სარკოზი თბილისში: ვირტუოზული გზავნილები

სარკოზი თბილისში: ვირტუოზული გზავნილები


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს მთავარი გზავნილები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აუცილებლობაზე გაკეთდა. სარკოზი დეოკუპაციის აუცილებლობას აღიარებს, თუმცა, მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აღადგინოს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის "პარტნიორი და მეგობარი" უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელია დაპირისპირების რიტორიკა შეწყდეს.

სარკოზის გამოსვლას ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა "ორ ქვეყანას შორის არსებულ ცეცხლში ისე გაიარა, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური".

განსაკუთრებული მობილიზაცია

ნიკოლა სარკოზის დასახვედრად მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, თუმცა პიკს გუშინ მიაღწია. გადაკეტილი იყო თავისუფლების მოედანი, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც სარკოზის ნახვა სურდა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ამასთან, თავისუფლების მოედანზე მყოფ ადამიანებს ტრანსპარანტები და დროშები დაურიგეს. შემოწმდა მიმდებარე პერიმეტრი. მკაცრად გაკონტროლდა ყველა სანიაღვრე ჭა და ელექტროსისტემის ჯიხურები.

ღონისძიებას 300-ზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი აშუქებდა, გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამასთან, მსურველებს შეეძლოთ პრეზიდენტის ვებგვერდზეც ედევნებინათ თვალი გამოსვლისათვის.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ დღისათვის მოსახლეობის საგანგებო მობილიზება ხდებოდა, სპეციალური ავტობუსებით რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს მოქალაქეები.

სააკაშვილის აქცენტები

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა უჩვეულოდ ხანმოკლე, თუმცა ტრადიციულად ემოციური იყო. პრეზიდენტმა ჯერ ფრანგულად მიმართა საზოგადოებას, შემდეგ კი საუბარი ქართულად განაგრძო და გაიხსენა "ვარდების რევოლუციის" პერიოდი. სააკაშვილის თქმით, ის, რაც ადრე უტოპიურ ოცნებას ჰგავდა, ქართველმა ხალხმა რვა წელიწადში შეძლო მიეღწია. საუბარი იყო აგვისტოს ომზეც:

"შეჩერდით, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და ცოტა ხნით დაფიქრდით, შეხედეთ, სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა", - მიმართა საზოგადებას სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს იზოლაციისა და დამორჩილების გეგმა ვერ შედგა და ისინი, ვისაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის ბოლოს მოღება უნდოდათ, დამარცხდნენ.

"ჩვენი წინაპრების სიმამაცე და გმირული თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი წითელი არმიის შესაჩერებლად და, შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა კომუნისტური ტირანიის ბრუტალური ძალის წინაშე დაეცა. იმ დროისათვის საქართველო მარტო იყო, მას არ ჰყავდა მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ დამოუკიდებლობის გადარჩენისათვის ბრძოლაში. 2008 წელს ასეთი მეგობრები გვყავდა! გვყავდა მოკავშირეები, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და მათ შორის უპირველესთაგანი ჩვენი დღევანდელი სტუმარი - ნიკოლა სარკოზი გახლდათ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ აუცილებლად დასაფასებელია უფროსი თაობის ღვაწლი, ამასთან, დღეს საქართველოში არის ახალგაზრდობა, რომელიც არასოდეს გადაუხვევს აღებული კურსიდან.

"საქართველო დღეს იმდენად მყარად დგას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ ვერც ერთი უცხოელი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ვერც ერთი უცხოური ძალის მარიონეტი, ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, როგორ საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის გზები ერთმანეთს დაშორდა. ამჟამინდელ კურსს საქართველო ევროპაში მიჰყავს, რუსეთის გზას კი - აზიაში.

"ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება, ნიშნავს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამო დასამარებას, ევროპისაგან სამუდამოდ მოწყვეტას და დღეს ვაცხადებ კიდევ უფრო მეტი ძალით და მეტი ენერგიით - ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპის დემოკრატიას", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლისვე თქმით, ვერც ერთი უცხო ქვეყნის მარიონეტი, ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ქვეყნის აცდენას.

"ვეღარასოდეს დაგვაბრუნებენ უიმედობასა და ცინიზმში ფოჩიანი კანფეტების დაპირებით და მუქარებით. ვეღარასოდეს დაგვაჩოქებენ, თუნდაც ყველაზე ძლიერი დამპყრობლის წინაშე, რადგან ჩვენი არჩევანია თავისუფლება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საგულისხმოა ისიც, რომ "ფოჩიანი კანფეტებისა" და "მეხუთე კოლონის" თემა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ გამოსვლის ოფიციალურ ვერსიაში ვერ მოხვდა.

მიხეილ სააკაშვილმა საუბარი ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზით - "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ" - დაასრულა.

სარკოზის გზავნილები

პრეზიდენტმა სარკოზიმ გამოსვლა სწორედ აგვისტოს ომის თემით დაიწყო. მისი თქმით, ომის შემდეგ სამი წელი გავიდა და ის ბედნიერია, რომ თავისუფლების მოედანზე, შეუძლია მიმართოს დამოუკიდებელ ერს და დამოუკიდებელ ხალხს.

"სამი წელი გავიდა თუმცა, ამ დრომ ომის იარები ვერ მოაშუშა. ათობით ათასი თქვენი თანამემამულე იძულებული გახდა, გადაადგილებულიყო შიდა კონფლიქტების შედეგად და შეევსო რიგები იმ ასობით ათასი ადამიანისა, რომლებიც წინა კონფლიქტების შედეგად თავიანთი მიწებიდან და კერებიდან იქნენ გამოდევნილნი. ათასობით ოჯახი გაიყო და მას შემდეგ ვერ ახერხებს შეხვედრას, თვით ერთმანეთის დალაპარაკებასა და მოფერებასაც კი იმის გამო, რომ ერთი და იმავე ერის შიგნით უხილავი კედელია აღმართული", - განაცხადა სარკოზიმ.

მისი თქმით, ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები დარჩა დეფაქტო საზღვრის მეორე მხარეს, თუმცა, ამას საფრანგეთი არ ურიგდება და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერას.

სარკოზი ასევე შეეხო ორი ქვეყნის მეგობრობას და განაცხადა, რომ საფრანგეთი ყველა სხვა ერზე მეტად აცნობიერებს ქვეყნის ძალით დაყოფის შედეგად გამოწვეულ ტკივილს, თუმცა, სარკოზიმ ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული ვითარებისა, საფრანგეთმა და გერმანიამ შეძლეს ურთიერთობის აღდგენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდა, რომ რუსეთთან დიალოგის გზას დაადგეს.

"საქართველოსა და რუსეთს მოვუწოდებ, მტკიცედ დაადგნენ ამავე გზას. მოვითხოვ - ევროპელ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ მოსახლეობის უფლებები დაცულია. კვლავ უნდა დადასტურდეს გადაადგილებულ პირთა უფლება, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და მიწას. თითოეული მხარე აქტიურად და გულწრფელად უნდა იყოს ჩართული ჟენევის დისკუსიებში, რადგან მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შეიძლება უნდობლობის გადალახვა", - განაცხადა სარკოზიმ.

მისი თქმით, საფრანგეთი რუსეთს მიიჩნევს თავის მეგობრად, სტრატეგიულ პარტნიორად და საქართველოსაც მოუწოდებს, რომ რუსეთთან მეგობრობა აღადგინოს.

"პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან გახდეს რუსეთი საქართველოსთვის", - განაცხადა სარკოზიმ და იქვე დასძინა, რომ ასობით ათასი თქვენი ქართველი დღესაც რუსეთში ცხოვრობს და აუცილებელია, რომ დაპირისპირების რიტორიკა შეწყდეს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნდობის აღდგენის მიზნით, თითოეულმა მხარემ უნდა დაუშვას, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა.

"საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება - შევიდეს ნატო-ში" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სარკოზი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდი გზა გაიარა, აღდგენილია გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის დისტრიბუცია, რომ შეკეთდა თქვენი გზები და განვითარდა ინფრასტრუქტურა. მას მხედველობიდან არც გამჭვირვალე პოლიციის შენობები გამორჩენია და არც ქვეყნის რეიტინგი კორუფციასტან ბრძოლის კუთხით.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიდა რეფორმებისა და გახსნილობის სტრატეგია თქვენი საუკეთესო შანსია, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლება დაარწმუნდეს, რომ მათი მომავალი არის ქართველი თანამემამულეების გვერდით, ღია ქვეყანაში, და არა ფსევდო-იზოლირებულ და დამონებულ სახელმწიფოებში. ამ სტრატეგიის გაგრძელება ასევე საქართველოსთვის საუკეთესო საშუალებაა, რათა ევროკავშირი დარწმუნდეს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.

"რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია", - განაცხადა სარკოზიმ.

ის ასევე საქართველოს და საფრანგეთის ერთობლივ წარსულსაც შეეხო, ისაუბრა პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე და ქართველ ჯარისკაცთა მისიაზე, რომელიც ავღანეთში იბრძვიან.

"მე მოვედი, რათა დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც გუშინ, ხვალაც ერთგული მეგობარი იქნება და საქართველოს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს. საფრანგეთი მხოლოდ გუშინდელი მეგობარი არ არის, თქვენ ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ", - განაცხადა სარკოზიმ.

თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ის რაც საზოგადოებამ ნაციონალური არხების ეთერში თარგმანის დროს მოისმინა და ის, რაც შემდეგ პრეზიდენტის ოციფიალურ გვერდზე განთავსდა, განსხვავდება ერთმანეთისგან.

მაგალითად, სარკოზის არ უხსენებია "ბუქარესტის სამიტი", არ უსაუბრია თუ რა შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეს დღეს და რამდენი იყო წლების წინ, ასევე საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე. სარკოზის ყურადღება არ გაუმახვილებია მომავალ არჩევნებზე, იმ ფრანგულ კომპანიებზე, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს დებენ და ა.შ. თუმცა, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე კი ეს ფრაზები მოხვდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ის მოსახლეობასთან ჩავიდა, დაცვის კორიდორის გახსნა მოითხოვა და მათ პირადად მიესალმა. შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, სადაც დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტ სააკაშვილთა მოლაპარაკებები გამართა. როგორც მოგვიანებით სააკაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, სარკოზიმ სააკაშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო გადასცა, ხოლო შემდეგ კი საქართველო დატოვა.

შეფასებები

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარკოზიმ საქართველოს მხარდამჭერი სერიოზული განცხადებები გააკეთა. უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართველი ერის წინაშე მთავარი პარტნიორი წარსდგა.

რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, პოლიტოლოგი რამაზ საყავრელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, ცეცხლში ისე გაიარა, რომ არც საქართველო დატოვა გულდაწყვეტილი და არც რუსეთი მოიმდურა.

"გააჩნია, ვინ რას ელოდა სარკოზის გამოსვლისგან, მე იმასაც არ ველოდი, რა აქცენტებიც გაკეთდა. არ ველოდი, რომ ამხელა აქცენტს გააკეთებდა 2008 წელზე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ არ გაირთულებდა რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ მან ვირტუოზული რიტორიკით რუსეთთან ურთიერთობის გართულების მაგივრად, თავისი განცხადება გადაიყვანა სრულიად სხვა კალაპოტში. თქვა, რომ ორივე ქვეყანა - რუსეთიც და საქართველოც საბჭოთა კავშირის მსხვერპლია და რომ უნდა მათ უნდა აღადგინონ ურთიერთობა, როგორც მეორე მსოფლიო ომის მერე აღადგინეს გერმანიამ და საფრანგეთმა. მის ამ სიტყვას ვერ მოედავება ვერც რუსი და ვერც ქართველი", - განუცხადა "რეზონანსს" რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, სარკოზის გამოსვლაში საქართველოსთვის ბევრი საყურადღებო რამ ითქვა. 

"მან ისაუბრა დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე და აგრესიული რიტორიკის მოხსნაზე. ასევე ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება შიდა პროცესებს, ხაზი გაუსვა დემოკრატიული თუ სხვა კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, სხვათაშორის, ეს ის აქცენტებია, რაც თავის დროზე ჯოზეფ ბაიდენმა გააკეთა პარლამენტში გამოსვილსას.

სარკოზიმ, როგორც ვვარაუდობდით, მწვადიც გადაარჩინა და შამფურიც, მაგრამ ცეცხლში გაიარა", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი ზურაბ აბაშიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლას თავისუფლების მოედანზე, ბრძენი პოლიტიკოსის გააზრებულ სიტყვას უწოდებს. აბაშიძე აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა.

"მათ შორის იყო რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, კონფლიქტები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა სრულიად ადეკვატური და მისასალმებელია. მან ყველა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქცენტი საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზეც გაკეთდა, რაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ექსპერტი ნიკა ჩიტიძე თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლას ქართული მხარისთვის დადებითად აფასებს.

"ჩემი აზრით, ნიკოლა სარკოზის გამოსვლა მეტად მნიშვნელოვანია და მეტად დადებითი გზავნილები გაკეთდა. რაც დაკავშირებულია თუნდაც იმასთან, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ სახელწიფოს, გააჩნია სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი, და გახდეს იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც წევრობაც მას სურს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო არის ევროპა. ასევე პირდაპირი გზავნილი იყო რუსეთის მიმართაც, როდესაც საუაბრი იყო იმაზე, რომ რუსეთი არ ასრულებს 6-პუნქტიან შეთანხმებას. ასევე მან რუსეთის უთხრა ისიც, რომ ის უნდა შეეგუოს საბჭოთა კავშირის დაშლას. მის გამოსვლაში საუბარი იყო გარკვეულ წარმატებებზე, რაც ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში გაკეთდა, თუმცა, დახურული შეხვედრების დროს ის იტყოდა იმასაც, რომ გარკვეული მიმართულებით საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს, თუმცა მიტინგზე და საზოგადოების წინაშე ამაზე არ ისაუბრებდა, რადგან ეს ის ადგილი არ იყო", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა ჩიტიძემ.