”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ

”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებაც გაავრცელა განცხადება, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.

3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროს"  და "კავკასიის"  დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).

თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება”,-ნათქვამია განცხადებაში.