საპარლამენტო არითმეტიკა

საპარლამენტო არითმეტიკა


როგორ შეიძლება, დარბაზში იჯდეს 69 დეპუტატი და რეგისტრაცია 89 გაიაროს? ან კიდევ, ამ დეპუტატებს კიდევ 11 რომ დაემატება, ხელახალი რეგისტრაციისას უკვე 85 აღმოჩნდეს?

ცხადია, ამის ერთადერთი საშუალება სხვისი პულტების გამოყენებაა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. კანონმდებლებს კი ეს კანონდარღვევა სულაც არ ადარდებთ და ყოველ რეგისტრაციაზე ასე ხდება.

ორი კვირის წინ კენჭისყრა იმის გამო ჩავარდა, რომ ოპოზიციამ დარბაზში ქვორუმის არარსებობა გააპროტესტა. მართალია, მაშინ სხდომის თავმჯდომარე, ვიცესპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამცდენ დეპუტატებს დაემუქრა, ხელფასს დაგიქვითავთო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სანქცია დეპუტატებზე მაინც არ მოქმედებს. ან, პირიქით, ხელფასის დაქვითვის შიშმა ისე იმოქმედა, რომ გუშინ ოცმა დეპუტატმა სხვისი პულტი გამოიყენა.

დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით 69 დეპუტატი იმყოფებოდა და სარეგისტრაციო ტაბლოზე 89 დაფიქსირდა.

ეს კი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისვის" წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ გააპროტესტა. თუმცა, პროტესტის მიზეზი კარგად ვერ გამოხატა. მან თქვა, დარბაზში ქვორუმი არ არისო, მაგრამ ქვორუმი ნამდვილად იყო, უბრალოდ, დეპუტატებმა სხვისი პულტების გამოიყენეს და თანაც რამდენიმემ კი არა, ოცმა დეპუტატმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს სხვისი პულტის გამოყენება ეკრძალებათ. ამიტომაც ცხადია, რომ მათ კანონი დაარღვიეს.სწორედ ამიტომ დავით ბაქრაძემ ბაღათურიას "დისციპლინის განმტკიცებისთვის" მადლობა გადაუხადა. მართალია, ამას უმრავლესობის მხრიდან ქირქილი მოჰყვა, მაგრამ ბაქრაძემ განაცხადა, სრულიად გულწრფელად ვამბობო და უმრავლესობაც გაჩერდა. თუმცა, ჯონდისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს - დაითვალე, ქვორუმი არისო.

პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურს დაავალა, რეგისტრაციაგავლილი და დარბაზში მყოფი დეპუტატების იდენტიფიკაცია მოეხდინა, მაგრამ მანდატურის სამსახური ამას როგორ მოახერხებდა, ძნელი სათქმელია, რადგან ბაქრაძის ამ განცხადების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაიწყეს შემოსვლა და საერთო ჯამში 11 დეპუტატი შემოვიდა.

ანუ გამოდის, რომ, თუკი დარბაზში 89 დეპუტატი იყო და მათ 11 დაემატა, სარეგისტრაციო გაბლოზე 100 დეპუტატი უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ განმეორებითი რეგისტრაციისას 85 დაფიქსირდა. არადა, ამ დროს რომ დავითვალეთ, სხდომათა დარბაზში მხოლოდ 80 დეპუტატი იჯდა.

ეს კი, ცხადია, იმაზე მიუთითებს, ბაღათურიას პროტესტი რომ არ გამოეთქვა, 20 დეპუტატს სხდომის გაცდენა და კიდევ 20-ს სხვისი პულტის გამოყენება შერჩებოდა. მართალია, არც ის არის ცნობილი, ამისთვის კონკრეტულად ვინ აგებს პასუხს და ვინ არა, მაგრამ 89 კაციან რეგისტრაციას 11 რომ დაემატება და 85 აღმოჩნდება და დარბაზში კიდევ 80 კაცი იჯდება, სხვა თუ არაფერი, სასაცილოა.

მაგრამ უმრავლესობამ საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვა იმით სცადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩიეს, ოპოზიციასაც მოსთხოვე პასუხიო.

საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასების დაქვითვის მხრივ, ოპოზიციისადმი ისეთივე სიმკაცრის გამოჩენა სთხოვა, როგორსაც უმრავლესობის მიმართ იჩენს.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ ოთხი დეპუტატი - რატი მაისურაძე, გურამ ჩახვაძე, ჯონდი ბაღათურია და კარლო კოპალიანი, ესწრებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასი, სავარაუდოდ, უმრავლესობამდე დანარჩენებს დაექვითებათ.