ელი ლეიკი,“The Daily Beast”
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ისეთი სავაჭრო საკითხები მოაგვარეს, როგორიც არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები, რაც მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი პრობლემა იყო, თუმცა საქართველო კვლავ დაბრკოლებად რჩება.
სავაჭრო მოლაპარაკებებში ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებმა ბოლო უთანხმოებები მოაგვარეს, რომელიც დაკავშირებული იყო ავტომობილებთან, ხორცის ამერიკულ ექსპორტთან და ინტელექტუალურ საკუთრებასთან და შესაბამისად მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანების გზაზე მთავარი წინააღმდეგობები მოიხსნა. ამის შესახებ The Daily Beast-ს შეერთებული შტატების და ევროპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აცნობეს. რუსეთთან შეთანხმებასთან ახლოს არიან მოლაპარაკებათა მონაწილეები ევროკავშირიდან, დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.
ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვის მსო-ში გაწევრიანება რუსეთთან ურთირთობის გადატვირთვის მეორე ფაზად აქცია. არჩევნების წელს ეს თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტია.
იმ ამერიკელი ჩინოვნიკების ინფორმაციით, რომლებიც მოლაპარაკებათა პროცესს იცნობენ, რუსეთი დათანხმდა უარი თქვას სავაჭრო პრეფერენციების მინიჭების პოლიტიკაზე ავტომობილის ნაწილების ექსპორტიორებისთვის, რომლებსაც ეს ნაწილები რუსეთში კრიზისულ მდგომარეობაში არსებული საავტომობილო წარმოების მხარდაჭერისთვის შემოქავთ. რუსეთი დათანხმდა ასევე ახალი, უფრო მკაცრი კანონების და წესების მიღებაზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კომპიუტერული პროგრამები, ფილმები და მუსიკა. გარდა ამისა, რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცის ამერიკული ექსპორტის შემოწმების ახალ სტანდარტებსა და სანიტარულ წესებზე.
ოთხშაბათს, სენატში მოსმენების დროს, აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების უფროსმა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია „აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რადგან რუსეთის მსო-ში წევრობა ამერიკული ექსპორტისთვის ახალ ბაზრებს შექმნის და გაზრდის შესაძლებლობებს ამერიკული კომპანიების, ფერმერების, მესაქონლეების, ინვესტორებისა და მუშა ხელისთვის“.
ის, რომ შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის არსებული საკითხები გადაწყვეტილია, სხვა ამერიკელმა ჩინოვნიკებმაც დაადასტურეს. თუმცა თეთრმა სახლმა პროტოკოლით აკრძალული კონფიდენციალური მოლაპარაკებების შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.
მაკფოლი, რომელიც ობამამ რუსეთში ამერიკის მომდევნო ელჩად წარადგინა, განმარტა, რომ მიუხედავად ამისა, საქართველო რუსეთისთვის დაბრკოლებად რჩება. „მსო კონსენსუსის საფუძველზე ფუნქციონირებს“, – განაცხადა მან „ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დათანხმდეს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ჯერ კიდევ წინ არის. შვეიცარიის მთავრობამ მხარეებს შუამავლის როლი შესთავაზა, რათა ხელი შეუწყოს რუსეთს და საქართველოს სავაჭრო პრობლემების გადაჭრაში. ჩვენ რუსეთს მკაფიოდ ვაგრძნობინეთ, რომ საქართველოსთვის გვერდის ავლის გზა არ არსებობს: ორივე მხარემ მათ შორის არსებული უთანხმობები შუამავლების დახმარებით უნდა გადაწყვიტოს“.
საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ძველ მოთხოვნებზე, რომლის თანახმად რუსეთს ქართველი მებაჟეებისთვის იმ სავაჭრო დერეფნების კონტროლის შესაძლებლობა უნდა მიეცა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის. ამ აჯანყებული რეგიონების ტერიტორიებზე რუსეთის არმიის ნაწილებია განთავსებული, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს ქართველ ჯარისკაცებსა და რუს მშვიდობისმყოფელებს შორის შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ.
რუსეთის საელჩომ, ასევე იმ პიარ-კომპანიამ, რომელიც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს, კომენტარზე უარი განაცხადეს. გასულ კვირას რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „ამერიკელები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დაარწმუნონ მსო-ს წევრები იმაში, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გახდეს“. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატები არ ცდილობენ საქართველოს იძულებას მხარი დაუჭიროს რუსეთის განაცხადს მსო-ში გაწევრიანებაზე, საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკუთარ წუხილზე უარის თქმის სანაცვლოდ.
რამდენიმე დღის წინ The Daily Beast-თან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებული მოთხოვნის მოხსნაზე აშშ-ს მხრიდან არანაირი ზეწოლა არ უგრძვნია. „არანაირი ზეწოლა არ არის არც შეერთებული შტატების და არც რომელიმე სხვა მხრიდან რუსეთის საკითხზე“, – განაცხადა მან. „ცხადია შეერთებული შტატები და სხვა მხარეებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის მსო-სი გაწევრიანების გზაზე წინსვლაში, მაგრამ ეს ზოწოლაში არ გადაზრდილა. ცხადია ისიც, რომ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამერიკასაც, ესმით, სად გადის წითელი ხაზი და ჩვენი ინტერესები რაში მდგომარეობს“.
გასულ თვეში, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს სავაჭრო საკითხების მოგვარება ვერ მოხერხდა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდას შეცვლილი პოზიციით დაუბრუნდება“, – აღნიშნა კაპანაძემ. „რუსეთის პოზიცია ის არის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მათი იმ ტვირთის და პროდუქციის საერთაშორისო მონიტორინგს, რომელიც მოძრობს წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში“.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანამხად ახალი წევრის მიღებაზე ორგანიზაციის ყველა წევრი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეთანხმდეს. თუმცა მსო-ს წესდებაში ეს პროცედურა არ შედის. წარსულში რუსეთის ოფიციალური პირების წინადადება იყო, მოსკოვისთვის მსო-ს წევრობა კონსენსუსის წესის გარეშე მიეცათ.
შეთანხმების პროექტი, რომელსაც სამუშაო ჯგუფი ამუშავებს და რომელშიც მსო-ს მიმართ რუსეთის ახალი ვალდებულებები შევა, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს დასრულდება. მსო-ს მინისტრების შეხვედრა, რომელზეც შეიძლება რუსეთის განაცხადი დააკმაყოფილონ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.
foreignpress.ge
715
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85