საპასუხო მიმართვები - ბიძინა ივანიშვილს

საპასუხო მიმართვები - ბიძინა ივანიშვილს


უკვე დღე არ გავა ისე, რომ ქართულ პრესასა თუ სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის წერილების საპასუხო მიმართვები, განცხადებები თუ, უბრალოდ, გამოხმაურებები არ გავრცელდეს. გამოხმაურებების ნაწილი სარკასტული შინაარსისაა, ნაწილი პოლიტიკაში მოსვლის მოსურნე მულტიმილიარდერ ბიზნესმენს წარმატებას უსურვებს და ერთობლივი თანამშრომლობისთვის მზაობასაც გამოხატავს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ”საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარის სალომე ზურაბიშვილის, ”ქართული აკადემიის”, ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ცნობილი ფეხბურთელის - კახი კალაძის - საჯარო მიმართვები გავრცელდა.

წერილობითი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ საზოგადოებას შორის გრძელდება და ეს ურთიერთობა უკვე ორმხრივია. თუ აქამდე მხოლოდ ივანიშვილი ავრცელებდა საჯარო მიმართვებს, ახლა უკვე წერილებს ივანიშვილის ადრესატები წერენ და არამხოლოდ.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში დადებითად აფასებს ”ქართული აკადემია”, რომლის განცხადებაშიც ვკითხულობთ:

”ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლით ჩნდება რეალური, სოლიდური და ქმედითუნარიანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების შანსი, რომელსაც შეუძლია ძალთა ბალანსი ხალხის სასარგებლოდ შეცვალოს.”

აკადემიის წევრი თემურ ნანეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის ივანიშვილს თანამშრომლობა ჯერჯერობით არ შეუთავაზებია, თუმცა ”ქართული აკადემია” მზადააა დადგეს ყველა იმ ძალის გვერდით, ვისაც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა სურს და რისი შანსიც დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ივანიშვილის გამოჩენამ ასპარეზზე კი სურათი შეცვალა, ამბობს თემურ ნანეიშვილი:

“საზოგადოება პირველ პლანზე ივანიშვილის ფინანსურ კაპიტალს წამოსწევს, მაგრამ ეს კაპიტალი მან ისე მოიხმარა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ, ფაქტია, მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული. ფული ბევრს აქვს, მაგრამ ისე არ ხარჯავს, რომ ქვეყანას გამოადგეს. ვფიქრობდი, რამ აიძულა მაინცდამაინც ახლა მოსვლა პოლიტიკაში? მე მგონია, რომ სააკაშვილმა აიძულა - არაპირდაპირ, ცხადია - თავისი გადაწყვეტილებით, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. ივანიშვილმაც დაინახა, რომ ეს ხელისუფლება კიდევ წლები აპირებს ქვეყნის მართვას და გაჩნდა შეგრძნება, როგორც ის წერს თავის წერილში, რომ მას სამშობლოს ართმევენ. ივანიშვილმა იცის, რომ თუ ეს საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ წააგო, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას პერსპექტივა აღარ ექნება ათეული წლების განმავლობაში.”

​​გავრცელდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საჯარო მიმართვაც ბიძინა ივანიშვილისადმი. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, თავის წერილში რამიშვილს ”დარდუბალას” აღდგენის შეთავაზებით მიმართავდა, ტელეკომპანია ”მაესტროს” კი, სადაც ახლა რამიშვილი მუშაობს, ”სააკაშვილის სპეცდანიშნულების ტელევიზიას” უწოდებდა. რამიშვილმა პასუხი არ დააყოვნა:

”ბიძინა ივანიშვილის რესურსები ძალიან წაადგება სააკაშვილის წასვლის საქმეს. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხელს უშლის ქვეყნის პროგრესულ განვითარებას და ბიძინა ივანიშვილს თავისი ინტელექტუალური თუ ფულადი რესურსებით შეუძლია ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მე მინდა ”დარდუბალას” გაკეთება. მინდა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება. ასევე მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ცდება ”მაესტროს” შეფასებებში და მგონია, რომ მე და ჩემი კოლეგები სწორედ იმ ღირებულებებს ვემსახურებით, რაზეც ივანიშვილის მიმართვაში იყო ლაპარაკი. არათუ არ გამოვრიცხავ, მივესალმები მასთან თანამშრომლობას.”

კახი კალაძის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში კი გამოჩნდა ფეხბურთელის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი:

”ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენს გვერდით", - წერს კალაძე. - ”პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც, არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია...

მართალია, სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული. სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტინგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ. ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით.”

​​მწვავე მესიჯებს შეიცავს საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიესადმი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაგზავნილი მიმართვა, რომელიც ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხება. ამ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ დევნად აფასებს, მიმართვაში კი ვკითხულობთ:
"ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა განხორციელდა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ. ნუთუ მისი სიტყვა, მიმართული პრეზიდენტ სააკაშვილის დასაცავად, საქართველოსადმი მეგობრობის გამოსახატავად, ხელს უხსნიდა იმგვარ უსამართლობას, როგორიც გამოიხატა საფრანგეთის მოქალაქის, ქველმოქმედის და ამჟამად პოლიტიკაში ჩართვის მსურველი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ისვე შეურაცხმყოფელია საფრანგეთისათვის, როგორც საქართველოსათვის? პოლიტიკური ცვლილებების შიში მხოლოდ ნიშანია არადემოკრატიული და დიქტატორული მისწრაფებებისა. საქართველოს მოსახლეობა ელის პასუხს დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯი ქვეყნის ელჩისაგან - როგორ უყურებს ის ამ არადემოკრატიულ და პოლიტიკურად ორიენტირებულ ნაბიჯს, რომელიც უკრძალავს ადამიანს თავის მშობლიურ ქვეყანაში თავისუფალ პოლიტიკურ საქმიანობას და არჩევნებში მონაწილეობას."

საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ერიკ ფურნიე განცხადებას უკვე გაეცნო, თუმცა მისი პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.