რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილის განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ  თანამშრომლობის, თანაცხოვრების და თანაარსებობის ხელშემწყობი სწორედ, ის არაა

რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილის განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ თანამშრომლობის, თანაცხოვრების და თანაარსებობის ხელშემწყობი სწორედ, ის არაა

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან  „კოალიცია „ქარულ ოცნებას“ მნგრეველთა ბრიგადა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში თალიბანიზაციის საფრთხე არსებობს“, ცუდად გათვლილ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს.

საყვარელიძის განცხადებით, პრეზიდენტის  განცხადების ფონზე,  ცხადი ხდება, რომ სწორედ, ის არაა თანამშრომლობის, თანაცხოვრების და თანაარსებობის ხელშემწყობი და მისთვის მტერია, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც თვითონ.

„არჩევნების შემდეგ,  ერთმანეთის მიმართ, მკვეთრი განცხადებები, შეიძლება ივანიშვილთან უფრო მეტი დაგვეთვალა ვიდრე,  სააკაშვილთან და ნაწილობრივ, ამ განცხადებების შედეგი იყო ის,  რომ უცხოელები კოჰაბიტაციას მმართველი პარტიისგან უფრო ითხოვდნენ, ვიდრე ყოფილი მმართველებისგან. სააკაშვილის ეს განცხადება, ვფიქრობ, ცუდად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან  პრეზიდენტის ამ ახალი განცხადების ფონზე ცხადი ხდება,  რომ სწორედ,  ის არაა თანამშრომლობის,  თანაცხოვრების და თანაარსებობის ხელშემწყობი“, - განაცხდა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი, პრეზიდენტის განცხადებას მისთვის  წამგებიანი სვლად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს მისგან იმპულსური, ემოციური ნაბიჯი იყო.

„არამგონია ეს მოფიქრებული ნაბიჯი ყოფილიყო. ვფიქრობ,  იმპულსური, ემოციური ნაბიჯი იყო და  პრობლემა ისაა, რომ  მან ასეთი ემოციური, იმპულსური და გაუთვლელი ნაბიჯების კეთება თუ დაიწყო,  შეიძლება ასეთი იმპულსურობა ქვეყანას და მასაც  ძვირად დაუჯდეს. არამგონია, მის ამ განცხადებას  რაციონალური, აზრიანი საფუძველი ჰქონოდა. მგონი, მოსახლეობის განწყობაში ისეთი კრიზისი დაინახა,  რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მძიმე დასაძლევი იქნება. კერძოდ,  10-13 %-ზე როცა მერყეობს პოლიტიკური პარტიის რეიტინგი,  იმ პარტიამ ასე რიხიანად არ უნდა ისაუბროს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვის პასუხად, პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ, მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა და იმის გათვალისწინებით, რომ  ევროპიდან ახლახანს დაბრუნდა, რაიმე დასაყრდენი ხომ არ ნახა  ევროპაში, რომელმაც ეს განცხადება განაპირობა, საყვარელიძე აცხადებს, რომ მისთვის საყრდენი ევროპა ვერ იქნება,  საყრდენი საქართველოა და თუ რაიმე პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა სურს, აქ უნდა შექნას.

„ჯერ ერთი, საქართველოს მიმართ,  ევროპული ტონი საგრძნობლად შემცირდა და მეორეც, რა დასაყრდენიც არ უნდა ეპოვა ევროპაში, მისთვის საყრდენი ევროპა ვერ იქნება, საყრდენი საქართველოა და თუ რაიმე პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა სურს, აქ უნდა შექნას, ამ საზოგადოებაში.

გამორიცხული არაა დავუშვათ, მან  რაღაც დაპირებები, როგორც პიროვნებამ მიიღო, მაგრამ ასეთი გამოსვლით, ის თავის გუნდს ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს.

მთელი საქართველოსთვის ცხადი გახდება, რომ ამ გუნდის ხელისუფლებაში ხელმეორედ მოშვება არ შეიძლება.  ანუ,  რაც სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში  ხალხს დაავიწყდება „ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილიდან,  ასეთი განცხადებებით ხელახლა გაახსენდებათ და მოსახლეობისთვის  ხელახლა მიუღებლები გახდებიან“, - განაცხადა საყვარელიძემ.