ჯოშუა კუცერა, “Eurasianet”
რუსეთის ბოლო მოწვევის დუმას ვადა ამოეწურა და პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იმ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რომლის თანახმად რუსეთის არმიას შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები კიდევ 49 წლის განმავლობაში ჰქონდეს, რის შემდეგაც ეს ვადა ავტომატურად 15 წლით გაგრძელდება.
ხელშეკრულება ეხება მე-7 სამხედრო ბაზას აფხაზეთში და მე-4 სამხედრო ბაზას სამხრეთ ოსეთში. ეს ბაზები იმ სამშვიდობო ძალთა ბაზების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც ამ რეგიონებში საქართველოსთან 2008 წლის ომამდე იყო განთავსებული. (მართალია, ცოტა მოძველებული, მაგრამ დეტალური ანგარიში ბაზებთან დაკავშირებით რუსულ Global Affairs-ში გამოქვეყნდა) მთლიანობაში ამ ორი რეგიონის ბაზებზე დაახლოებით 7 000 სამხედროა.
გაზეთ „იზვესტიაში“ რუსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეთანხმებები დიდწილად აუცილებელია იურიდიული მიზნებისთვის:
„რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი კარაგანოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებების რატიფიკაცია რუსეთის არმიას ბევრ რამეს გაუიოლებს.
„ამ ეტაპზე ისინი გაურკვეველ სამართლებრივ ველში არიან, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩივიან, რადგან მათი ბაზები დაცულ ზონებშია“, – განაცხადა კარაგანოვმა
მისი თქმით, რუსულ ბაზებთან დაკავშირებული ეს ხელშეკრულებები განამტკიცებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას და მშვიდობიან გაერთიანებას შეუძლებელს გახდის.
„რუსეთი თავის ქმედებებში თანმიმდევრული უნდა იყოს. მან აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ახლა უნდა დაიცვას ისინი“, – თქვა კარაგანოვმა.“
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სამართლებრივი მხარე ერთგვარი ლეღვის ფოთოლია მაშინ, როდესაც საქმე გამოყოფილ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნას ეხება, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი გაცილებით დიდი დოზით დომინირებს. იმავდროულად, ამ ორი რესპუბლიკის სტატუსი საკმაოდ ბუნდოვანია 49 წლიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის და უფრო სურვილების რეალობად გასაღებას გავს.
თუკი სომხეთთან და ტაჯიკეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადას გავითვალისწინებთ, მე ერთი რამ მაინტერესებს: რატომ 49 წელი? ვფიქრობ, ამ პერიოდით გარიგებების გაფორმებას რაღაც მიზეზი აქვს, რომელიც ვერ ამოვხსენი. მომწერეთ, ვინმემ თუ იცით.
დამატება:
მკითხველი უილიამ კოენი (არა აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არამედ ლონდონის „კინგს კოლეჯის“ კურსდამთავრებული) 49 წელთან დაკავშირებით დამაინტრიგებელი თეორიის შესახებ წერს:
“იუდაიზმში, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ „საიუბილეო წელია“: ამ წელს ანულირდება ყველა ვალი, თავისუფლდებიან მონები და ბრუნდება ნასესხები მიწა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დიდი ხნით მიწის ყიდვა/გაყიდვა არავის შეუძლია, და 49 წლის გასვლის შემდეგ ის თავდაპირველ მესაკუთრეს უბრუნდება.
თეორიულად ეს კარგი დამცავი ბარიერია მემკვიდრეობითი სიღატაკის პრევენციისთვის, ან სუვერენიტეტის ხანგრძლივი შელახვისთვის… სხვა საკითხია, როგორ აისახება ეს კონცეფცია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში”.
foreignpress.ge
738
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85