ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის გადადებას ითხოვს

ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის გადადებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი  ელისო ჩაფიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის გადადების წინადადებით გამოდის.   

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩაფიძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით,  ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დიდი დავალიანება აქვს და ამ პირობებში სახელდახელოდ კონკურსის გამართვა არ უნდა მოხდეს.

„ასევე ცნობილია, რომ შემოსულია ინიციატივა ქვეყანაში მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის შესახებ.  ამ ინიციატივას სრულად ვეთანხმები, რადგან გარდა იმისა, რომ ეს აჭარის მოსახლეობის მოთხოვნაა, მე ვფიქრობ, რომ საერთო საქმესაც წაადგება. აქედან გამომდინარე, მინდა, მოვითხოვო, რომ დროებით, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განვიხილავთ, გადაიდოს საზოგადოებრივ მაუწყებლში მიმდინარე კონკურსი. არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, საქართველოს პრეზიდენტი წყვეტდეს, სამეთვალყურე საბჭოს რა შემადგენლობა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა“, - აცხადებს დეპუტატი.