რუსიკო მაჩაიძე "რეზონანსი"
პარლამენტის გადაწყვეტილებით, პროკურატურას უფლება მიეცემა, საბანკო ანგარიშები შეამოწმოს საბანკო ოპერაციების შესრულებამდე. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე ჩარიცხული ფულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მანამდე უნდა მიეწოდოს, ვიდრე ამის შესახებ თავად ანგარიშის მფლობელი გაიგებს.
დაახლოებით ასეთია იმ ცვლილების შინაარსი, რომელიც პარლამენტში მომზადდა.
საბანკო ანგარიშების მონიტორინგთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის და მოქმედ კოდექსს მთლიანად ახალი მუხლი ემატება.
კანონპროექტის მიხედვით, "თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ."
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, პროკურორს იმავე ღონისძიებების განხორციელების უფლება ექნება ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნითაც.
აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურას ოპერაციის შესრულებისთანავე უნდა ეცნობოს. ასევე, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში, ინფორმაცია პროკურატურას, ასევე ოპერაციის შესრულებამდე უნდა მიეწოდოს.
ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ ზვიად კუკავამ ისიც არ იცოდა, რომ ამ კანონპროექტის ავტორი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებს თავი ისე მოგვაჩვენა, რომ საკუთარი ავტორობის შესახებ არაფერი იცოდა.
კახა ანჯაფარიძე კი ამ გადაწყვეტილებას ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას უკავშირებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც ნათქვამია, რომ "კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა".
მაგრამ კონკრეტულად ეს ცვლილება რამდენად არის თანხვედრაში განმარტებით ბარათში დასახელებულ მიზანთან, კახა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას იქნება მსჯელობა.
მაგრამ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საარჩევნოდ არის მიღებული და შიშობენ, რომ ამას ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
"ისედაც ყველა ანგარიში კონტროლდება. დაახლოებით 5 ათას ლარს მიახლოებული თანხა ისედაც ექვემდებარება მონიტორინგს და ნებისმიერმა ბანკმა თუ ნოტარიუსმა, თუ ის 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებას გააფორმებს, უნდა აცნობოს შესაბამის ორგანოებს და, როგორც ჩანს, ესეც არ არის საკმარისი ბატონი ადეიშვილისთვის და ახლა პირდაპირ პროკურატურას ექნება უფლება, რომ მონიტორინგი დააწესოს ანგარიშზე და თანაც ისე, რომ ამას ანგარიშის მფლობელი ვერ გაიგებს.
"ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მონიტორინგის განყოფილებას ბანკმა თანხის გატანამდე, ან გადარიცხვამდე უნდა აცნობოს. ეროვნული ბანკი კონტროლს ისედაც ახორციელებს, მაგრამ ეს ხდება პოსტფაქტუმ, ადეიშვილს კი ამის გაკონტროლება უნდა მანამდე, ვიდრე თანხას გაიტან. ამას კი ტოტალური კონტროლის გარდა სხვა რა შეიძლება ეწოდოს?" - კითხულობს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, არ შეიძლება კონტროლი და სასჯელი დააწესო ჯერ არჩადენილი დანაშაულისთვის და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამას ნიშნავს.
"ამ მიმართულებით ყოველწლიურად მკაცრდება სანქციები და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, ვითომდა "ქურდულ სამყაროზე" კონტროლისთვის. ამის საფარქვეშ კი ყველა საბანკო ანგარიშის კონტროლი ხორციელდებოდა, რომელიც კი 5 ათას ლარს უახლოვდება.
"ცხადია, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ე.წ. "კანონიერი ქურდები" საბანკო ანგარიშებით არ რიცხავენ ფულს, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება მხოლოდ ერთი მიზეზით - რომ პოლიტიკური ოპონენტების ყველანაირი საბანკო აქტიურობა იყოს გაკონტროლებული.
"მათი სავარაუდო სპონსორების და მათი პარტიის წევრების საბანკო ანგარიშები უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. ეს მხოლოდ ამისთვის კეთდება და მეტი არაფრისთვის. მე, უბრალოდ, სხვა მიზანს ვერ ვხედავ და გაითვალისწინეთ ამ ცვლილების მიღება როდის ხდება - ფაქტობრივად საარჩევნო წლის დასაწყისში," - ვარაუდობს ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა პარტიისთვის თანხების გადარიცხვებს ისედაც უმკაცრესად არეგულირებს და ახლა ხელისუფლებას სურს, რომ აკონტროლოს რიგითი წევრების ანგარიშებიც იმის შიშით, რომ მათი მეშვეობით არ მოხდეს პარტიისთვის ფულის გადარიცხვა.
"ეს ყველაფერი კი როგორ იქნება კონკრეტული პარტიების საწინააღმდეგოდ გამოყენებული, ადვილი მისახვედრია და ამას ყველა ძალიან მალე დავინახავთ. ეს არის ტოტალური კონტროლი და მეტი არაფერი," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
1055
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85