ვაჭრობა პირდაპირი ეთერისათვის

ვაჭრობა პირდაპირი ეთერისათვის


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქართული მედიისთვის თავისი პრესკონფერენცია პრესსამდივნოს ოფისიდან გამართოს და ნაციონალურ არხებს პირდაპირი ტრანსლირებისთვის საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით მიმართა.

სამივე ნაციონალური არხისთვის ბიზნესმენის მიმართვის ფორმა და ტონი მიუღებელი აღმოჩნდა. "რუსთავი 2-ის" მხრიდან ეს მიმართვა ულტიმატუმად იქნა მიღებული, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მხოლოდ მათ არხზე არსებული ტოქ-შოუები" შესთავაზა და განაცხადა, რომ "მოთხოვნა -უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერი, მიუღებელია", ხოლო "იმედის" ხელმძღვანელობის შეფასებით, არხი ვალდებული არ არის, "საქართველოს ყოფილი მოქალაქე პირდაპირ ეთერში ჩართოს".

საზოგადოებრივი არხისაგან განსხვავებით, "ტელეიმედი" და "რუსთავი 2" საჯაროდ საბოლოო უარს არ აცხადებენ და ივანიშვილს არა სააგენტოების მეშვეობით, არამედ პირად მოლაპარაკებებს სთავაზობენ.

დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები და როდის და რა ფორმატით წარდგება ბიზნესმენი ჟურნალისტების წინაშე, ამის შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნო კომენტარის გაკეთებას დღეისთვის გეგმავს.

ცნობისათვის, გუშინ ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:"ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2" და "იმედი") უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის გამართოს პრესკონფერენცია.

"ჩვენ ვთავაზობთ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ივანიშვილი მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე.

ამ განცხადებას საზოგადოებრივი არხის ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისვლაზე უარი თქვა. ამის თაობაზე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. იგივე სააგენტოები ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრიფინგებს საკუთარ პრესსამდივნოში გამართავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრება ყველა მის პრესკონფერენციას და შესაბამისად, უზრუნველყოფს მის გაშუქებას. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალაში ტოვებს თავის წინადადებას და სთავაზობს მას პირდაპირ ეთერს, მაუწყებელში არსებული თოქ-შოუების ფარგლებში".

არხის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით კი, "უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფორმატი როგორი და რანაირი იქნება, ამას, მე მგონი, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა წყვეტდეს და არა - ბიძინა ივანიშვილი".

გია ჭანტურია: "ჩვენ შევთავაზეთ ბ-ნ ბიძინას, მოსულიყო ნებისმიერ თოქშოუში და გაეცა პასუხი ჩვენი ჟურნალისტების კითხვებზე, რაზეც სამი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

"ის თუ ატარებს პრესკონფერენციას, ჩვენი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მივა. მაგრამ ეს არ ნიშნავს პირდაპირ ეთერს, ჩვენ ამას გადავიღებთ და ჩვენი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე გავაშუქებთ. მაგრამ პირდაპირი ეთერი გვთხოვოს ადამიანმა, მაგის უფლება, მე მგონი, არა აქვს.

"ჩვენ მზად ვართ, გავუკეთეთ მას შეთავაზება, მობრძანებულიყო ჩვენთან თოქშოუში. მზადყოფნა ახლაც არის, დიდი სიამოვნებით, მობრძანდეს ტოქშოუში და გასცეს პასუხები ჩვენი ჟურნალისტების შეკითხვებს. მაგრამ ახლა დავალება მივიღოთ მისგან და უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერით, მისი მხრიდან მიუღებელია და, ცოტა არ იყოს, არც თუ ისე სწორი ფორმულირებაა.

"თუმცა, მას აქვს სრული უფლება, გამართოს პრესკონფერენცია. ჩვენ იქ მივალთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის პირდაპირ ჩართვას უზრუნველვყოფთ. ჩვენ ამისი არც ვალდებულება გვაქვს და არც არანაირი მოვალეობა. ჩვენი წინადადება კვლავ ძალაშია, მობრძანდეს ჩვენთან ეთერში".

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ტელეიმედი" ვალდებული არ არის, "საქართველოს ყოფილი მოქალაქე პირდაპირ ეთერში ჩართოს".

მათე კირვალიძე: "ეს ადამიანი პირდაპირ ეთერში ჩართვას კი არ ითხოვს, პრესკონფერენციას მართავს თავის ოფისში, სადღაც და ამის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფას სთხოვს ტელევიზიებს.

"მე ვერ ვხედავ, რა ვალდებულება აქვს "ტელეიმედს" ამისი. ვერ ვხვდები, რის უზრუნველყოფაზე ლაპარაკობს ეს კაცი. რამდენადაც ვიცი, პირდაპირ ეთერში "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იგი მიიწვია და დღემდე არ მიუღია პასუხი. რატომ ატარებს ეს ადამიანი სადღაც პრესსამდივნოში პრესკონფერენციას, ვერ გავიგე, რატომ არ ატარებს სადმე, ღია სივრცეში? ან ეს პრესკონფერენცია რა იქნება?

"გამართოს პრესკონფერენცია "მერიოტში" და მივა ყველა იქ, რომ არ შეწუხდეს ტელევიზიები და ამხელა აპარატურა არ მიაგორონ იმისთვის, რომ ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს კი არა, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, თუ რუსეთის მოქალაქეს რომ არ იმასაქნას. სკაიპით რომ ჩაატაროს, შეიძლება, უკეთესი იყოს. აი, როგორც ებრალიძე ჩაერთო მის აქ რაღაცა ერეკლე მეორის საზოგადოებას სკაიპით სანკტ-პეტერბურგიდან, ბატონი ბიძინაც ჩაერთოს თავისი პრესსამდივნოდან ტელევიზიებს, რომლებსაც ყველა იღებს".

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ეს განცხადება ულტიმატუმს ჰგავს.

გიორგი ლაფერაშვილი: "თავად ბატონი ბიძინას პრესსამსახურიდან არავინ დაგვკავშირებია. როგორც წესი, როდესაც პირდაპირ ეთერზეა საუბარი, ასეთ ამბებს გაზეთის ფურცლებიდან ან სააგენტოდან არ ვიგებთ ხოლმე, წინასწარ არსებობს გარკვეული მოლაპარაკებები.

"მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პოზიცია ასეთია - ყოველთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნებით მივალთ პრესკონფერენციაზე და გავაშუქებთ ყველა იმ თემას, რომელიც იქ წამოიჭრება. ჩვენც ვადასტურებთ, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან გასაუბრება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. როგორც მინიმუმ, კადრი გვექნება მისი წესიერი, თან გავიგებდით რეალურად, ეს კაცი რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს.

"მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, პირველი შემთხვევაა ნამდვილად, როდესაც პრესკონფერენციის ჩატარების წინაპირობად სახელდება პირდაპირი ეთერი. თუ ეს ასეა, დაგვიკავშირდნენ, ვისაუბროთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას.

"მე არ გამოვრიცხავ არც პირდაპირ ეთერს, არც ჟურნალისტის ჩართვას, არც მერე კადრ-სინქრონის, ან სიუჟეტით ამ ამბის გაშუქებას. ეს ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია რედაქციაში და პრესის ფურცლებიდან ცოტა ვერ გავიგე, რა ხდება.

"სამ არხზე იყო შეთავაზება, სამივე არხმა ერთდროულად უნდა ჩავრთოთ? ერთმა უნდა ჩართოს? სამივე რომ არ დათანხმდეს და ორი დათანხმდეს, შედგება პრესკონფერენცია, თუ არ შედგება? ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს.

"ზოგადად ბატონ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაკავშირება ბოლო დროის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ქალბატონი ნაბახტეველი ამბობს, რომ მას არ ეხება ეს საკითხი. ამიტომ ცოტა გაურკვევლობაში ვართ და თუ დაგვიკავშირდებიან და აგვიხსნიან, რას გულისხმობენ ამ განცხადებაში, მერე ჩამოვყალიბდებით იმის მიხედვით.

"გადაწყვეტილება - ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში თუ არ ჩავრთავთ - რედაქციის მისაღებია. თუ წინაპირობა არის პრესკონფერენციის ჩატარების ის, რომ ამ არხზე იყოს პირდაპირი ეთერი, მაშინ ვინმემ ჯერ უნდა გვითხრას, რომ ასეა და შემდეგ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ".