ქართველები მადლიერებასა და იმედგაცრუებას შორის მერყეობენ; სარკოზის ახალი „გაყინული კონფლიქტისთვის“ თავის არიდება სურს; საფრანგეთის პრეზიდენტი სომხეთს და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
ხუთშაბათს და პარასკევს ნიკოლა სარკოზი კვლავ კავკასიურ ქვაბში აღმოჩნდება, როდესაც ერევანს ბაქოს და თბილისს ეწვევა. კავკასიური ტურნე სამი წლის შემდეგ შედგება მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომში შუამავლის როლი ითამაშა.
არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე სარკოზი კვლავ მშვიდობისმყოფელის სამოსს მოირგებს იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთმა წამყვანი როლი ითამაშა ლიბიაში, მუამარ გადაფის რეჟიმის დამხობაში და ახლო აღმოსავლეთში დიალოგის განახლების წინადადებით გამოვიდა.
ქართველი დიპლომატები ამტკიცებენ, რომ პარასკევს საქართველოს დედაქალაქში სარკოზის, როგორც გმირს ისე დახვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (69,7 ათასი კვ.კმ-ის მოცულობის და 4,4 მილიონი მცხოვრებლით, რომელთაგან 90%-ზე მეტი ქრისიტიანია) აშკარად იმედგაცრუებულია.
რუსეთი არათუ დაბრუნდა იმ პოზიციებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო 2008 წლის აგვისტოში დაწყებულ ომამდე ეკავა, არამედ ცალმხრივ რეჟიმში ამ ქართული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა და თითქმის გააორმაგა იქ საკუთარი სამხედროების რიცხვი, იუწყება ევროპული წყარო.
2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის მიერ შედგენილი სამშვიდობო გეგმის ინტერპრეტაცია, რომლის მიზანიც ოსეთში ქართულ შეტევაზე რუსეთის პასუხის აღკვეთა იყო, მოსკოვსა და თბილისში სხვადასხვაგვარად ხდება.
საქართველო აღშფოთებული იყო ასევე რუსეთისთვის ოთხი ფრანგული ვერტმფრენმზიდის „მისტრალის“ მიყიდვის ფაქტზე.
„რა თქმა უნდა, წყენა არსებობდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ სჯობს საფრანგეთმა რუსეთთან იმეგობროს, რომ ვიღაც მაინც შუამავალი იყოს“ – აღნიშნავს ქართველი დიპლომატი, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ხელმძღვანელები არ აპირებენ საფრანგეთის პრეზიდენტისთვის „უსაიამოვნო რაღაცეების“ შეხსენებას, რადგან „მან გააკეთა ის, რაც შეეძლო“.
საზღვრისპირა რეგიონებში არეულობა გრძელდება, ჟენევის მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალზე ჩიხში მოექცა, რუსეთის და საქართველოს პოლიტიკოსები განაგძობენ ერთმანეთის შეურაცხყოფას და მორიგების გზებს არ განიხილავენ.
გაყინული კონფლიქტი
„აუცილებელია დიალოგის აღდგენა მეტი დამაჯერებლობით“, – ამბობენ ელისეს სასახლეში. „სწორედ ამ გზავნილს ჩაუტანს ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც გააკეთა ეს რუსეთის ლიდერების შემთხვევაში“.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არ ღირს სტატუს-ქვოს მხარდაჭერა და ამით კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის შექმნა“, – დასძენს იგივე წყარო. „სინამდვილეში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რისკი არსებობს“.
ქართველი დიპლომატის თქმით, თბილისს უნდა, რომ სარკოზიმ „მკაფიოდ და მტკიცედ“ განაცხადოს, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებას, და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ის, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მართალია, ქართველებს უარის თქმა მოუწიათ ნატოსა და ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ იმედებზე, თუმცა ისინი მისგან მხარდაჭერას მაინც ელიან. ნიკოლა სარკოზი საქართველოს „ევროპულ ორიენტაციას გაითვალისწინებს“, ამტკიცებენ ელისეს სასახლეში.
თბილისამდე ის 24 საათიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა სომხეთს (ერთ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ რაც სომხეთის ლიდერი სერჟ სარქისიანი პარიზს სტუმრობდა) და ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ისადილებს.
ერევანში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის ტერიტორიაც 29 000 კვ.კმ-ია , ხოლო მოსახლეობა 3,2 მილიონ ადამიანს შეადგენს (მათგან 94% ორთოდოქსი ქრისიტიანია) სარკოზის დელეგაციაში იქნებიან საფრანგეთის სომხური დიასპორის ორი ცნობილი წარმომადგენელი: მომღერალი შარლ აზნავური და ყოფილი მინისტრი პატრიკ დევეჯიანი.
ეს ერთგვარი ჟესტია იმ 500 000 ფრანგი სომეხის მიმართ, რომლებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ სენატის უარით კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც მიმართული იყო 1915 წელს თურქების მხრიდან სომხების მიმართ ჩადენილი გენოციდის უარყოფის წინააღმდეგ.
რუსეთის და საქართველოს შემთხვევის მსგავსად, სარკოზი შეეცდება მყიფე დიპლომატიური წონასწორობის დაცვას და თურქეთის წყენისთვის თავის არიდებას, თურქეთის, რომლის გავლენაც ევროპის საზღვრებთან სულ უფრო იზრდება. მიუხედავად ამისა, ხუთშაბათს ის ერევნის გენოციდის მუზეუმს მაინც მოინახულებს.
კონტრაქტები
ამ რეგიონში მოგზაურობა არ შეიძლება აზერბაიჯანში შევლის გარეშე. საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა. ეს ჯგუფი მთიანი ყარაბახის კონფლიქტში (აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ნაკლავი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომხები არიან) შაუამავალია.
ელისეს სასახლესი ამბობენ, რომ „მან მტკიცედ მიმართა სომხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და კომპრომისის ძიებაში გახსნილობისკენ მოუწოდა“.
ქვეყანაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის მიუხედავად, ნახშირწყალბადით მდიდარი აზერბაიჯანი ეკონომიკური ზრდის ჩინურ ტემპებს ავლენს და ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით ყოფილი სსრკ-ს ამ სამი რესპუბლიკიდან, რომელსაც საფრანგეთის ლიდერი ეწვევა, უმნიშვნელოვანესია.
ირანთან მოსაზღვრე ამ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიაც 86 600 კვ.კმ, ხოლო მოსახლეობის რიცხვი 8,4 მილიონი (აქედან 94% მუსულმანია) რუსეთის რადარია განთავსებული. მოსკოვი ევროპაში ნატოს ანტისარაკეტო სისტემის პროექტში ამ რადარის ჩართვის წინადადებით გამოდის.
საფრანგეთის ნავთობკომპანია Total ყოველდღიურად 13 000 ბარელ ნავთობის ექვივალენტს მოიპოვებს შაჰ-დენიზის გაზის საბადოზე, ხოლო 9 სექტემბერს განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ბაქოს სამხრეთ-აღმოსავლეთით გაზის მნიშვნელოვანი მარაგები აღმოაჩინა.
პრეზიდენტის ვიზიტი „სერიოზული სტიმული გახდება მთელი რიგი მოლაპარაკებებისთვის და შესაძლოა, მას პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების დადასტურება“ მოჰყვეს, – აცხადებენ ელისეს სასახლეში.
foreignpress.ge
762
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85