ეკა ბასილაია, “რეზონანსი“
ლევან ვეფხვაძე და გიორგი ცაგარეიშვილის დაპირისპირება გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. ვეფხვაძემ "თავისუფალ დემოკრატებს" "ექვსიანის" საბოოლოდ დაშლისა და ხალხისათვის მიცემული ფუჭი დაპირებების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ცაგარეიშვილმა კი მათ "პოლიტიკური ჯაყოები" და "ხელისუფლების დანამატები" უწოდა.
საპარლამენტო დაპირისპირებაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კომენტარის გაკეთება იმ მიზეზით არ ისურვა, რომ "ხელისუფლების განშტოებებზე" კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს.
"ნაციონალური მოძრაობის" განშტოებების განცხადებებზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩემი მისამართით რაიმეს თქმა უნდა, პირადად იტყვის" - პასუხობს ალასანია.
"დღეს, ვეფხვაძე გამობრძანდა სხდომაზე და მისი ძვირფასი დროის 5 წუთი ალასანიას და ჩვენი პარტიის პოლიტიკური ხედვების კრიტიკას მიუძღვნა. მისგან თავდასხმას უპასუხოდ არ დავტოვებ და ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას და ყველა მის განშტოებას," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ სესიაზე "ექვსიანის" დაშლის გამო ალასანიას კრიტიკა ვეფხვაძემ დაიწყო, ის "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს "გამოხტომა" მათგან არ დაწყებულა. უკვე ორი კვირაა ცაგარეიშვილი მათ ნერვების გამძლეობას სინჯავს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ თუკი "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან მათ პარტიის მისამართით გაჩაღებული კრიტიკა შეწყდება, ისინიც გაჩუმდებიან.
ლევან ვეფხვაძე: "რვიანში" ერთად ვიყავით და მაშინ არ გახსენებიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განშტოება ვიყავით?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტიის წევრი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ორი კვირაა ახდენს ჩვენი ნერვების მოსინჯვას და დღეს ამ ყველაფრის კულმინაცია იყო, მაინც მოვუწოდებ - ერთმანეთის კრიტიკა ეს არის ამომრჩეველში ნიჰილიზმის დათესვა და სჯობს, ყველამ ვისაუბროთ არა იმაზე, ვინ კარგია და ვინ ცუდი, არამედ იმ კონკრეტულ თემებზე, რაც ამ წუთისთვის ამომრჩეველს აწუხებს.
"ალასანიასთვის საარჩევნო კოდექსი რომ პრიორიტეტული ყოფილიყო, მაშინ ნამდვილად ვიხილავდით არა დაშლილ "ექვსიანს", არამედ შეპირებულ მილიონ ამომრჩეველს, რომელსაც საკალათბურთო დარბაზში შეგვპირდნენ. ბუნებრივია, როცა კითხვებს ვსვამთ, ალასანიას უჭირს პასუხის გაცემა. მინდა ვიკითხო - "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებები" არიან უსუფაშვილი და ძიძიგური? თუ უსუფაშვილსა და ძიძიგურს გაუჭირდათ რეგიონებში სოფელ-სოფელ სიარული? კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია, თუმცა ამ დაპირისპირების მიუხედავად ჩვენ მზად ვართ ჩვენი მხრიდან შევწყვიტოთ დებატები, მაგრამ არც ისე ვაპირებთ, როგორც ორი კვირა ვითმენდით და მომავალში სირაქლემას პოზა მივიღოთ და შეფასებები არ მივცეთ იმ გამოხტომებს რასაც ალასანიას პარტიის წევრი ცაგარეიშვილი პარლამენტში აკეთებს ხოლმე.
"ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათი სამიზნე "ნაციონალური მოძრაობა" კი არა, ჩვენ ვართ. ისინი იბრძვიან პირველი ადგილისთვის ოპოზიციაში და კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ოპოზიციაში პირველ ადგილისთვის ბრძოლას სჯობს, ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლონ.
"ის რომ ჩვენ დავთანხმდით ხელისუფლებას შემოთავაზებულ წინადადებაზე და ამით პასუხისმგებლობა ავიღეთ, არის სწორედაც იმის განმტკიცება, რომ ჩვენს ამომრჩეველს ნიჰილიზმი არ ჰქონდეს. "ნაცმოძრაობის განშტოება" სავარაუდოდ ის უფროა, ვინც ხელისუფლების საქმეს აკეთებს, ნერგავს ნიჰილიზმს, თუნდაც იმის ძახილით, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად არაფერი მიღწეულა და თუნდაც დღევანდელი თავდასხმით ჩვენზე. ნიჰილიზმს კი შედეგად მოაქვს ის, რომ ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან არ მოვიდეს.
"მე მგონი, ამ შემთხვევაში ტერმინოლოგიური შეცდომაა და სჯობს, რომ კარგად გადახედონ იმ არათანმიმდევრულ პოლიტიკას, რასაც თავად ეწევიან და ამის შემდეგ ისაუბრონ სხვაზე.
"მიუხედავად ჩვენზე გამოცხადებული კრიტიკისა, მათ მე არაფერს არ ვუწოდებ და მათგან განსხვავებით გაცილებით თავშეკავებული ვარ".
გაჩუმებას კი ცაგარეიშვილი არ აპირებს.
"გაჩუმებას არ ვაპირებ, არც ის არ მაღელვებს, მათ რა რეაქცია ექნებათ ჩემს გამოსვლებზე. ამ ბატონების სრული ლუსტრირება უნდა მოხდეს, ამ ხალხის, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს გაუპრავეს ახალი კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად აპირებენ ე.წ. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური რეჟიმის წინაამდეგ ბრძოლას ვაპირებ და თუკი ამ რეჟიმის შემადგენელი ნაწილია "ქრისტიან-დემოკრატები" მათ წინააღმდეგ ბრძოლასაც ვაპირებ," - ამბობს ცაგარიშვილი.
საპარლამენტო გამოსვლისას კი ვეფხვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ "ექვსიანის" დაშლით ცალსახად დადასტურდა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და მათთან გარკვეული შეთახმებების მიღება იყო და მათთვის მთავარი არა ადგილები პარლამენტში, არამედ სამართლიანი არჩევნებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა.
მისივე თქმით, მითია ის, რომ ძიძიგურს ან უსუფაშვილს ეზარებოდათ რეგიონებში სიარული, ვიღაცას ეხალისებოდა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამიტომ წამოვიდა "ექვსიანიდან."
ამ განცხადების შემდეგ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ვეფხვაძე "ქართულ პოლიტიკაში ჯაყოიზმის დამკვიდრებაში" დაადანაშაულა.
"ქრისტიან-დემოკრატები არიან პოლიტიკაში ჯაყოიზმის დამნერგავები და არავის არ ვურჩევ მათ ბედში ჩავარდნას. ეს კონფლიქტი მე არ დამიწყია, მაგრამ ვაცხადებ, რომ ამას სხვები დაამთავრებენ და დიდი სიმოვნებით ჩავებმები ამ ფერხულში. ბატონი ვეფხვაძე კი მე მეუბნება, ბოდიში უნდა მოიხადოო. ბოდიში ვის ექნება მოსახდელი, ამასაც ვნახავ.
"დღეს როცა ვეფხვაძე ტრიბუნაზე იდგა და ჩვენ გვამუნათებდა, ვიფიქრე, ამ კაცის ვინაობა რომ არ ვიცოდე, პალიკო კუბლაშვილი ან მიხეილ მაჭავარიანი მეგონებოდა-მეთქი. ბოლო თვეებია მათ რიტორიკაში არანაირი სხვაობა აღარ არის.
"დიახაც ისინი არიან ხელისუფლების განაყარები და განშტოებები და როგორც ხელისუფლებას ისე მათ განშტოებასაც ვებრძვი.
არ ვაპირებ დავინდო ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ცხოვრება გაუხანგრძლივონ".
868
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85