ საქმეს ის ბოლომდე მიიყვანს. ეს იყო მანამდე, მის კარიერაში და შეხვედრიდან მეც ასეთი  განწყობა დამრჩა. ის იქნება სამართლიანი და ძლიერი პარტნიორი.

იქნება ის ისეთი უხეში, როგორიც მისი განცხადებები იყო?

- იცით რა... განცხადებები ყოველთვის არ ასახავს ადამიანის რეალურ სახეს. მასთან გულწრფელი საუბრისას მე დავინახე, რომ ეს არის სერიოზული, სანდო პარტნიორი. და ამიტომაც დავთანხმდი პარტნიორობაზე.