ხალხის სახელით - ხალხის წინააღმდეგ!

ხალხის სახელით - ხალხის წინააღმდეგ!

ძნელად თუ მოიძებნება უფრო საშიში მოვლენა, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი, სადაც არ არსებობს წინააღმდეგობის გამწევი ძალა და ხელისუფლების ნებისმიერი კანონპროექტი, თუნდაც საღ აზრს მოკლებული, ტაშის გრიალით, სამი მოსმენით, კანონად უპრობლემოდ იქცევა. სამწუხაროდ ასეთი კანონებით და მისი შედეგებით არის  ჩვენი ახლანდელი ყოფა დამძიმებული.

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამ ხელისუფლება (და არა მხოლოდ ის) საფუძვლიანად ააფორიაქა. მარტივად წარმოსადგენია, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები როგორ იჭყლეტენ ტვინს იმ მორიგ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ ამბიციებს მოაშთობს. უახლოეს მომავალში ასეთ საკანონმდებლო აბსურდს კიდევ ვნახავთ, თუმცა, მანამდე რამდენიმე მაგალითი უახლოესი წარსულიდან.

ქიბარ ხალვაშის „არტიჯგუფში“ ფინანსურმა პოლიციამ მყისიერად აღმოაჩინა ხარვეზები. „არტიჯგუფი“ დალუქეს, სოლიდური სანქციებიც დააკისრეს, მაგრამ მისი ქონების გაყიდვა ვერ ხერხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალვაშის ქონების აუქციონზე გასაყიდად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყო საჭირო, რაც სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას მოითხოვდა... და მაშინ კანონი შეცვალეს, - დაკანონდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისია ბიზნესმენის ქონების გასაყიდად(?!). როცა ვერც ამ ცვლილებამ გამოიღო სასურველი შედეგი (ქიბარ ხალვაშის აუქციონზე გამოტანილი ქონება არავინ იყიდა) ჩვენმა კანონმდებლებმა მორიგი საგანგებო ცვლილება შეიტანეს საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილების მიხედვით, თუ ჩამორთმეული ქონება აუქციონზე სამჯერ გატანის შემდეგაც არ გაიყიდებოდა, მაშინ ეს ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა.

ასეთი არაკონსტიტუციური ცვლილებისაგან თავის დასაცავად არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ აქაც ერთპატიული პარლამენტის დილემაა გადაულახავი.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მეწარმეთა კანონის ის მუხლი, რომელიც აქციების 5%-ის მფლობელებს ავალდებულებდა, კუთვნილი წილი მსხვილი აქციონერისთვის მიეყიდათ. ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ კი ცნო არაკონსტიტუციურად, მაგრამ ძალიან მალე, კანონში ჩვენმა „ერთპარტიულებმა“ ცვლილება შეიტანეს, მუხლს ნუმერაცია შეუცვალეს და იმავე შინაარსის ნორმა დააკანონეს(?!). როცა ახალი სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს.

სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს. მომჩივნებს უთხრეს, ამ თემაზე უკვე ვიმსჯელეთო! ასეთ მანევრებს ხშირად მიმართავენ ხელისუფლებაში მოკალათებული ლიდერები და ერთპარტიული პარელამენტი უსიტყვოდ ასრულებს მათ  სურვილებს. სინამდვილეში ეს თაღლითობაა, რომელსაც პოლიტიკოსები და პარლამენტარები საზოგადოების წინააღმდეგ ხალხის სახელით სჩადიან.

დიმიტრი გაბუნია: კანონის მორგების პრაქტიკა ძალზე საშიში მოვლენაა სახელმწიფოსთვის. იმდენად საშიში, რომ მან  შეიძლება სახელმწიფოც კი დაანგრიოს. არაკონსტიტუციურ, სრულიად აბსურდულ და მიუღებელი ცვლილებები ისე მოურიდებლად შეაქვთ კანონში, რომ თითქოს კანონზე და ქვეყანაზე კი არა, საკუთარ ბაღზე იყოს საუბარი. შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო იმისა თუ როგორ ცვლიან კანონებს საკუთარი ინტერესებისათვის. მაგალითად, 2008 წელს არჩევნების წინ კანონში ცვლილება შეიტანეს და მთლიანად გააუქმეს ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან. ვერავინ გაიგებდა ვინ რომელი კომპანიის მეპატრონე და პარტნიორი იყო. ეს იმიტომ გააკეთეს რომ 2008 წლის არჩევნების წინ მოსახლეობას და  ჟურნალისტებს ვერ გაეგოთ ვინ ვის აფინანსებდა... არჩევნები მორჩა თუ არა, ისევ შეიტანეს კანონში ცვლილებები და კანონი ძველ პოზიციაზე დააბრუნეს. ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანოპროექტი, რომელიც საბანკო ანგარიშების მონიტორინგს ეხება სხვა არაფერია თუ არა სიტუაციზე მორგებული კანონპროექტი, რომელიც მალე იქცევა კანონად. უკანასკნელი ასეთი სიტუაციური ცვლილება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს“ მალე ახალი მუხლი დაემატება. ამ მუხლით პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ენიჭება. კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას საბანკო ანგარიშის გამოყენებით ახორციელებს, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, ან მისი მოადგილის თანხმობით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე.

ეს კანონპროექტი სინამდვილეში დაკანონებაა იმ უმსგავსობისა, რასაც დღეს ისედაც ჩადის ხელისუფლება, ანგარიშების ფარულ მონიტორინგს ვგულისხმობ.  ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უწევს კომერციულ ბანკებს, კარგად ვიცით ისიც, რომ თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ოპერატიული სამძებრო-საქმიანობის კანონიდან გამომდინარე, ისედაც შეუძლიათ ბანკიდან გამოითხოვონ ინფორმაცია, მაშინ ისმება კითხვა რა საჭიროა ეს?

სინამდვილეში ამ კანონპროექტით კანონდება ის ფარული მოქმედება, რომელაც ისედაც აწარმოებენ საგამოძიებო ორგანოები და მეორეც, ეს საჯაროდ გაცხადებული ზეწოლაა, ვისაც ეხება იმათ საყურადღებოდ! არ გაბედოს ვინმემ თანხის გადარიცხვა  ოპოზიციურად განწყობული ძალებისათვის, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო! ეს  წინასაარჩევნო ცვლილებაა ბიზნესმენების დასაშინებლად.

გამოდის, კანონი ხელისუფლებაში მოკალათებული პირების ხელში ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად იქცა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასაც, ალბათ, მოყვება საკანონმდებლო სიურპრიზები?

- რას მოიმოქმედებენ და რა საკანონმდებლო სიურპრიზს მოიფიქრებს ხელისუფლება ამის გამოცნობა ჩემს ძალებს და კომპეტენციას აღემატება. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ქვეყანაში არალეგალური ქმედებების კანონიზაცია ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. კანონის ცვლილების არსი ის არის, რომ მან უნდა გააუმჯობესოს ადამიანების ყოფა, იარაღად კი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ ქმედებების „გასაპრავებლად“. ყველამ ხომ ვიცით, რისთვის შეცვალეს კონსტიტუცია? - ეს ცხადზე უცხადესია. რადგან კონსტიტუცია არ იძლეოდა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას, ადგნენ და ის შეცვალეს სიტუაციის შესაბამისად. კონსტიტუციაში წამდაუწუმ ცვლილებების შეტანა იურიდიული დოქტრინის თვალსაზრისით, დაუშვებელია.

კანონში ცვლილებების შეტანას პოლიტიკური მოვლენები კი არ უნდა იწვევდეს, არამედ კანონი უნდა არეგულირებდეს პოლიტიკურ მოვლენებს. ჩვენთან კი მოვლენების კანონიზაცია მიმიდნარეობს, რაც სრუილიად შეუფერებელია ცივილური სახელმწიფოსთვის. ასეთი რამეები მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში ხდება. სად არის თანასწორობა და შანსი იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძვიან? ასე ვერავინ ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში კანონიერი გზით. საზოგადოებას კი ერთადერთი ძალისმიერი გზა რჩება მის შესაცვლელად.