მოგზაურობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის საპოვნელად

მოგზაურობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის საპოვნელად

[თეონა ხარაბაძე]

ბიუჯეტი პარლამენტში შემოვიდა, - ეს ინფორმაცია ორშაბათის ბიუროს სხდომზე გაჟღერდა. წესით, უნდა შემოსულიყო კიდეც, რადგან კონსტიტუცია მთავრობას ავალდებულებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტში 1 ოქტომბრამდე შეიტანოს.

კონსტიტუციის თანახმად, „მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა“.

პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის თანახმადაც,“მთავრობამ პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა წარუდგინოს“.

რეგლამენტში ასევე გაწერილია ვალდებულება, რომ შეტანილი ბიუჯეტის პროექტის განხილვისთვის გრაფიკი შეტანიდან ორი დღის ვადაში უნდა შედგეს და დამტკიცდეს.

მაგრამ, როგორც ჩანს, გრაფიკი არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თავი ბიუროს სხდომაზევე დაიზღვია (თუ მთავრობა დააზღვია) და განაცხადა, რომ პროექტის საკომიტეტო განხილვების ნაცვლად გაიმართება ერთობლივი კონსულტაციები მთავრობასთან და ისე შეთანხმდება პროექტიო.

მართალია, ზურაბ მელიქიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არისო, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტში კანონმდებლობის განხილვის რეგლამენტით დამტკიცებული წესი არსებობს და ეს წესი მთავრობასთან ერთობლივი კონსულტაციების გამართვას არ ითვალისწინებს.

მაგრამ მეორე პრობლემა ის არის, რომ თავად პროექტში რა წერია და რაზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები, არავინ იცის. ერთად-ერთი, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მოვალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 323 მილიონით გაიზრდება და დაახლოებით 7,5 მილიარდი გახდება. თუმცა, ესეც მხოლოდ მელიქიშვილის ზეპირი განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.

თანხა ბიუჯეტის პროექტში როგორ არის გადანაწილებული ამის გასარკვევად პროექტი მოვიკითხეთ.

ძებნის პირველი დღე, ორშაბათი, 3 ოქტომბერი, დაახლოებით დღის 4 საათი, ძებნა ხორციელდება ბიუროს სხდომის შემდეგ: პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლამის გამოგვყარა, ახლა მიდის ასლების გადაღება, რა დროს პროექტიაო.

ასლების გადაღება მიმდინარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში პროექტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

იგივე დღე, დაახლოებით საღამოს 6 საათი: რა დროს პროექტია, ამხელა პროექტს გადაღება არ უნდა? - ასეთი პასუხი მივიღეთ საორგანიზაციო დეპარტამენტში.

საღამოს შვიდის ნახევარზე პარლამენტის აპარატისთვის მუშაობა სრულდება. იძულებულნი ვართ, ძებნა მეორე დღისთვის გადავდოთ.

ძებნის მეორე დღე, სამშაბათი, დილის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე: საორგანიზაციო დეპარტამენტი პროექტზე უარს გვეუბნება იმ არგუმენტით, რომ ქსეროქსის აპარატი გაფუჭებულა და პროექტის გადამრავლება ვერ მოხერხდა.

ამ ნათქვამის რამდენიმე საათის განმავლობაში გვჯერა, მაგრამ შემდეგ ვამოწმებთ, მუშაობს თუ არა ქსეროქსის აპარატი და საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ეს განყოფილება დაუბრკოლებლად მუშაობს. თანაც ისე, რომ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივის გადასაღებადაც კი მოუცლიათ. ჩვენი შესვლისას სწორედ ბაღათურიას სქელტანიან ინიციატივას ამრავლებდნენ. აქ ვიკითხეთ, ბიუჯეტის გადაღება დაამთავრეს თუ არა და გვიპასუხეს, რომ არც დაუწყიათ.

განვაგრძობთ ძებნას. შევდივართ საორგანიზაციო დეპარტამენტის განყოფილებაში და ბიუჯეტის პროექტი არც აქ უნახავს ვინმეს.

„ჩვენთვის ჯერ არაფერი გადმოუგზავნიათ, საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხეთ“, - გვეუბნებიან ამ განყოფილების თანამშრომლები.

ცხადია, საორგანიზაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელთან მივდივართ და ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გვგზავნის.

პროექტს ახლა უკვე მეხუთე სართულზე ვეძებთ, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია განლაგებული. ეს პროექტი არც კომიტეტში უნახავს ვინმეს და გვირჩევენ, საბიუჯეტო ოფისს მივმართოთ. საბიუჯეტო ოფისი კი კომიტეტის აპარატის უფროსთან გვამისამართებს, შეიძლება მან იცოდეს, სად შეიძლება იყოს პროექტიო.

კომიტეტის აპარატის უფროსს კი ჩვენი მისვლის მიზეზი უკვირს, პროექტს ჩემთან რა უნდა, საორგანიზაციო დეპარტამენტში იკითხეთ, იქ უნდა შესულიყო, კომიტეტში ჯერ არაფერი მოსულაო.

ცხადია, საორგანიზაციო დეპარტამენტში აღარ ჩავდივართ, რადგან გამოცდილებით ვიცით, რომ წრეზე სიარულს აზრი არა აქვს.

ამის შემდეგ დახმარებისთვის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს გია ცაგარეიშვილს მივმართეთ და აღმოჩნდა, რომ ისიც იმ წრეზე გაუგზავნიათ, რაზეც ჟურნალისტები მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში დავდიოდით.

სწორედ ამიტომ, გია ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ პარლამენტში პროექტი საერთოდ არ არის შეტანილი. მისი თქმით, ეტყობა, ბიუჯეტის პროექტმა „ფეხი აიდგა და წავიდა“.

„იმის შემდეგ, რაც თქვენ მომმართეთ, მეც დავინტერესდი და უკვე მეორე დღეა, ვეძებ ამ პროექტს. ეტყობა, ბიუჯეტის პროექტმა ფეხი აიდგა და წავიდა და ახლა არის ძებნა გამოცხადებული. აქ არ მოიპოვება, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით პირველ ოქტომბრამდე უნდა შემოვიდეს. ბიუროზე ბატონმა წერეთელმა, რომელიც ბიუროს სხდომას თავმჯდომარეობდა, აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი შემოსული იყო და მას კვერი დაუკრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიეტის თავმჯდომარემ და ისიც კი თქვეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 323 მილიონით გაიზარდაო.

„როგორც კი ბიუროს სხდომა დასრულდა, მოვედი საორგანიზაციო დეპარტამენტში და აქ მითხრეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იკითხეთო. კომიტეტში რომ ვიკითხე, მითხრეს, ჩვენ არ გვაქვსო. მერე ვითხოვე, რომ თუ ქაღალდზე დაბეჭდილი ვარიანტი არ ჰქონდათ, იქნებ ჩემთვის ელექტრონული ვერსია მოეწოდებინათ. მაგრამ ესეც არავის მოეპოვება. ამიტომ ვეკითხები ბატონ ნიკა გილაურს და ბატონ გია ხუროშვილს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ვეკითხები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სად არის ბიუჯეტის პროექტი? ხომ არ დაარღვიეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი? მე ვარ პარლამნეტის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე და ეს პროექტი ჩემთვის არის ხელმიუწვდომელი და ვიღას უნდა ჰქონდეს? ამიტომაც ვამბობს, რომ ეს არის თაღლითობა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

სწორედ ამიტომ იგი ვარაუდობს, რომ „პროექტი საორგანიზაციო დეპარტამენტში მიიტანეს, დაანახეს იქ თანამშრომლებს და როგორც კი დაარეგისტრირეს, უკან წაიღეს ჩასასწორებლად“.

მისივე თქმით, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და ამაზე პასუხი მთავრობამ უნდა აგოს.

„ახალ ზელანდიაში კი არ უნდა დადიოდე მავრებთან საცეკვაოდ, არამედ მუშაობდე ბიუჯეტზე და საერთოდ, შენი მოვალეობების შესრულებაზე, მაგრამ გიალაურს და მის ფინანსთა მინისტრს ამისთვის არ სცხელათ. ამაზე კი პასუხი უნდა აგოს პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც ხელი დააფარა მთარობას“, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ იგი მთავრობის პასუხისმგებლობას აუცილებლად დააყენებს.