პოეტი, დრამატურგი, ფსიქოლოგი და ექსპერტი - მილიარდერის მრჩევლები ხდებიან

პოეტი, დრამატურგი, ფსიქოლოგი და ექსპერტი - მილიარდერის მრჩევლები ხდებიან


ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს, უკვე დაიწყო მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტება. ამ ეტაპზე საბჭო მხოლოდ არაფორმალური სახით არსებობს და მისი მხოლოდ ოთხი წევრის ვინაობაა ცნობილი - დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი. სამომავლოდ საბჭოს გაფართოებაც იგეგმება და პრეზენტაციაც, თუმცა ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ივანიშვილის მოქალაქეობის არქონაა.

დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭო პრაქტიკულად შექმნილია და დაკომპლექტებულია. თუ ვინ იქნებიან ამ საბჭოში რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, ჯანიკაშვილის თქმით, ეს ადამიანები "პროფესიონალიზმისა და მათი განვლილი გზის მიხედვით" შეარჩიეს.

"მრჩეველთა საბჭო განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, შეეცდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კუთხით მიაწოდოს მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხებზე. საკითხთა სპექტრი კი მრავალფეროვანი იქნება," - ამბობს ჯანიკაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ მის მიერ მიცემულ რჩევებს, ჯანიკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა რაც ივანიშვილს ხვდება და მასთან საუბარი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

"საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა მან ჩემზე. ის არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს. ესაა ადამიანი, რომელიც ისმენს და ითვალისწინებს შენიშვნებს. ჩვენ პირველივე დღიდან მოვილაპარაკეთ, რომ ვამბობთ ჩვენს აზრებს და ეს შეიძლება იყოს კრიტიკული აზრებიც, რასაც ის შეიძლება არ ეთანხმებოდეს. იყო რამდენიმე საკითხზე კამათიც, მაგრამ მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში, ის ისმენს და თუ არგუმენტირებულად უსაბუთებ, ამ არგუმენტებს იღებს," - ამბობს ჯანიკაშვილი.

ჯანიკაშვილის თქმით, რაც შეეხება საკითხებს, რომელმაც დისკუსია გამოიწვია, ერთ-ერთი იყო სატელევიზიო ინტერვიუს მიცემა-არ მიცემის საკითხი.

"კამათი იყო ერთ-ორ საკითხზე, თუმცა, ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. რაც შეეხება მის განწყობებს, არის ძალიან პრინციპული. მან თქვა რომ ხელისუფლების შეცვლას იწყებს და მხოლოდ კონსტიტუციური გზით აპირებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. მისი სურვილია ქვეყანა განვითარდეს ევროპული გზით და რეალიზებული იყოს ის ღირებულებები, რაც მისაღებია თანამედროვე მსოფლიოსა და სამყაროსათვის," - ამბობს ჯანიკაშვილი.

პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც ამ საბჭოს წევრია, ამბობს, რომ საუბარი მრავალ თემას შეეხო, მათ შორის მიმდინარე პროცესებსაც.

"ის ძალიან გახსნილი ადამიანია და ბევრი რამ აინტერესებს. მას წინასწარი წანამძღვრები არ აქვს საკითხებთან მიმართებაში. ძირითადად საუბარი ეხება არსებულ რეალობას, რა არის ქვეყნისათვის უკეთესი," - ამბობს ამაღლობელი.

რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებს, ამაღლობელი ამბობს, რომ ძირითადად სამუშაო მონახაზი კეთდება და ოფიციალური პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იქნება.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ეს ჯგუფი ჯერ მხოლოდ ფორმალური სახით არ არსებობს და შეხვედრებსაც ამ ეტაპზე არ აქვს სისტემატიური ხასიათი, თუმცა ყველაფერი გარდაიქმნება და ეს დროზეა დამოკიდებული.

"ყველაფერი გამოჩნდება მომავალში. ჯერ ყველაფერი არის მხოლოდ დისკუსიის რეჟიმში. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ეხება ყველაფერს, იმის მიხედვით რამდენად აქტუალურია ესა თუ ის თემა," - ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, აქვთ ძალიან თავისუფალი რეჟიმი, ივანიშვილი უსმენს ყველას, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს პრაგმატულად და ეფექტურად.

"ის ითხოვს შენობით ურთიერთობას, საქმეში კი გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას. ის კომფორტულად მომუშავე ადამიანია, რაც დამატებითი სტიმულია, რომ ამ ფორმით ურთიერთობა გავაგრძელოთ. არც თუ ისე ბევრია საკითხები, რომელზეც ჩვენი აზრი არ ემთხვევა ხოლმე.

"მას აქვს სხვისი აზრის პატივისცემის ნიჭი და ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო ადვილად დავსახოთ სწორი გზა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნის. გვთხოვა კიდეც, რომ თუ იქნებოდა საკითხები, რომელზეც არ ვეთანხმებოდით და არ მოგვწონდა, უბრალოდ შეგვეწყვეტინებინა," - ამბობს სესიაშვილი.

მისი თქმით, ჯერ მრჩეველთა საბჭო რამდენიმე ადამიანისაგან შედგება, ამ ეტაპზე ეს არაფორმალური შეხვედრებია, რადგან პრობლემას ჰქმნის არსებული რეალობა - მას და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

"ეს ჰქმნის სამართლებრივ პრობლემებს, რომ ის გამოჩნდეს ეკრანზე და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები. გარკვეულ საკითხებზე საუბარი კანონმდებლობით აკრძალულია, ჩვენ გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში საკითხების განხილვა," - ამბობს სესიაშვილი.