საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები – პარადოქსი რეალური საფუძვლით

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები – პარადოქსი რეალური საფუძვლით

[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]

სავაჭრო-ეკონომიკური ურიერთობები, რუსეთ-საქართველოს მთელი პოსტ-საბჭოთა ურთიერთობების ყველაზე პარადოქსული შემადგენელი ნაწილია. იმ დროს როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად არ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრიზისული პერიოდების არსებობის მიუხედავად, არ შეწყვეტილა.

ამ კონტაქტების ძირითად საფუძველს, წარმოადგენს ის, რომ საქართველო ამჟამადაც რუსეთში სამუშაო ძალის ერთ-ერთი ძირითადი „ექსპორტიორი“, ხოლო რუსეთი ინვესტიციების ერთ-ერთ მთავარი „იმპორტიორია“ საქართველოში.

მაგალითად ჯერ კიდევ 2005 წელს (რუსეთის მიერ საქართველოს პროდუქციის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებამდე) რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული იქნა 240 მლნ. აშშ დოლარი, რაც ყველა გზავნილების 59.6% იყო. შემდგომში ეს ციფრები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიუხედავად, კი არ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების თაობაზე, ის იმდენად არასრულყოფილია, რომ არ იძლევა რეალური მდგომარეობის ანალიზის შესაძლებლობას.  ეს პირველ ყოვლისა იმით არის გამოწვეული, რომ ბევრი რუსული ფირმა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოში, დარეგისტრირებულია ე.წ. ოფშორულ ზონებში და ამის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია შესაბამისი თანხების წარმომავლობის დადგენა.

„პოსტსაბჭოთა ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის: რეალობა და განვითარების შესაძლებლობები”, კრებული “რუსეთი და საქართველო”, რუსულ ენაზე, თბილისი, ICCN, 2010 წელი.

თუ პოლიტიკურად რუსეთის მხრიდან “საბჭოთა იმპერიის” სხვა სახით აღდგენის ცდებს დიდი წინააღმდეგობა ხვდება, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისე დასავლეთის მხრიდან, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ჩუბაისის ცნობილი კონცეფციის, “ლიბერალური იმპერიის” შექმნის ცდებს, რომლის მიზანია ეკონომიკური ექპანსიის გზით ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ეკონომიკური გავლენის აღდგენა, წარუმატებლად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკაც დიდი ალბათობით, შესაძლებელია ამ კონცეფციის ნაწილი იყოს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიაში, უპირატესობა ამ მხრივ პირველ რიგში ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში ექსპანსიას ენიჭებოდა და ენიჭება, თუმცა საქართველოში აღინიშნება რუსეთის აქტიურობა სხვა, მაგალითად წყალმომარაგების სისტემების და უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით.

ხელი არაფერს შეუშლია რუსეთისათვის, კერძოდ კი კომპანია “ინტერ-რაო”-სთვის, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს შეეძინა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია “თელასის” 75%, ხოლო შემდგომ სტრატეგიულად ისეთი მნიშვნელოვანი ჰესები, როგორიცაა “ხრამი1” და “ხრამი2”. თუ განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების გეგმა აღნიშნულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, რაც გულისხმობს თუნდაც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიების აქციების გაყიდვის შესაძლებლობას, სავარაუდოდ გაიზრდება ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხეც.

ამ საკითხს სპეციალური სტატია მიუძღვნა რუსულმა გაზეთმა “მოსკოვსკიე ნოვოსტიმ”. სტატიაში საუბარია 3 ობიექტზე, რომლებიც ეკონომიკის სწორედ ზემოხსენებულ სეგმენტებს ეხება, კერძოდ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, რკინიგზასა და სახელმწიფო ენერგოსისტემაზე. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით ამ კომპანიების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. სამთავრობო გუნდის გეგმით, რასაც უეჭველია მხარს დაუჭერს დეპუტატთა უმრავლესობა, 3 კომპანიაზე დაშვებული უნდა იქნეს გამონაკლისი და მათი აქციები უცხოელებზე გაიყიდოს. ეს კი ის ობიექტებია, რომელთა მიმართ მოსკოვი ინტერესს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე იჩენდა. ბუნებრივი იქნება თუ აქციების შეძენის პირველი პრეტენდენტი სწორედ რუსეთი იქნება.

“გაზპრომის” წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა “მასკოვსკიე ნოვოსტის”-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ძალიან სჭირდება და მისი შეძენა კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რუსული გამოცემა ასევე წერს, რომ “გაზპრომი” ქართული გაზსადენის შეძენისათვის ადრეც მზად იყო, როცა მისი გასხვისება მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა კობა ბენდუქიძემ გადაწყვიტა. რუსული კომპანია ქართულ მხარეს 150 მილიონ დოლლარს სთავაზობდა, მაგრამ მაშინ ეს გარიგება შეერთებული შტატების მონაწილეობით ჩაიშალა, რომელსაც არ სურდა რომ რუსეთს ქართულ ენერგომატარებლებზე მონოპოლია დაემყარებინა. როგორც ჩანს მდგომარეობა შეიცვალა

იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს რკინიგზაზე. რუსეთის რკინიგზის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი, ჯერ კიდევ 2004 წელს აცხადებდა, რომ მზად იყო მონაწილეობის მისაღებად საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთის ამ უწყებაში უპასუხოდ დატოვეს კითხვა, თუ რამდენად არიან დაინტერესებული ამ ობიექტის შეძენით, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ ინტერესი კვლავ დიდა. მით უმეტეს, რომ როდესაც თავის დროზე რუსეთმა ხელში ჩაიგდო სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება, ახლად შექმნილ შვილობილკომპანიას “სამხრეთ კავკასიის რკინიგზები” დაარქვა.

საქართველოს სტრატეგიული ობიექტების მომავალ ტენდერებში რუსეთის მონაწილეობას უეჭველად მიიჩნევს ერთ-ერთი რუსი დიპლომატი, რომელმაც, “მოსკოვსკიე ნოვოსტის” ინფორმაციით, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი აზრით “რუსეთს, პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის მართვის ისტორიული გამოცდილება აქვს. ასეთ ტენდერებში მონაწილეობა კი ქართულ-რუსულ პოლიტიკურ ურთიერთობებსაც სასიკეთოდ წაადგება, რადგან დრო ყველაფრის მკურნალია”.

ეს რუსი დიპლომატის აზრია, მაგრამ რეალურად რა საფრთხე შეუძლია ამ პროცესებს საქართველოს მომავალს შეუქმნას, სხვა, და უფრო მეტად დასაფიქრებელი საკითხია.

კომენტარებში: 1. ნოდარ ჯავახიშვილი, 2. რევაზ საყევარიშვილი, 3. დემურ გიორხელიძე

განმარტება:

„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარემასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნულითემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოებისყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსისწახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანიადა უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერითმომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არწარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულსაკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“