არის, თუ არ არის?!

არის, თუ არ არის?!


კვლავ ღიად რჩება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გაავრცელა, შესაბამისი განკარგულება არც ბიძინა ივანიშვილს უნახავს და არც მის ადვოკატს, არადა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც სააგენტოს წარდგინების საფუძველზე შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს. რამდენად საფუძვლიანი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა?

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსის გიორგი ვაშაძის თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა საგულისხმო ინფორმაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე. კერძოდ, გაირკვა, რომ 2004 წლის შემდეგ, ანუ პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, ივანიშვილს მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც, ვაშაძის თქმით, გახდა კიდეც მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის მიზეზი:

„სამოქალაქო რეესტრის მიერ ჩატარებული შესაბამისი მოკვლევის შედეგად, მას ავტომატურად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ანუ ის დღეს აღარ არის საქართველოს მოქალაქე, რადგან მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ.“

თუმცა ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ არაფერს ამბობს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის თაობაზე. მეტიც, სიტყვა „ავტომატური“ კანონში საერთოდ არაა ნახსენები, მოქალაქეობის შეწყვეტის მექანიზმი კი ასეა განმარტებული:

მუხლი 35. წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე:

„წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“ 


იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით მოხდა, თუმცა ვერ აზუსტებენ იმას, თუ რომელმა უწყებამ მიმართა წარდგინებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ამბობს, უყურუდღებოდ დარჩა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება, რომ იტოვებს საქართველოს მოქალაქეობას და უარს ამბობს როგორც საფრანგეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეობაზე. ეკა ბესელიას თქმით, ამ განცხადებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელი იყო მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება:

„ადმინისტრაციული პროცედურის დროს მოქალაქეს ეკითხებიან: თქვენ გნებავთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოთ? ანუ პროცესში ერთვება მხარე, რომელიც განმარტებებს აკეთებს. ეს არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 98-ე მუხლები, სადაც წერია, რომ დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება უზრუნველყოფილია.“
დღეს არც კი ვიცით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს თუ არა. პრეზიდენტის აქტია საჭირო...

ეკა ბესელიას თქმით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წესების უგულებელყოფით შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები კი მოქალაქეობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას სერიოზულ წინააღმდეგობად არ მიიჩნევენ. დავით ბერძენიშვილის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნოთ, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.

„დღეს არც კი ვიცით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს თუ არა. პრეზიდენტის აქტია საჭირო - რომელ რიცხვში არის, რის საფუძველზე და ასე შემდეგ. ეს არის სადავო საკითხები. ამასთანავე, ჩვენი კანონმდებლობით, რომელსაც გადავხედე, პრინციპში მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში (მოქალაქეობა რომც ჩამოართვან) შესაძლებელია აღიდგინოს მოქალაქეობა. ეს ქმედებები ხელისუფლების მხრიდან გათვლილია არა იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს მას პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას, არამედ უნდა დაბრკოლებები შეუქმნან სტარტზე. თავად ბიძინა ივანიშვილს არ მიაჩნია სერიოზულ ხელშემშლელად პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება უქმნის“, უთხრა დავით ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები ჩამოყალიბებულია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლში, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება პირი, თუ:

ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;

ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში.

გ) სახელმწიფო ანდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.