ვადამდელი არჩევნები ანუ ორი კურდღლის დაჭერის პერსპექტივა

ვადამდელი არჩევნები ანუ ორი კურდღლის დაჭერის პერსპექტივა

საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, ერთი კვირის წინ სწორედ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში გაიმართებოდა სესია.

ცხადია, ამ განცხადებას აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან შარშან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ქუთაისში სხდომის გამართვა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მესამე თავში, რომელიც ეძღვნება საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების წესებს, მის უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს, წერია, რომ „საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი“ და იქვე მითითებულია, რომ „ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.“

ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე არის თბილისი და სხდომის სხვაგან ჩატარება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სწორედ ამიტომ პრეზიდენტის ამ განცხადებას ექსპერტების მხრიდან მოჰყვა შეფასებები, რომ 26 მაისს სხდომის გამართვა კანონმდებლობას და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუცია შეიცვლება. შეცვლა კი უნდა მოხდეს იმით, რომ ან ამოღებული იქნას სხდომის გამართვის დროის მითითება, ან შეიცვალოს არჩევნების ჩატარების თარიღი.

სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის ეს განცხადება კანონდარღვევას ნიშნავს და სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობა სააკაშვილის განცხადების ინტერპრეტირებას ცდილობდა.

„ჯერ ერთი, ყველამ უნდა დაივიწყოს, რომ ვადამდე ადრეჩატარდება არჩევნები ან რაიმე ასეთი მოხდება. არჩევნების თარიღი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ეს არის 2012 წლის ოქტომბერი. მანამდე არანაირი არჩევნები არ იქნება. მეორე, პარლამენტის გადასვლა ქუთაისში და შესაბამისად გადაწყვეტილება უნარიანი პარლამენტის ფუნქციონირება ქუთაისში არის ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ისევ გავმეორდეთ, ჩვენს ოპონენტებს რომ არ შეეშალოთ, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

„რაც შეეხება 2012 წლის 26 მაისს, ამ დროისთვის პარლამენტის შენობა დასრულებული იქნება და მე ვფიქრობ, ამ მოწვევის პარლამენტმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ახალი პარლამენტის პრეზენტაცია მოხდეს სწორედ ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი იქ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ან სხდომას ჩაატარებს, ან კენჭისყრა გაიმართება. ეს იქნება პრეზენტაცია, გახსნის ცერემონია. ოფიციალურ ფუნქციონირებას კი ახალი პარლამენტი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყებს“, - განაცხადა მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

ცხადია, სხდომის ჩატარებასა და „სიმბოლურ გახსნას“ შორის რადიკალური სხვაობაა და ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტმა სწორედ სხდომის ჩატარება ახსენა და არა წითელი ლენტის გაჭრა.

პრეზიდენტის ეს განცხადება კი „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სწორედ არჩევნების ვადამდე ჩატარებას დაუკავშირა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უახლოეს თვეებში დანიშნავს. 

„სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მარტის დასაწყისში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 2012 წლის შემოდგომაზე კი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრებული არ იქნება. თუმცა, რუსეთში პუტინი რომ გახდება პრეზიდენტი, ეს ცალსახაა, ისევე, როგორც ის, რომ არჩევნებში სააკაშვილს სერიოზული კრახი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი უახლოეს თვეებში დანიშნავს არჩევნებს. ჩვენ მივდივართ არჩევნებში. ჩვენ უახლოეს თვეებში შევძლებთ იმაზე მეტად გავაძლიეროთ ქართული პარტია, ვიდრე აქამდე იყო,“ - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.

ამასთან, ექსპერტების ნაწილი პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასაც უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები სწორედ გაზაფხულისთვის გადმოიტანოს, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება ვერ მოესწროს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობის მინიჭების უფლება აქვს პრეზიდენტს და მან განცხადება ექვსი თვის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან, მოქალაქეობის მინიჭებისთვის არსებობს რამდენიმე აუცილებელი კრიტერიუმი, რომელსაც ივანიშვილი სრულად აკმაყოფილებს. განსაკუთრებით, ქვეყნის წინაშე დამსახურებას და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს მისთვის უარის სათქმელად მიზეზი არ ექნება.

მართალია, ივანიშვილს პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით განცხადებით არ მიუმართავს, მაგრამ, ცხადია, არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი წინასწარ იჭერდეს თადარიგს.

თუმა, ისიც უნდა ითქვას, რომ რიგგარეშე სპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, ქართველ ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არჩევნების ადრე დანიშვნის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატების მიღწევა გაუჭირდება. 

„არსებობს დიდი ალბათობა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამ ბიძინა ივანიშვილს, უცებ გაჩენილი რეიტინგის გამო, წარმატება მოუტანოს და პრობლემები შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“. ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პირველი ეფექტი და ემოციური მუხტი, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვა, გაქრეს და შემდეგ, უკვე სხვა სვლებით და მეთოდებით „ნაციონალურ მოძრაობა“ წარმატების მიღწევას შეძლებს,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

სოსო ცისკარიშვილს კი, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ყველაზე რეალურ ვადად 2012 წლის აპრილი ეჩვენება, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამ დროს ეწურება ოთხწლიანი ვადა მოქმედ პარლამენტს. 

„წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 მაისს, ქუთაისში საპარლამენტო სხდომის ჩატარება კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევა იქნებოდა. რადგან, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ქუთაისში ახალი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ასეთივე თარიღებისთის უნდა იყოს მზად, როგორც მთლიანად ოპოზიცია, ასევე ის პოლიტიკური ძალა, რომლის შექმნას თუ გაერთიანებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი,“ - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა. 

აზრთა სხვადასხვაობაა პოლიტიკოსებს შორისაც.

საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, „იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის აქტიურობასა და ხელისუფლების რეიტინგებზე“. ამ ეტაპზე კი, საფუძველს, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ლევან ვეფხვაძე ვერ ხედავს. 

ამასთან, ვეფხვაძე არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ კონსტიტუციით შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულისთვის გადმოსწიოს, რათა ბიძინა ივანიშვილმა ინსტიტუციონალური გაძლიერება ვერ მოახერხოს. 

ასევე, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბაბი შეიძლება გახდეს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნა, თუმცა ამის პერსპექტივას დეპუტატი ვერ ხედავს და ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მაშინ საინტერესოა, რატომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. 

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ვერც ახალი კანონმდებლობის ამოქმედება და ვერც ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმება ვერ მოხერხდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

როგორც მან განაცხადა, თუკი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახლა ნაციონალურ მოძრაობას” მაღალი რეიტინგი აქვს და ამას გამოიყენებს არჩევნების ჩასატარებლად, ეს არაადეკვატურია, რადგან ყველა ზომავს ისე, თუ როგორ მოიქცეოდა თვითონ. 

მიხეილ მაჭავარიანი ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა ახალი საარჩევნო კანონმდებლობა შევა ძალაში და იქნება ინპლემენტირებული, რაც მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ მოხერხდება, კერძოდ, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება 2012 წლის1 ივლისამდე უნდა დასრულდეს. 

ახალი საარჩევნო კოდექსის გარეშე კი, არჩევნების ჩატარებას მიხეილ მაჭავარიანი გამორიცხავს და ამბობს, რომ კოდექსის პროექტი უკვე გადაგზავნიალია ვენეციის კომისიაში, უახლოეს დღეებში ჩამოვლენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. 

რაც შეეხება იმ გარემოებას, შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი საარჩევნო კალენდარს, მიხეილ მაჭავრიანი აღნიშნულ საკითხზე არაფერს ამბობს.

უმრავლესობის განცხადებები გასაგებია, მაგრამ, ცხადია, გარკვეულ ეჭვებს აჩენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დუმილი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მაინც მოვლენების განვითარებას ელოდება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელისუფლებლო კულუარებში უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ დასავლეთმა სააკაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ არ გახდეს პრემიერმინისტრი. სწორედ ამიტომ ხელისუფლების შენარჩუნებას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შეეცდება. პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის კი აუცილებელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამას კი ისე ვერ გააკეთებს, თუ ვადამდე არ გადადგა. მისი ვადამდე გადადგომა კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომაც, შესაძლოა, სააკაშვილმა იმ მოტივით, რომ ქვეყანას ზედიზედ არჩევნების ჩატარების ფინანსური ფუფუნება არ გააჩნია, ორივე არჩევნები ერთდროულად ვადამდე დანიშნოს. ამას კი დაემატება ის არგუმენტიც, რომ პარლამენტს უფლებამოსილება რეალურად გაზაფხულზე გასდის.