კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
რატომ გახდა მნიშვნელოვანი საზოგადოების ნაწილისთვის პოლიტიკურ სცენაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკურ ჯგუფ "ტერრა მედიას" გენერალურ დირექტორს, სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვალერიან, ქართულ პრესაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა, ამ განცხადებებზე ქართულ საზოგადოებისა და პოლიტიკურ წრეების რეაქციამ, უნებლიედ ლევ ტოლსტოის რომანის, "ანა კარენინას" დასაწყისი გაგვახსენა – "ობლონსკების სახლში ყველაფერი აირ-დაირია".
თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდა ბიზნესმენ ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკაში გამოჩენა ასე მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის? ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ კი ხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რაც უნდა ხდებდეს ქვეყანაში, მთავარ ნიუსმეიკერად უჩინარი ბიზნესმენი რჩება, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და სავარაუდო პარტნიორებთან კონსულტაციებიც დაიწყო...
- გეთანხმებით, რომ ბიძინა ივანიშვლის გამოჩენა და მისი პოლიტიკური განაცხადი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს საქართველოს პოსტრევოლუციურ ისტორიაში. თავისი მნიშვნელობით და მოსალოდნელი შედეგებით ამ მოვლენის წონა უახლოვდება ზურაბ ჟვანიას უეცარ გარდაცვალებას და რუსეთ – საქართველოს ომს.
იმაშიც გეთანხმებით, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ისეთი კალეიდოსკოპური სიჩქარით ერთმანეთს ცვლიდა ძალზედ მნიშვნელოვანი ოთხი საინფორმაციო საბაბი. "ექვსეულის" დაშლა, პუტინის "ევრააზიული" ინიციატივა, სარკოზის ვიზიტი თბილისში - დამეთანხმებით ალბათ, რომ თავისი განსხავებული წონის მიუხედავად, არც ერთი ეს მოვლენა არ შეიძლება მოინათლოს როგორც რიგითი. ამის მიუხედავად, ბიძინა ინაშვილის ფაქტორმა გადაფარა ყველა ზემოხსენებული ფაქტი, სარკოზის ვიზიტის ჩათვლით.
ივანიშვილის ფენომენი უკავშირდება ორ ძირითად ფაქტორს. ერთი მხვრივ, ბოლო დროს საპროტესტო ელექტორატში არსებული უპრეცედენტო სკეპტიციზმი და პოლიტიკური აპათია, რომელიც გამოწვეული იყო ოპოზიციაში მკვეთრად ქარიზმატული ლიდერის არარსებობით, ითხოვდა გამოსავალს. ადამიანი არ შეიძლება მუდმივად იმყოფებოდეს უიმედო მდგომარეობაში და, როდესაც ნახევრად მითოლოგიური, უამრავი ლეგენდით შემკული პერსონაჟი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ნეგატიურად განწყობილ მოსახლეობაში, გამოჩნდა ეიფორიით ნარევი იმედის განცდა. მეორე ფაქტორი მჭიდროდ უკავშირდება იმ ხატს ან ვთქვათ იმიჯურ მახასიათებლებს, რომლებიც ილექებოდნენ მოსახლეობის ცნობიერებაში რამდენიმე წლის განმავლობაში.
ქართველი, მართლმადიდებელი, წარმატებული, იდუმალი, მზრუნველი, მეცენატი და ფილანტროპი, თითოეული ეს პრედიკატი, რასაკვირველია, ქმნის იდეალური რაინდის, გმირის ხატს, რომელმაც აუცილებლად უნდა დაამარცხოს გველეშაპი. ერთად-ერთი ხატი, რომელიც გარკვეული დაშვებით შეიძლება შეადარო ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ იმიჯს, არის მიხეილ სააკაშვილის პრეროვოლუციური იმიჯი. მაშინაც, სააკაშვილი მოსახლეობის დიდ ნაწილს ესახებოდა რაინდად, რომელსაც უნდა დაემარცხებინა თავისი გველეშაპი. არც ბადრი პატარკაციშვილს და მით უფრო არც ირაკლი ოქრუაშვილს მსგავსი მახასიათებლები არ გააჩნდათ.
- ივანიშვილის მეორე განცხადებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები კი გამოითქვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვინც ბოლო 20 წელი აკვირდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, ივანიშვილის მეორე წერილის მსგავსი მასალა ძნელად თუ შეიძლება გაიხსენოს. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ივანიშვილმა მთელ პოლიტიკურ კლასს უფასოდ მასტერკლასიც კი ჩაუტარა. თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად ივანიშვილის განცხადებებს და მის პოლიტიკურ გემოვნებას? მხედველობაში მაქვს მის მიერ პოლიტიკურ პარტნიორებად "რესპუბლოკელებისა" და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" დასახელება...
- აქ მართლაც ბევრი სიახლეა. მინდა, აღვნიშნო, რომ კომუნიცირების მეთოდი რომელიც არჩეულ იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ, არის უპრეცედენტო. ეპისტოლარული, პირდაპირი მონოლოგი საზოგადოებასთან. აქ, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიაა და ტექსტის გაგება შეუძლებელია ფსიქოლოგიური კონტექსტის გარეშე. მაგალითად, ბევრი მიმომხილველი და კომენტატორი იყო გაოცებული და შეშფოთებული ტექსტის კატეგორიულობით და გარკვეული აგრესიულობითაც, განსაკუთრებით მედიასაშუალებების, ცალკეული ჟურნალისტების თუ ექსპერტების მიმართ.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩვენს წინ ვითარდება ახალი მითოსი და, როგორც მითოსების უმრავლესობაში, მასში დუალისტური ფაბულაა: თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება. გამოვყოფ ერთ ფრაგმენტს ივანიშვილის წერილიდან, რომელშიც ის გულწრფელად აღწერს თავის განცდებს, ეჭვებს და შიშს, რომლების წინ უძღოდა ამ ძალზედ რთულ დილემას, თავის არჩევანს - წასულიყო თუ არა საჯარო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილმა გადალახა რუბიკონი და, როდესაც გააკეთა ეს არჩევანი, მშვენივრად აცნობიერებდა, რომ ჩაერთო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში და ამ ბრძოლაში მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე - მტრები. მესამე, ამ ბრძოლაში მკაფიოდ უნდა იყოს ცნობილი - ვინ ვისთან არის. ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი ახდენს მკვეთრ დემარკაციას პოლიტიკურ სპექტრში, მედიასა და ექსპერტულ ამქარში. ამიტომაც არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, პატიოსანი ჟურნალისტი და ადამიანი ია ანთაძე გახდა ბევრისთვის მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის რისხვის ობიექტი.
ივანიშვილი თითქოსდა ეუბნება თავის ადრესატებს – მე გადავწყვიტე, ჩავება ბრძოლაში, რომელიც შესაძლოა, სიცოცხლის ფასად კი დამიჯდეს, სიბორეტე ცნობილია, ეს იცით თქვენც და მეც. ივანიშვილმა მკვეთრად მიანიშნა, რომ დღეს აღარ არის დრო პოლიტკორექტულობის, ფსევდოობიექტურობის, ყალბი ბალანსის და სხვადასხვა მოსაზრებების რეპპრეზენტატიული ანალიზის. დღეს, ყველა და განსაკუთრებით ისინი, ვინც სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ვოტუმით, უნდა იყოს ერთ მხარეს. ვინც არ არის ჩვენთან, ის ჩვენი წინააღმდეგია. სინამდვილეში, ეს თეზაც მითოსურია, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე დუალისტურია. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებას, აქაც ვხედავ მის გააზრებულ სტრატეგიას, როდესაც პირველ პარტნიორად იგი ირჩევს მკვეთრად პროდასავლური, საერთაშორისო კავშირების მქონე პოლიტიკური პარტიებს. თუმცა, მგონია, რომ არსებულ კონფიგურაციას შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი ან ორი სუბიექტი.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გააქტიურება რუსეთის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილის შემცვლელის ძიების დაწყებას უკავშირდება; რომ ივანიშვილმა რუსეთში მცხოვრებ ქართულ ოპოზიციას დაასწრო და თავისი თამაში დამოუკიდებლად დაიწყო. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა ამგვარი მტკიცება? და კიდევ, ხელისუფლება ივანიშვილს პუტინის პროექტად მიიჩნევს. რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს რეალობას ამგვარი მტკიცება?
- დისკუსია იმასთან დაკავშირებით, დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილის უკან, რომელიმე სახელმწიფო, მიმაჩნია მიამიტურ შეკითხვათ, როგორც ნებისმიერი შეკითხვა, რომელზეც პასუხი ცხადზე ცხადია და წინასწარ ცნობილიც არის. დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ქვეყანაში, რომელიც, თავისი მდებარეობის გამო, წარმოადგენს ერთ ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პლატფორმას, საღად მოაზროვნე ადამიანი, გარე პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ვერ გაბედავდა რაიმე სერიოზული ან ამბიციის მქონე პოლიტიკური პროექტის წამოწყებას.
თუმცა, დღევანდელი ვითარება და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საერთაშორისო გარანტიების მოპოვება რუსეთთან, ევროპელებთან და ამერიკელებთან მოხდეს პარალელურად მის პოლიტიკურ აქტივობებთან. ბიძინა ივანიშვილს კი ესმის, რომ თავის მხრივ მან უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრული საგარეო კურსი, სწორედ ამით აიხსნება მის პირველ განცხადებაში ევროინტეგრაციის აუცილებლობა და რუსებთან ურთიერთობების დარეგულირება. ჩემი აზრით, ივანიშვილის კანდიდატურა არც ევროპილებისთვის უნდა იყოს მიუღებელი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სიმპტომატურია, რომ ალასანიამ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა დასავლეთში.
რაც შეეხება რუსეთს, ბუნებრივია, რომ რამდენიმე მარგინალური ჯგუფი მართლაც აცხადებდა გარკვეულ ამბიციებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში რუსეთი შეიძლება შეეგუოს ივანიშვილის ფაქტორს, მისი რესურსების, პოტენციალის და კონკურენტული უპირატესობების გათვალისწინებით. ის გარემოება, რომ "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" გამოცხადდნენ ივანიშვილის სტრატეგიულ პარტნიორებად, იყო ბრწყინვალე სვლა, რომელმაც, ჩემი ვარაუდით მცირე ნოკაუტში ჩააგდო ხელისუფლება. ეს ორი პოლიტიკური ძალა ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის დამოკიდებულებას პრორუსული ძალების მიმართ, ხოლო ამ ორგანიზაციების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საზოგადოება დიდი ხანია, რაც ინფორმირებულია. Aამდენად, ივანიშვილის დადანაშაულება პრორუსულ ორიენტაციაში და პუტინიზმში კომიკურიც კი ხდება.
- სახელისუფლო ტელევიზიებმა პრაქტიკულად უარი თქვეს ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშვებაზე. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების გადაწყვეტილებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და ტელევიზიები მისი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშვებას არ აპირებენ?
- - ხელისუფლებას ეშინია, ეს არის და ეს. თუ გახსოვთ, ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში ხელისუფლება ღიად მიესალმებოდა, ლამის ეპატიჟებოდა პატარკაციშვილს საჯარო პოლიტიკაში შემოსვლას. აქ კი, საწინააღმდეგო ვითარებაა, ხელისუფლებას ეშინია ბიძინა ივანიშვილის, როგორც საჯარო პერსონის და მით უფრო პოლიტიკოსის სტატუსში.
- ენ-დი-აი-მ საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. როგორ შეაფასებდით კვლევის შედეგებს და, თქვენი აზრით, საზოგადოებრივ აზრში რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტიკურ სცენაზე ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით?
- არაერთხელ მითქვამს, რომ სოციოლოგიას, როგორც ნებისმიერ სამეცნიერო დისციპლინას სჭირდება თავისი ბუნებრივი სივრცე. ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებ შესაბამისი კონდიციების გარეშე, ასევე ზუსტი რეიტინგების დადგენა შეუძლებელია, თუ ათიდან ოთხი რესპონდენტს არ ასახელებს ან აშკარად იტყუება თავის პასუხებში იმის გამო, რომ ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მიუხედავად ამისა, 42%-იანი რეიტინგი, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს ამ მოძრაობისათვის. თუ კი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ყოველთვის 8-10% აღემატება არჩევნებში მიღებულ შედეგს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეისათვის მმართველი პარტიის რეიტინგი მერყეობს 32 -34% ფარგლებში, რაც სავსებით რეალურია. რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებას შემდგომ რეიტინგებში, რომლებსაც გამოიწვევს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ის აუცილებლად იქნება და თანაც - მკვეთრი, ბუნებრივია - არა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
814
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85