იუსტიციის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება ჩატარდება.

უწყების ცნობით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურ თანამშრომლობას. თანამშრომლობის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ ეფექტიანი გამოძიება ჩატარდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ ფაქტებზე.

„დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში ამ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის პირველადი შესწავლა მიმდინარეობს. პირველადი შესწავლის შედეგად უნდა გაირკვეს, დაიწყება თუ არა გამოძიება, რის შესახებ გადაწყვეტილებაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უნდა მიიღოს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია შემოდგომის დასაწყისში მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია 2012 წლის 27 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების სრულფასოვან გამოძიებას, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფის გაფართოებასა და გაძლიერებას გეგმავს“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.