სარკოზი - თავისუფლების მოედანზე, ვარდის ეკლები - ფილარმონიასთან

სარკოზი - თავისუფლების მოედანზე, ვარდის ეკლები - ფილარმონიასთან

სარკოზის ვიზიტის პარალელურად, ფილარმონიასთან შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და კოკრებგაცლილი ვარდის ეკლიანი ღეროები მიიტანეს, რაც სიმბოლურად ვარდების რევოლუციით მოლოდინის გაწბილებას დაუკავშირეს.

ეკლიანი ღეროები მათ ფილარმონიის კიბეებზე, შეძახილით, „დააბიჯე დიქტატორს“  დაყარეს და იქვე წარადგინეს ცნობილი ფოტო „მიშა გორში“ და „მიშისტანის ავტორიტარულ ტოტალური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ ამსახველი პლაკატი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ლენინის სურათები გვერდიგვერდ იყო წარმოდგენილი.

ამასთან, აქციის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წევრები ინგლისურენოვანი წარწერებიანი პლაკატებით გამოსულიყვნენ, სადაც ეწერა Misha = War, We want Peace! (მიშა = ომს, ჩვენ გვსურს მშვიდობა!); Misha = Back to USSR (მიშა_ უკან, საბჭოთა კავშირისკენ!); Freedom to Polit Prisoners! (თავისუფლება პოლიტპატიმრებს) და სხვა.

„ქართული აკადემიის“ წევრმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ სპეციალური მიმართვა წაიკითხა, რომელიც საფრანგეთის ელჩის მეშვეობით საქართველოში ჩამოსულ ნიკოლა სარკოზის გადასცეს.      

მიმართვის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიესალმებიან ნიკოლა სარკოზის ვიზიტს საქართველოში, რაც დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მხარდაჭერად მიაჩნიათ.

ამასთან, განცხადების ავტორები იმედოვნებენ, რომ სარკოზის ვიზიტი არ გადაიქცევა იმ პრეზიდენტისა და ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერად, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა, დაამკვიდრა განუკითხაობა, სიცოცხლის ხელყოფა, წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა დევნა-დაპატიმრება, კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, წაართვა ხალხს სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი ბიზნესგარემო, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივა.

სამოქალაქო საზოგადოება მიმართავს ნიკოლა სარკოზის, რომ არ ავიწყდებათ მისი მხარდაჭერა ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენს ხელთ არსებული რესურსებით დაეხმარებით ქართველ ხალხს დემოკრატიისათვის ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - ნათქვამია მიმართვაში. ამასთან, მიმართვის ტექსტზე ხელმოწერების ნაწილი თავის დროზე უკვე შეგროვდა, ხელმოწერების ნაწილი კი აქციის მსვლელობისას დაემატა.

პრესაგე.ტვ დაინტერესდა, რატომ ამჯობინეს აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი პროტესტის ფილარმონიასთან დაფიქსირება და - არა თავისუფლების მოედანზე სარკოზის დასახვედრად გასვლა, რისკენაც სახელისუფლო ტელევიზიები მათ დაჟინებით მოუწოდებდნენ. 

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ვარდის გარეშე მხოლოდ ეკლიანი ღეროებით ხელში შევნიშნეთ და ამ სიმბოლური ჟესტის ახსნა ვთხოვეთ.

„სიმბოლურად, შევეცადეთ ვარდების რევოლუციის შედეგები გვეჩვენებინა. რევოლუციის მერე ვარდები გაქრა და დაგვრჩა ეს ეკლები... დღევანდელი აქციით ჩვენს ღრმა პატივისცემას ვუცხადებთ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2008 წლის ომის დროს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების კიდევ უფრო მეტი ნაწილი არ დავკარგეთ, ამაში სარკოზის დიდი ღვაწლი მიუძღვის, და არა მარტო სარკოზის, ევროპასა და ამერიკას ერთობლივად. ასევე, გვსურს იცოდეს პრეზიდენტმა სარკოზიმაც და ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ის პრობლემები, რაც ამ ხელისუფლებამ რევოლუციის შემდეგ შექმნა: პოლიტპატიმრების გაჩენა, სამართლიანი სასამართლოს, თავისუფალი სიტყვის წართმევა, ბიზნესის ხელყოფა.“

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პირადად იგი პროტესტის დასაფიქსირებლად გამოვიდა ფილარმონიის წინ გამართულ აქციაზე.

„მიკვირს მეორე „აქცია“ რატომ იმართება თავისუფლების მოედანზე?! სარკოზის  ვიზიტს „გადასარევს“ ვუწოდებდი. უკაცრავად, მაგრამ, ეს ის სარკოზი ხომ არ არის, ერთი წლის წინ „მისტრალი“ რომ მიჰყიდა რუსებს და საქართველოში ერთი ამბავი ატყდა ამასთან დაკავშირებით?! თუ ეს სხვა სარკოზია? შეიძლება მეშლება,“ - გვითხრა გუბაზ სანიკიძემ.

მანვე თავისუფლების მოედანზე მიყვანილ ხალხს „შოლტით მირეკილები უწოდა.“

„ჩემო კარგო, თავისუფლების მოედნისკენ შოლტებით მიერეკებიან ხალხს. ეს დიქტატურის ბოლო სტადიაა. სარკოზის, იმ უბედურს, თავისი გასჭირვებია, არჩევნები წააგო იქ და წინ აქვს კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები,“ - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.   

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენელი შოთა გლურჯიძე აღნიშნავს, რომ „7 ოქტომბერს ქართველმა ერმა „დიდი დღესასწაული“ – „სურბსარკოზობა“ იზეიმა.

„ტრადიციულ სურბსარკოზობის დღესასწაულზე ჩამოსულნი არიან ჩვენი მეგობარი კინტოები საფრანგეთიდან, რომლებსაც ადგილობრივი კინტოები „ლენინის  მოედანზე“ ეგებებიან. კარგია, რომ თავისუფლების მოედნისკენ ჩვენი აქციის მონაწილეთა მსვლელობა არ გაიმართა, რადგან გამორიცხული არ იყო პროვოკაცია. მე მგონი, სარკოზიმ ისედაც იცის ის რეალობა, რაც საქართველოშია. მეორე საკითხია, პოლიტიკურად მისთვის რამდენად მომგებიანია, სიმართლე თქვას“.

გლურჯიძის თქმით, საქართველოში სარკოზი რეგიონალური ვოიაჟის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც  ძალიან მნიშვნელოვან ამბებს ეხება, თურქეთისა და ისრაელის დაპირისპირებას.

„კავკასიაში მნიშვნელოვანი გზავნილია ჩამოტანილი. ალბათ, სარკოზიმ ევროკავშირიდან იკისრა ფუნქცია, რომ კავკასიაში სიწყნარე იყოს. ეს მიშას მხარდამჭერი ვიზიტი არ ყოფილა, თუმცა სააკაშვილი ამას სათავისოდ გამოიყენებს. ამის მიუხედავად, სააკაშვილის საკითხი უკვე გადაწყდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ სულ სხვა ჰაერია საქართველოში,“ - გვითხრა შოთა გლურჯიძემ. 

„ქართული აკადემიის“ წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე სარკოზის დასახვედრად კარნავალი, ტაში-ტუში მიმდინარეობს, რაც ბედნიერი ერის ილუზიის შექმნას ემსახურება.

„სარკოზის შესახვედრად მისულებს მკაცრი ჟანდარმერია ამოწმებს. აკონტროლებენ, მივიდნენ თუ არა სიაში შეყვანილი ადამიანები, რომელთა მისვლაც საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან კატეგორიულად მოითხოვეს. ასეთი წნეხის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები“.

ქანთარიას თქმით, ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანების გამოსვლა უფრო დისიდენტურ გამოსვლას ჰგავდა და ხალხმრავლობაზე არ ყოფილა გათვლილი. მათი მიზანი სწორედ საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებას ითვალისწინებდა.  

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების თანადგომას, ქანთარია აცხადებს, რომ აქციაზე საკმაოდ არიან წარმოდგენილნი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან. მათ შორის, „ბიტლებივით“ დაშლილი „ექვსიანის“ წარმომადგენლებიც შენიშნა.    

„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი შალვა ობგაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში „წმინდა სარკოზის“ დღესასწაული აღინიშნა.

„როგორც ნაციონალები ამბობენ, თევზით ხსნილია ეს დღე. ხუმრობის გარეშე კი, მივესალმებოდი, რომ სარკოზის ჩამოსვლა საქართველოში არსებული უსამართლობისა და განუკითხაობის დასრულების საქმეს წაადგეს, მაგრამ სარკოზი ჩამოსულია არა საქართველოში, არამედ კავკასიაში, კავკასიური ტურნეს ფორმატში“.

ამასთან, ობგაიძე მიიჩნევს, რომ სარკოზის ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიისა და პიარის შემადგენელი ნაწილია, რაშიც, თავისთავად, ურიგო არაფერია.

„დიდი მადლობა, რუსის ტანკები რომ არ შემოვიდნენ აქამდე, მაგრამ ვინ ვინ, და სარკოზიმ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები, დემოკრატიის ინდექსი პლინტუსზე დაბლაა. გამიხარდებოდა, თუკი სარკოზი მისასალმებელი სიტყვების გარდა, ამაზეც ისაუბრებდა, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრთან. რა თქმა უნდა, ტრიბუნიდან ამას ვერ იტყვის, ეს იქნებოდა სილის გაწვნის ტოლფასი სააკაშვილისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, დიპლომატიის ხელოვნებას სერიოზული ხარკის გადახდა სჭირდება“.        

„ეროვნულ ძალთა გაერთიანების“ წევრის, ალექსანდრე შალამბერიძის აზრით, თავისუფლების მოედანზე ხელოვნურად მოწყობილ აქციაში ადამიანები რაიონებიდან  და სამსახურებიდან მანქანებით იძულებით მიიყვანეს.

„მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, იქ მისულიყვნენ. იმ ადამიანებმაც ხომ ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყანაში. ფილარმონიასთან კი თავისუფალი ადამიანები შეიკრიბნენ, თუმცა სამწუხაროა, რომ იმ რაოდენობით არ არიან. ამას თავისი ახსნა აქვს: მრავალრიცხოვანი აქციების შემდეგ, რომელიც შედეგით არ დასრულდა, საზოგადოებაში ნიჰილიზმმა დაისადგურა. ამიტომ, ვფიქრობ, ადამიანების გამხნევება და სერიოზიულ აქციებში ამ პროცესის ნელ-ნელა გადაზრდაა საჭირო, სერიოზული ლოზუნგებით და არა - „გადადექი, გადადექის“ ძახილით“.

შალამბერიძის თქმით, სარკოზი სომხეთში ვიზიტად ჩავიდა, თუმცა პიარ-კამპანიისთვის სააკაშვილი იმდენ ფულს იხდის, რომ მას ჩაწყობილი ჰქონდა სარკოზის თბილისში ჩამოყვანა.

ექსპერტ დავით ზარდიაშვილა არ უკვირს მოქალაქეების ინტერესი, რომ  საქართველოში ჩამოსული სარკოზი პირადად იხილონ. თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ რეალური პრობლემები დაინახოს და არა -გართობა-სანახაობა.

„ბუნებრივია,  ხალხის ინტერესიცაა, მივიდნენ და ნახონ სარკოზი. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ინტენსიურად იმუშავა და, თუ უნდა მისულიყო ერთი კაცი, მივიდა ასი კაცი. ფილარმონიასთან კი ის ხალხია შეკრებილი, რომელთაც მართლა რაღაც აწუხებთ. თუმცა მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. არადა, აქეთ უფრო მეტი ადამიანი უნდა იდგეს, უფრო მეტს უნდა აწუხებდეს რეალური პრობლემები და სანახაობა - ნაკლებად“.

საზოგადოებაში დასადგურებულ ნიჰილიზმს დავით ზარდიაშვილი მიზეზთა მთელ რიგ წყებას უკავშირებს.

„პროტესტის გამოსახატად არ გამოდიან ადამიანები. ალბათ, ამას იწვევს ცოტა შიშიც, ცოტა დაბნეულობაც და უფრო მეტად, დეზორიენტირება, რაც ამ პოლიტიკურ ვითარებაში შეიქმნა. აქ არ ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განაცხადის შემდგომ პერიოდს. მანამდე საზოგადოება დეზორიენტირებული იყო, რადგან თითქოს არ ჩანდა ალტერნატივა. ასეთ სიტუაციაში კი ხელისუფლებას უადვილდებოდა როგორც არსებობა, ისე ხალხის მობილიზება. ნებისმიერი სატყუარა, რასაც ხალხს გადმოუგდებ, მიღებული იქნება. ივანიშვილის განაცხადი კი ბევრ რამეს არსებითად ცვლის“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი.      

ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ ხელმძღვანელი აველინა დავითულიანი გვიცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია არ არის, რასაც ისინი არ შეგუებიან.

„26 მაისს დემოკრატიულ ქვეყანაში „7 ნოემბერი“ დატრიალდებოდა?! ჩვენ არ შევეგუებით ასეთ მდგომარეობას, სადაც ადამიანის სიცოცხლეც ხელყოფილია. ადამიანებს აქვთ უფლება, მიესალმონ სარკოზის, მაგრამ ეს არ არის მიშას გამარჯვების ზეიმი, მიშამ ტერიტორიის 20% დაკარგა, რისთვისაც ნორმალურ სახელმწიფოში პასუხს აგებინებდნენ“.