„არ ვაპირებ, გავყიდო „მაესტრო“ და „კავკასია“, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილზე“

„არ ვაპირებ, გავყიდო „მაესტრო“ და „კავკასია“, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილზე“

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის „ინტელექტუალური რესურსის სიმწირით“ გაოცებული დარჩა და დარწმუნებულია, რომ მან პოლიტიკური კარიერა უკვე დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, პირადად ის ივანიშვილისგან სერიოზულ პოლიტიკურ დოკუმენტს ელოდა, თუმცა, ამის ნაცვლად საზოგადოებამ „ავადმყოფური ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის ძალიან უნიჭო საგაზეთო სტატია მიიღო, როგორიც ყვითელ პრესაში ყოველდღიურად იბეჭდება“.

ივანიშვილის განცხადებით, წიკლაურს ყველანაირი იმედი გაუცრუვდა, რადგან განცხადება, მისი შეფასებით, მხოლოდ ღიმილის მომგვრელი პასაჟებით იყო სავსე. მისი თქმით, ივანიშვილმა თავისი განცხადებით ჯერ აპოკალიპტური სურათი დახატა ქვეყანაში, შემდეგ კი, მესიანისტური ტონით საზოგადოებას თავი მხსნელად მოუვლინა.

ნუგზარ წიკლაურს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდებოდა ახალი იდეებით, თუმცა, „ივანიშვილმა სრული ფიასკო განიცადა“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ შეფასებას იზიარებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი საზოგადოება.

წიკლაურისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს გულწრფელად სჯერა, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია და რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება – მთელი პოლიტიკური პროცესის და მთელი ქართული საზოგადოების. ასეთი მიდგომა კი წიკლაურს საზოგადოების შეურაცხყოფად მიაჩნია.

„მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ არის ქარვასლა და არავინ არის ამ შეფასების ღირსი“, – განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა უკვე დასრულდა.

„გაოცებული ვარ, ასეთ ინტელექტუალურ სიმწირეს არავინ ელოდა“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს გაეჯიბროს იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის სიყვარული გადახურდავებული აქვს ცალკეულ ვალუტაში.

პავლე კუბლაშვილი: მე ამ განცხადების შეფასება ძალიან გამიჭირდება, განსაკუთრებით მეორე ნაწილზე ვიტყოდი, რომ ასეთი განცხადებები სააგენტოების მეშვეობით არ უნდა ვრცელდებოდეს. ასეთი ტიპის განცხადებები, - ვიყიდი, ვყიდი, ვქირაობ, ვაქირავებ და ა.შ. ქვეყნდება „სიტყვა და საქმეში“ და ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა, რომ მას ეს განცხადება „სიტყვა და საქმეში“, ან მსგავსი ტიპის რომელიმე გაზეთში გამოექვეყნებინა, საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით და, თუკი ვინმე ამით დაინტერესდებოდა, გამოეხმაურებოდა.

თავად განცხადებას თუ დააკვირდებით, მთელ ტექსტში საუბარია იმაზე, თუ როდის სად რა იყიდა ან როდის რას იყიდის, როგორ დააგროვებს და ა.შ. ამ ადამიანმა ისიც თქვა, რომ ქართული მედია არის უვარგისი, ქართული საზოგადოება არის უვარგისი, ვერ ვითარდებიან და ახლა მე მაქვს ფული და მოვდივარ იმისთვის, რომ გადავარჩინო ქართული საზოგადოება, ქართული მედია, ქართული პოლიტიკა და სრულიად საქართველო. ასეთი განცხადებები როდესაც კეთდება, ეს რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს, ამაზე თქვენ თვითონ იმსჯელეთ.

ამის მერე იმასაც ამობობს, რომ სამი წლის შემდეგ, როდესაც ის ყველაფერს გააკეთებს და მისი ყველა მისია იქნება შესრულებული, ერთ ლარად დაუბრუნებს ტელეკომპანიის მფლობელს, ვისგანაც იყიდის და წავა. ეს კი უკვე ამ ადამიანის პიროვნებაზე მეტყველებს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვაჭრობით უნდა დაკავდეს, ამისთვის პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდეს. ამისთვის არსებობს ბირჟები, ქარვასლები, ბაზრები და, ალბათ, მისი ადგილი იქ უფროა.

ამ განცხადებაში არის იმაზე საუბარი, თუ ამ სამი წლის განმავლობაში რის გაკეთებას აპირებს.  

- არ ვიცი, ეს რამდენად არის ჩამოყალიბებული. ერთი ვიცი, ის ამბობს, რომ მას შეუძლია ყველაფერი, რადგან აქვს ფული. ეს არის მთელი განცხადების შინაარსი.

პოლიტიკისთვის ფული არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი?

- მე წავიკითხე ერთ-ერთი ექსპერტის, მე მგონი, ზურაბ აბაშიძის შეფასება, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა გაამდიდრებს ქართულ პოლიტიკას და, თუკი პირდაპირი მნიშვნელობით ვსაუბრობთ გამდიდრებაზე, ეს შეიძლება, ასეც იყოს. მაგრამ, თუ გამდიდრებაზე ვსაუბრობთ, როგორც ღირსების შემატებაზე, ფასეულობების შემატებაზე ქართული პოლიტიკისთვის, ასეთი რამ ნამდვილად არ მოხდება. ფინანსურად, რა თქმა უნდა, გამდიდრდება.

არსებული სოციალური პირობების გათვალისწინებით, რამდენად სერიოზულ კონკურენტად მიგაჩნიათ?

- ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ფულში გავეჯიბროთ და ამის ილუზია არც არავის არა აქვს, რომ ჩვენ ივანიშვილს ფულით ვაჯობებთ. რაც შეეხება ფასეულობებს და ღირებულებებს, ქვეყნისადმი ერთგულებას, მე ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან ბევრს გავეჯიბრებით და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ქვეყნის სიყვარული ცალკეულ ვალუტაში აქვს გადახურდავებული და მეტი არაფერი.

ვიდრე იგი ამ განცხადებას გააკეთდებდა, თქვენ ელოდებოდით, რომ იგი პოლიტიკაში მოსვლას დააპირებდა?

- არ ვიცი. მე ამის შესახებ ადრე არაფერი მსმენია და, ბუნებრივია, ამაზე არც მიფიქრია.  ძალიან რთულია, ასეთი რამ ივარაუდო, რომ ადამიანს, რომელიც ოცი წელია, საქართველოში არავის არ უნახავს და აქამდე არც საზღვარგარეთ გაუკეთებია რაიმე განცხადება, უცბად გაუჩნდება პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. რაღაც მინიმალური ნიშნები მაინც უნდა არსებობდეს, რომ ეს ივარაუდო, ან ხალხს ხვდებოდეს, ან სადმე ჩნდებოდეს. ბოლოსდაბოლოს, მისი მხოლოდ ორი სურათი არსებოს და ეს არის და ეს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უბრალოდ არ ხდება. ამ ადამიანს საზოგადოებასთან კონტაქტი არ შეუძლია და ეს მისმა განვლილმა ცხოვრებამ დაადასტურა. 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ გაუჩნდა მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, შეიძლება, რომ ეს რუსეთის ინტერესს უკავშირდებოდეს?

- ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

დღევანდელი გადასახედიდან რითი შეიძლება ამის ახსნა?

- არ ვიცი და რა ვქნა. ვერაფერს ვერ ვფიქრობ.

ტელევიზიების ყიდვის სურვილი ხომ მის სერიოზულ გეგმებზე მიუთითებს?

- რაც შეეხება ტელევიზიებს, მან თქვა, რომ „მაესტრო“ და „კავკასია“ სრულად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ და მე მინდა, დავადასტურო, რომ არ ვაპირებ, გავყიდო „მაესტრო“ და „კავკასია“, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილზე და არც იმ სამმაგ ფასში, როგორც მან თქვა. ხომ ჩვენია, არაფერსაც არ მივყიდით.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების კონტროლირებადმა ტელეკომპანია იმედმა აქტიურად დაიწყო ივანიშვილის შვილის გაპიარება, გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი ხელისუფლების დახმარებით, რაიმე ფორმით, მოვიდოდა პოლიტიკაში. . .

- არ ვიცი, შეთქმულებების თეორიების არ მჯერა. ამ თემის ირგვლივ ბევრი რამის მოგონება შეიძლება, მაგრამ ამ ვითარებაში მე პირადად ეს გამიჭირდება. თუმცა, ამის ოსტატიც ბევრია და მოიფიქრებს რამეს, თუ ვის სად შეეკრა და ა.შ.

ოპოზიციასთან რატომ ვერ მონახა საერთო?

- მე არ მგონია, რომ ვერ მონახა. ახლო მომავალში, ალბათ, ასევე „სიტყვა და საქმეში“ დაიბეჭდება განცხადება: „ვეძებ პოლიტიკურად გამოცდილ სუბიექტს, გადავუხდი თვეში ამდენს და ამდენს და მისი მოვალეობა იქნება, გამოვიდეს ტელევიზიით და ჩემს მაგივრად დაენახოს ხალხს“. ახლა მე უკვე ამას ველოდები და, ალბათ, ამასაც გააკეთებს.

დღევანდელი ოპოზიციიდან სავარაუდოდ ვინ შეიძლება გახდეს მისი პარტნიორი?

- ვინც უკეთ შეძლებს ვაჭრობას. ამის ვის უკეთესი უნარი აქვს, ეს უკვე აღარ ვიცი და ეს თქვენ შეაფასეთ. თუმცა, ვაჭრობა რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ბოლოსდაბოლოს ამ ადამიანმა სხვა არაფერი იცის.