ქართული ოცნება თუ ლანდებთან ლაციცი

ქართული ოცნება თუ ლანდებთან ლაციცი

დაპირებისამებრ, 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ასეთი არჩევანი საშუალება იქნება ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღებად.

„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის ალბათობას. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისუფალს ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებებისგან, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა. დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ მე აღარ მქონდა არჩევანი. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ოპოზიციის ფინანსური დახმარებით არ იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პროცესების კორექტული მართვა და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღება,“ - ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არცთუ ია-ვარდით მოფენილ ქართულ პოლიტიკაში აღმოჩნდა.

ბიზნესმენის თქმით, იგი აცნობიერებს იმასაც, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება დასჭირდება, რათა საქართველოს საზოგადოებას საკუთარი გულწრფელობა დაუმტკიცოს. ამიტომაც, საზოგადოების დაეჭვების თავიდან ასაცილებლად (რადგან მისი კაპიტალის მესამედი რუსეთშია) ივანიშვილმა კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადადგა, უარი განაცხადა ორმაგ მოქალაქეობაზე და აღნიშნა, რომ, უახლოეს დღეებში რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტებს ჩააბარებს. ამასთან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას მოახდენს.

მართალია, ხელისუფლებას სურდა, წარმოეჩინა, რომ დღეს თბილისობა კი არა, სარკოზობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, 7 ოქტომბერს გავრცელებულმა ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებამ ყველა სხვა თემა დაჩრდილა და, როგორც ხელისუფლებას, ისე ივანიშვილის მიერ ნახსენებ „ფსევდოოპოზიციონრებს“ მორიგი თავის ტკივილი გაუჩინა.

აქამდე საქართველოში პოლიტიკა ფულის კეთებასთან ასოცირდებოდა, ალბათ ბევრი განიხილავდა ივანიშვილს ფულის წყაროდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიზნესმენი აღარ აპირებს ოპოზიციისთვის მოწყალების გაღებას. ახლა საინტერესოა, ვინ შეეცდება ივანიშვილის პარტიაში გადაბარგებას. სავარაუდოდ, ამის მსურველები ნაციონალებსაც ეყოლებათ.

„ძალადობა“ და „სიცრუე“, - ასეთი დიაგნოზი დაუსვა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმს. ბიზნესმენის შეფასებით, ამ ტოტალურ სიცრუეში ფსევდოოპოზიციაც ჩართულა და სიცრუით დაღდასმულ გარემოში პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი უჭირს ჭეშმარიტების პოვნა.    

ქართველი ბიზნესმენი ვრცლად აანალიზებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და აცხადებს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი მიუტევებელი შეცდომა იქნა დაშვებული, რაც ტოტალური რეჟიმის ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენას ემსახურებოდა: გაიოლდა დაჭერები, მომიტინგეების უმოწყალოდ ცემა-ტყეპა, ბიზნესის დაწიოკება, სოფლის მეურნეობის იგნორირება, სიღარიბემდე მისული მოსახლეობა კი დათრგუნული და დაშინებულია. ივანიშვილის აზრით, ყველა ტელევიზიას, მათ შორის „მაესტროსა“ და „კავკასიას“ სააკაშვილი აკონტროლებს და მოსახლეობისგან ორთქლის გამოშვებას ემსახურება.     

ივანიშვილი არ მალავს, რომ სწორედ 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დახმარება გაეწია ოპოზიციური ძალებისთვის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას აწარმოებდა, თუ ვის და როდის დახმარებოდა, მაგრამ დარწმუნდა, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება.

ბიზნესმენი 2-3 წლის მანძილზე აპირებს, პირადად გაუწიოს კოორდინაცია პოლიტიკურ პროცესებს, რის შემდეგაც პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ პრტესაგე.ტვ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრება.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვის დაიყენებს ბიძინა ივანიშვილი თავის გვერდით და ვის მიიჩნევს ფსევდოოპოზიციად.

„აშკარაა, კრიტიკულადაა განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. თუმცა მისი მხრიდან შეცდომა იყო „მაესტროსა“ და „კავკასიის“ გაკრიტიკება, შემდეგ კი ამ ტელევიზიებისთვის შეთავაზება, მათი შეძენის თაობაზე“.

„მაესტროსა“ და „კავკასიის“ კონტექსტის გამოკლებით, დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების დანარჩენი ტექსტი სერიოზულად აღსაქმელი იყო. ამასთან, იგი თვლის, რომ ბიზნესმენს, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალა ექნება და სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებს.

„ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის სერიოზული ალტერნატივა გახდეს. კარგ შემთხვევაში, გაიმარჯვოს, ხოლო, თუ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდა საქმე, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილის პრემიერმინისტრობა გამორიცხული იქნება,“ - გვითხრა დავით ზურაბიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებას უაღრესად სერიოზულად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ერთადერთი, რაც ექსპერტს საკამათოდ ეჩვენება, ტელევიზიებთან დაკავშირებით გამოთქმული მისი მოსაზრებაა.

„ბევრმა ეს ბუკვალურად და პირდაპირ გაიგო. მე კი ასეთნაირად არ გამიგია. ეს ირიბად ნათქვამია. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ეს ტელევიზიები მართულია. უბრალოდ, საუბარია, რომ ჩვენში მედიათავისუფლება დაშვებულია, რომლის სათავისოდ გამოყენებასა და დემოკრატიული ფასადის ჩვენებასაც ცდილობს  ხელისუფლება.“

გია ხუხაშვილი ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის განცხადების ძირითად პათოსს. მიაჩნია, რომ ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ალტერნატიული პოლუსის შექმნის თაობაზე გააკეთა განაცხადი. ამასთან, ბიზნესმენს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ ეს პოლუსი ნამდვილად შექმნას, რაც გია ხუხაშვილს ქართული პოლიტიკის ჭაობიდან ამოსვლის საწინდრად მიაჩნია.

„სიტუაცია ცოცხლდება, რაც იმედისმომცემია. სახელმწიფოებრივადაც მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ბალანსი. შეიძლება, ძალიან უცნაურ რამეს გეუბნებით, მაგრამ ეს ხელისუფლების ინტერესშიცაა. ის ავტორიტარული მეთოდი, ერთპარტიული სისტემა თავად ხელისუფლებას უქმნის რევოლუციური განვითარების (ანუ მკაცრი განვითარების) სერიოზულ საფრთხეს. მეორე პოლიტიკური პოლუსის შექმნა კი მათთვის ერთგვარი შანსია, რამაც შეიძლება ეს ხელისუფლება გადაარჩინოს. შესაძლოა, ისინი წავიდნენ ხელისუფლებიდან, მაგრამ ფიზიკური გადარჩენის შანსი მაინც დარჩებათ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ასეთნაირად არ ფიქრობს, მაგრამ მე მათზე, როგორც ადამიანებზე, მეტად ვზრუნავ,“ - უცხადებს ექსპერტი პრესაგე.ტვ-ს. 

გია ხუხაშვილის თქმით, დღევანდელ საქართველოში არავისთვის გასაკვირი არაა ფსევდოოპოზიციის არსებობა. „ალბათ მათში იგულისხმა ის პარტიები, რომლებიც საეჭვო კონსტრუქციულ თამაშს თამაშობენ და ინტეგრირებულნი არიან ხელისუფლებასთან. ისინი თანხმდებიან არა რეალურ სისტემურ ცვლილებას, არამედ პარლამენტში მიღებულ ხუთ ან ათ ადგილს, ანუ ე.წ. დემოკრატიული ფასადის ნაწილად გახდომას. ეს ის ფსევდოოპოზიციაა, ვინც ხელს აწერს ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებას, რითაც უქმდება რეფერენდუმის შედეგი

და პარლამენტის წევრთა რიცხოვნება იზრდება. ამდენად, ძნელია მათ, ფსეცვდოოპოზიცია არ უწოდო.“

 ექსპერტი ვერ აკონკრეტებს, დაიყენებს თუ არა ივანიშვილი გვერდით გაჩეჩილაძესა და გუნცაძეს ან სხვა პოლიტიკოსებს, რადგან ივანიშვილს პირადად არ იცნობს და მისი მხოლოდ სურათი აქვს ნანახი.

„ვფიქრობ, მის ხელში დროებით დაკარგული ტერიტორიების აღდგენა შესაძლებელია. საამისო გზები არსებობს, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ამ გზით ივლის თუ არა ივანიშვილი. კონკრეტულ ტექნოლოგიებზე ივანიშვილს არ უსაუბრია. სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია. პოლიტიკა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ძნელია, ადამიანმა, თუ იგი ქვეყნის მოქალაქედ მიიჩნევს თავს, ოქროს გალიაში იცხოვროს და ამ დროს ხედავდეს, ირგვლივ გამეფებულ გაჭირვებას. ივანიშვილს სურს, იგრძნოს, რომ ის ცოცხალია, კარგის კეთების რესურსი აქვს, რაც ადამიანურად ძალიან გასაგებია. ადამიანურად ეს გასაგები იყო ბადრის შემთხვევაშიც, თუმცა ის ცოტა სხვა ტიპის ადამიანი გახლდათ. ივანიშვილის შემთხვევაში კი, ეს კიდევ უფრო გასაგებია, რადგან მან ძალიან დიდხანს მოთმინებით უყურა ყველაფერ ამას და ადამიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“ - განმარტავს გია ხუხაშვილი.   

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფაქტია, კიდევ ერთი რადიკალური პოლიტიკური ლიდერი მოგვევლინა ივანიშვილის სახით. თუმცა „მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმმა თავისი არსებობა უნდა ამოწუროს.

„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი მწვავე რადიკალური ფრთა აირჩია. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ვუსურვებ წარმატებას. ერთადერთი, არ მომეწონა  ტელევიზიებთან ურთიერთობის ის ფორმა, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ მიმართ შეთავაზება, რომელიც ცოტა შანტაჟის ფორმას იღებს - თუ არ მომყიდით, ე.ი. გაყიდულები ხართო. მე მგონი, ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო“.

დავით გამყრელიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სწორად შეაფასა ის ხარვეზები, რაც შექმნილია სასამართლო სისტემაში, ერთპიროვნული მმართველობა. თუმცა ასეთი შეფასებები გამყრელიძეს სიახლედ არ ეჩვენება, რადგან ამას ოპოზიცია დიდი ხნის მანძილზე ამზეურებდა.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივას, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მარტო ამის სიტყვიერი გაცხადება საკმარისი არ არის.

„ცოტა ზოგადი განცხადება მომეჩვენა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ალბათ, თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ დროებით დაკარგული ჩვენი ტერიტორიები ეხსენებინა. ეს ყველა მოქალაქის და არა მარტო, პოლიტიკოსის ოცნება და სურვილია“.

ამასთან, დავით გამყრელიძეს უჭირს იმის განმარტება, რამდენად რეალურია ივანიშვილის განაცხადი სამი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.

„ეს მისი გადასაწყვეტია. სხვა პოლიტიკური ძალების თუ ახალი ძალების შეფასებისას ზედმეტი კომენტარისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. ვერ გეტყვით, ვინ იგულისხმა ფსევდოოპოზიციაში და ვის დაიყენებს გვერდით. ძნელია, ბატონი ბიძინას პროგნოზირება. „ახალი მემარჯვენეები“ არ ვაპირებთ არავის გვერდზე დადგომას, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. ვაპირებთ დამოუკიდებელ მონაწილეობას არჩევნებში, ყველა დანარჩენს კი ვუსურვებ წარმატებას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში“.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სააკაშვილის მიმართ ივანიშვილის განცხადება თითქოს კრიტიკულია, მაგრამ ბიზნესმენის მიერ ტელევიზიების გაკრიტიკებამ ზაქარეიშვილს გაუძლიერა ეჭვი, რომ შესაძლოა, ივანიშვილი სააკაშვილის თამაშს თამაშობდეს.

„აღმოჩნდა, რომ მას სურს იმ ტელევიზიების დისკრედიტაცია განახორციელოს, რომლებიც მეტ-ნაკლებად განსხვავებულ აზრს სთავაზობენ საზოგადოებას. ტელევიზიების წინააღმდეგ მისი გალაშქრება, მე მგონი, ისაა, რაც სააკაშვილს სჭირდება. თუ სააკაშვილს ყელში რამე აქვს გაჩხერილი, ეს სწორედ „კავკასია“ და „მაესტროა.“ ვფიქრობ, ივანიშვილის გამოჩენა სააკაშვილის ინტერესშია, რათა დაქსაქსოს ისედაც დაქსაქსული ოპოზიციური ფრთა და საზოგადოებას არჩევანის საშუალება არ მისცეს. ბუნებრივია, ივანიშვილთან წავა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება და ამით სხვა ოპოზიციური პარტიები შესუსტდებიან.“

ამასთან, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა გვერდით დაიყენოს ის ადამიანები, ვინც ვერსად მოახერხა გაერთიანება.

„ექვსიანი დაიშალა. საქართველოში საინტერესო პოლიტიკური სპექტრი დარჩა. შესაძლოა, ამ მოვლენას დავარქვათ საქართველო - წელიწადი ნული. ანუ ყველაფერი ხელახლა იწყება. 26 მაისის შემდეგ ყველა დამარცხებულია, მათ შორის, ხელისუფლებაც, არავინაა წარმატებული. ამ ფონზე კი ჩნდება ივანიშვილი, რაც, თავისთავად, საინტერესო მოვლენაა“.

ასეთი შეფასების მიუხედავად, პაატა ზაქარეიშვილს ტრაგედიად მაინც არ მიაჩნია ივანიშვილის გამოჩენა. ფიქრობს, რომ შესაძლოა, მის გარშემო გაერთიანდნენ ის ძალები, რომლებიც ოდესღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში იყვნენ, როცა გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო კანდიდატად გვევლინებოდა.

„ვერ გეტყვით, ვინ იგულისხმა ივანიშვილმა ფსევდოოპოზიციაში. მეც ყურში მომხვდა ეს განცხადება. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას, არა მგონია, ივანიშვილს საამისო რესურსები გააჩნდეს. არანაირი კონტაქტი მათთან არ აქვს, არც აფხაზები, არც ოსები მას არ იცნობენ და ეჭვი მეპარება, მას ენდონ,“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.     

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საკმაოდ მწვავეა და მისმა ავტორმა ძალიან კარგად იცის ქართული რეალობა.

„ყველა საჭირბოროტო საკითხი განხილულია. ასახულია ყველა უბედურება, რაც ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილმა თავს დაატეხა ქართულ საზოგადოებას. ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულება, რომელსაც არ შეიძლება, ადამიანი არ დაეთანხმოს: ქვეყნის მომავალი კონსტიტუციური მოწყობა, ავტოკრატიული მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება მართავს საზოგადოებას“.

გია ცაგარეიშვილს მნიშვნელოვნად ეჩვენება ივანიშვილის მიერ ოპოზიციური სპექტრის შეფასება და მედიაში შექმნილი უმწვავესი პრიბლემები.

„პირადად მე არავის შეხსენება არ მჭირდება იმის გასარკვევად, ვინ არის ქვეყანაში ფსევდოოპოზიცია. ყოველთვის ღიად ვამბობდი, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით შექმნილია უამრავი წვრილი თუ საშუალო სიმწვავისა და ზომის პარტია, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებასთანაა შესისხლხორცებული და მათგან საზრდოობს. შესაძლოა, უშუალოდ სააკაშვილის ჯიბიდან არ საზრდოობდე, მაგრამ მისი იდეებით საზრდოობდე. ასეთები არიან საპარლამენტო უმცირესობაშიც, არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ვერ გეტყვით, ვის დაიყენებს გვერდით ივანიშვილი. ეს ჩემი გასარჩევი თემა არ არის, მაგრამ რეალურად იგი შეეხო იმ პრობლემებს, რაც ყველას გვაწუხებს და, რომლის გამოც პირადად მე 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ვიდექი.“

ცაგარეიშვილს უჭირს იმის განმარტება, რა მოხდება სამი წლის შემდეგ და ისურვებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში კვლავაც დარჩენას.

„არა მარტო ბატონი ივანიშვილი, არამედ საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი, თუ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკაში შესვლას აპირებს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და თავისი ადგილი მიუჩინოს. თუ უნდა, რომ ისიც ფსევდოოპოზიციად არ მოიხსენიონ. ამ განცხადებაშიც ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული, ახლა მთავარია მოქმედებები. დავაკვირდეთ, რას იზამს ივანიშვილი, როგორი შინაარსის პარტიას შექმნის, ვინ იქნებიან პარტიის სახეები, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მასთან ერთად ვინ ჩაუდგება პარტიას სათავეში, რა პროგრამა ექნება“.

ცაგარეიშვილს უჭირს იმაზე საუბარი, გადაბარგდებიან თუ არა ნაციონალები ივანიშვილის პარტიაში. „სხვათაშორის, ჟურნალისტების გასაგონად გახმიანდა, მიატოვეთ მართული ტელეარხები და ჩემთან მობრძანდითო. მივესალმები ასეთ მოწოდებას. „მაესტროსა“ და „კავკასიის“ შესახებ კი მას თავისი შეხედულება აქვს, ასეთი შეხედულების გამოთქმის უფლებას არავინ უკრძალავს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იგივე თქვას საქართველოში.“