კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მეორე წერილზე – "ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს", "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, ბიზნესმენმა ივანიშვილმა ქართულ პრესაში თავისი მეორე ღია წერილი გამოაქვეყნა. წერილში იმდენ საინტერესო თემაზეა გამახვილებული ყურადრება, რომ არც კი ვიცი, საუბარი რომელი თემით დავიწყოთ. იქნებ, სჯობდეს კითხვები იმ თავების მიხედვით დავალაგოთ, როგორც თავად ბატონ ივნანიშვილს აქვს შემოთავაზებული. წერილის ძირითადი ნაწილის დაწყებამდე იგი ვრცლად საუბრობს თავის განვლილ ცხოვრებაზე. როგორ შეაფასებდით პოლიტიკური შეფასებებით გაჯერებულ წერილს ზოგადად და წერილის პირველ ნაწილს? გითხრათ სიმართლე, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი რუსეთში 9 წელია არ ყოფილა . .
.
- ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის ისევე, როგორც ბევრი სხვისთვის, ძალზე ცოტაა მისი პირადი ცხოვრებისა და ბიზნესის შესახებ ცნობილი. თუმცა კი, ყოველთვის მქონდა ერთგვარი ვარაუდი, რომ იგი ამა თუ იმ ფორმით ქართულ პოლიტიკაში აღმოჩნდებოდა ჩართული. ამდენად, მისი განაცხადი მოულოდნელი არ ყოფილა. ისიც გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ იგი პოლიტიუკურ კონტექსტში იქნა მოხსენიებული.
- რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება?
- ვფიქრობ, მან საუკეთესო მომენტი შეარჩია. 2007-2010 წლების შემდეგ ჩვენი საზოგადოება ახალი პოლიტიკური ნაკადისა და სახეების მოლოდინში იყო. ძველი და ტრადიციული ოპოზიცია ვეღარ ქმნიდა რეალურ ალტერნატივას. ისიც გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ 2003 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ჩვენი კულტურისა და საზოგადოების მიმართ უცხო ელემენტის მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. რეფორმებსა და ქვეყნის მოდერნიზაციას იგი მუდმივი შეთქმულის მდგომარეობაში ახორციელებს. გავიხსენოთ, როგორ შეეწირა იდეოლოგიურ მოთხოვნებს (რომელთა თანახმადაც, ქვეყნის უსწრაფესი ურბანიზაციის პროცესი უნდა წასულიყო) ქართული სოფელი; გავიხსენოთ, თუ რა ტლანქი და ხელოვნურად გამოწვეული სკანდალი მოჰყვა რელიგიათა შესახებ სრულიად ნეიტრალური კანონის მიღებას. ყველაფერმა ამან ივანიშვილს საუკეთესო წინაპირობები შეუქმნა, რათა ჩვენს წინაშე წარმომდგარიყო არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური, არამედ, აგრეთვე, როგორც იდეოლოგიური ალტერნატივა.
მისი ბიოგრაფია საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა, დავინახოთ სახე ქართველი კაცისა, რომელმაც უმძიმეს წლებში არაფრიდან დაიწყო და ბიზნესის უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია; რომელმაც შეძლო, დასხლტომოდა ურთულეს პოლიტიკურ ვითარებებს, ქართულ სულიერებას პატრონობდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მიტოვებული იყო ან - ლიბერტარიანელთა დაცინვის საგანი და ასე შემდეგ. ჩვენ ცხოვრებას აკლია სახე გმირისა, რომელმაც გაუძლო ახალ ისტორიას, გაუძლო ულმობელი სამყაროს ზეწოლას და წარმატებულია. ასეთი ადამიანის არსებობა და მისი სურვილი, ჩვენთვის ურთულეს სიტუაციაში ახალი პოლიტიკური ენერგია შემატოს ქვეყანას, ძალიან ბევრ ადამიანში იმედს აღვიძებს. მთავარია, ყველაფერი ეს ნაჩქარევ და ზერელე კანონიზაციად არ იქცეს, როგორც ეს უკვე სამჯერ მოხდა ჩვენს ისტორიაში. ნაჩქარევი კანონიზაცია და უპირობო ნდობის გამოცხადება შემდეგ იოლად იწვევს გულგატეხილობასა და იმედების გადაწურვას.
- რას იტყოდით წერილის თავზე - "ვისთან ვითანამშრომლებ" და ქართული პოლიტიკური სპექტრის ივანიშვილისეულ შეფასებებზე?
- ყველაფრიდან ჩანს, რომ იგი საკმაოდ კარგად იცნობს ამ სპექტრს და აქვს თავისი შეფასებებიც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრს ემთხვევა. აქ მე ერთი მომენტიც დავინახე. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ცდილობს, არ დაუშვას შეცდომები პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით.
ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ გავრცელებულია ერთი, თუ შეიძლება ითქვას, სენი, რომელსაც მე პოლიტიკური გემოვნების დეფიციტს ვუწოდებდი. პოლიტიკური ლიდერები თავის გარშემო იკრეფენ ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი აქვთ ან, უბრალოდ, "გაცვითეს" თავისი იმიჯი. რაღაც ეტაპზე ამას არა აქვს-ხოლმე გადამწყვეტი მნიშვნელობა, ახლის მოლოდინში ადამიანები იოლად ხუჭავენ თვალს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ეს თავად ლიდერს შემოუბრუნდება-ხოლმე ცუდად. გაიხსენეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო გამსახურდიას ან შევარდნაძის წინააღმდეგ მათი გარემოცვა.
მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ ზურაბ ჟვანიას თანამგრძნობი და 2003 წლების მოვლენებს ვუცქერდი, როგორც ქვეყნის ისტორიის რთული ფაზის დადგომას, მაშინვე ვაღიარებდი, რომ ჟვანია შევარდნაძეს გემოვნებითა და საკადრო პოლიტიკით აშკარად სჯობნიდა. დღეს იგივე ხდება სააკაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებითაც, თუმცა კი, ეს უკანასკნელი ფასადურ პიროვნებათა მუდმივი და სწრაფი ცვლილებით ცდილობს, თავი დააღწიოს თავის გაიგივებას საზოგადოებრივი ავტორიტეტის აზრით გაცვეთილ ან ნდობადაკარგულ პირებთან. ივანიშვილი ღიად აცხადებს უარს ისეთ ძალებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც საეჭვოდ მიიჩნევს. ეს მისი ნებაა და ძალიან კარგი, რომ ამას ღიად ამბობს. როგორც წესი, ჩვენში ერთ პოლიტიკურ ქვაბში ისეთი ძალები იყრიან-ხოლმე თავს, რომელთა ერთად ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
- ეს თემა რომ ამოვწუროთ, წერილში ივანიშვილი გამოთქვამს "რესპუბლიკელებთან" და ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობის სურვილს. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებას?
- ვფიქრობ, სრულიად გამართლებული ნაბიჯია. ხელისუფლება უკვე ცდილობს, მისგან "დიდი რუსული იმედის" სახე შექმნას. თუ ეს სახე ჩამოყალიბდა, საშინაო პოლიტიკურ ბაზარს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთსაც, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციასაც გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა. ამ ვითარებაში დასავლეთზე ორიენტირებულ "რესპუბლიკელებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობის სურვილი რუსული კავშირების გამო ბრალდებებს ანეიტრალებს. ვისურვებდი, რომ თავად ამ პოლიტიკურ ძალებმაც არ თქვან უარი ივანიშვილთან თანამშრომლობაზე. ყველამ კარგად ვიცით, ქართული პოლიტიკის რამდენი არც ისე სასურველი თანამგზავრი იბრძვის დღეს მის ორბიტაში მოსახვედრად. მათმა გააქტიურებამ და ინიციატივის ხელში ჩაგდებამ პოლიტიკური ალტერნატივის იდეა შეიძლება კიდევ ერთხელ დამარხოს. არადა, მაპატიეთ თვითციტირება და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივათა არარსებობის გამო ჩვენ გვიჭირს ჩვენი "მმართველების მართვა". ყველაფერ სხვასთან ერთად, სწორედ ამგვარი შესაძლებლობისგან დაზღვევის ფუნქცია აკისრიათ თანამშრომლობისთვის მოწვეულ ძალებს, თანაც აკისრიათ იმდენად არა ივანიშვილის, რამდენადაც საზოგადოების წინაშე. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი ახალი მარგინალი ივანიშვილის გარემოცვაში დღეს ხელისუფლებას გააძლიერებს. დაუშვებელია, რომ ბატონი ბიძინას პოლიტიკური კაპიტალი ასეთებმა ქარს გაატანონ. ყველაფერი ეს ახლავე უნდა ითქვას. ჩვენ უკვე რამდენჯერმე დავაგვიანეთ მსგავსი ეჭვების გამოთქმა და სავალალო შედეგები მივიღეთ.
- წერილში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მედიაზე მსჯელობას. იგი "მაესტროს" თანამშრომლებს მას შემდეგ სთავაზობს, რაც ისინი უარს იტყვიან ეროსი კიწმარიშვილთან თანამშრომლობაზე. ასევე როგორ შეაფასებდით ჟურნალისტ შალვა რამიშვილისადმი შეთავაზებასა და ტელეკომპანია "კავკასიის" მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს?
- პირადად მე, მაფიქრებს ბრალდებათა სიიოლე. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გამოთქმული შეფასებები საზოგადოებაში ისედაც ცირკულირებს, მაგრამ დადგენილ ფაქტად მათი გამოთქმა, ვფიქრობ, უპირატესად იმასთან არის დაკავშირებული, რომ ამგვარი მკვეთრი განცხადებებით ივანიშვილი ცდილობს, შფოთი შეიტანოს საერთო სტაგნაციაში და თავის წამოწყებაზე ყურადღება გაამახვილოს, ერთგვარი საზოგადოებრივი ენერგიის ეპიცენტრად იქცეს. ვფიქრობ, ბევრწილად არის ამასთან დაკავშირებული "მაესტროსა" და "კავკასიის" შესახებ გამოთქმული აზრიც. პოლიტიკური გათვლის აზრით, ეს გასაგებია, მაგრამ მიჭირს გავამართლო, მითუმეტეს, როდესაც ამგვარი შეფასებები გამოითქმის ია ანთაძის ან რამაზ საყვარელიძის მიმართ. ცხადია, ბატონი ბიძინა უნდა ხედავდეს განსხვავებას ზომიერებას, ექსპერტულ შეფასებასა და ორმაგ თამაშს შორის. ექსპერტი რომ პროპაგანდისტი არ უნდა იყოს, სრულიად ცხადია. გარდა ამისა, ამან შეიძლება გაგვახსენოს ის ავბედითი დრო, როდესაც ერთი პოლიტიკური ლიდერი უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან იოლად არიგებდა სუკ-ის აგენტის წოდებას.
ყველაფერ ამას ნამდვილად მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლასთან დიდ იმედებს ვაკავშირებ. იმედი მაქვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, მისი გამოცდილებისა და არაჩვეულებრივად კარგი სასტარტო პირობების წყალობით საქართველოში შეიძლება ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც, სულ მცირე, დააბალანსებს მაინც დღევანდელი ხელისუფლების ყმაწვილკაცურ თავგასულობას და იმ ჩიხიდან გამოსავალიც გამოჩნდება, რომელშიც მმართველთა ბონაპარტიზმის წყალობით აღმოვჩნდით. - როგორ შეაფასებდით წერილში სახელისუფლო გუნდთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს? რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერ მერაბიშვილისთვის მიცემული რჩევები გადადგომის შესახებ? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი მერაბიშვილთან ითანამშრომლებს? და კიდევ, თქვენი ვარაუდით, მერაბიშვილი გაითვალისწინებს თუ არა ივანიშვილის რჩევას?
- ვფიქრობ, იგი არაფერს ისეთს არ ამბობს, რაც მანამდე არ თქმულა. თუ ჩვენი ქვეყნის რეალურ საკადრო რესურსებს გავიხსენებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ იოლად არ უნდა დავკარგოთ კვალიფიციური ადამიანები. მე არ ვიცი, როგორ მოიქცევა მერაბიშვილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას წინადადება ყურადღებას იმსახურებს.
- ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. თქვენი აზრით, როგორი იქნება სააკაშვილის რეაქცია?
- მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სააკაშვილი დათმობს ხელისუფლებას და პოლიტიკური კარიერის ხელახლა შენებას შეუდგება, თუმცა კი ეს, ერთი მხრივ, დემოკრატიული და არამესიანისტური ქცევის ძალზე საჭირო და ისტორიული პრეცედენტი იქნებოდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, სააკაშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში მობრუნების შანსს მისცემდა. ჩვენ კარგად ვიცით, გადამდგარი თუ გადაგდებული მმართველების მიმართ როგორი სენტიმენტალურები ვხდებით-ხოლმე და მხოლოდ მაშინღა ვიხსენებთ ახალი მმართველის მიმართ ერთგვარი ნიშნისმოგებით, თუ რამდენი რამ გააკეთა მან. დემოკრატიულ ქვეყნებში კარგად იციან, როგორ უნდა აქციონ ეს სენტიმენტები პოლიტიკურ კაპიტალად. ჩვენში ჩვენს მმართველებს პიროვნული მესიანიზმი უშლის-ხოლმე ხელს და ხელისუფლების დაკარგვას საბოლოო პიროვნულ კრახად აღიქვამენ. გამონაკლისი ალბათ შევარდნაძე იყო.
- საყურადღებოდ გვეჩვენა "ქართუ ბანკის" პრეზიდენტ ჩრდილელთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებაც. ივანიშვილმა იგი პრაქტიკულად ხელისუფლების სასარგებლოდ აგენტობაში დაადანაშაულა. ამაზე რას იტყოდით? და კიდევ, დღეს ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ ივანიშვილს პირადი დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. თქვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?
- ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, ივანიშვილის სიცოცხლის მიმართ მუქარა არ უნდა იყოს მოსალოდნელი, თუ ცხადია, დღევანდელი ხელისუფლება პარანოიალურად არ ჩააფრინდება ძალაუფლებას და მზად იქნება, რომ უკვე დასავლეთიდანაც უმძიმესი ბრალდებები მოისმინოს - თანაც მაშინ, როდესაც რუსეთისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილი აქვთ. თუმცა, ერთი რამ უნდა ვთქვა: ივანიშვილმა საკმაოდ ოსტატურად, მეთოდურად და თანამიმდევრულად დაიპყრო საინფორმაციო სივრცე. თავად მისი დამოკიდებულებამაც დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ არა თუ ხელი არ შეუშალა მას ამ საქმეში, პირიქით, ხელიც შეუწყო. ხელსუფლება სწორედ იქ აგებს, სადაც იგი ყოველთვის ძლიერი იყო. ივანიშვილის გამოჩენამ აშკარა გახადა, რომ ხელისუფლებას იმდენად ამოუწურავს ნდობის კრედიტი, რომ მის მიერ გაკეთებული სიკეთის მიმართაც კრიტიკულად დაბალია მიმღებლობა.
ძალზე ხშირად საზოგადოება უსამართლოდაც ეპყრობა ადამიანებს, რომელთაც სულ მცირე ხნის წინ უპირობოდ ენდობოდა. ასე მოუვიდა გამსახურდიას, ასე მოუვიდა შევარდნაძესაც. დღევანდელი ხელისუფლებაც ზედმეტად ლაღად და უშურველად ექცეოდა თავისი ნდობის კრედიტს. ამიტომაც სრულიად ლოგიკურია მისი მარცხი საინფორმაციო სივრცეზე. რა გზას შეიძლება იგი დაადგეს? ყველაზე გამოცდილი ხერხია, ისეთი შფოთის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც ყველაფერ სხვას გადაფარავს და ივანიშვილსაც პოლიტიკურ პერიფერიაზე განდევნის. ცხადია, ეს უკვე ვარაუდების სფეროა.
798
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85